დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის კინოფესტივალის მთავარ სექციაში დასახელდა

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ სექციაში ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ დასახელდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ სელექციაში პირველად მოხვდა.

კანის კინოფესტივალზე კულუმბეგაშვილის ფილმი მესამედ მოხვდა. პირველად, 2014 წელს ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ წარმოადგინეს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში. შემდეგ, 2016 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“ აჩვენეს სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული“.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით შეცვლილია კონოფესტივალის ფორმატიც – წელს არცერთი სექცია არ იქნება საკონკურსო, ხოლო ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები წარმოდგენილი იქნება ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კინოფესტივალზე აჩვენებენ ფილმს „დასაწყისი“.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

ცნობისთვის, „დასაწყისი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს.