თინა ცხადაძის გრაფიკული სერია „ქართული მუქი“, იგივე „Georgian Dark“

თინა ცხადაძის პერგამენტზე შესრულებული  გრაფიკული სერია ქართველი ქალების აბსტრაქტულ ისტორიას ირონიულ-გოთიკურ სტილში გადმოგვცემს. ყოველი ნამუშევარი საკუთარ სათქმელს ატარებს. როგორც თავად მხატვარი ამბობს – მისი ელეგანტური და ცოტა პირქუში ნამუშევრები ბევრს გულისხმობენ და ამავე დროს, არაფერს ამტკიცებენ. ხელოვანს აინტერესებს ქართული ხასიათის მძიმე და დაფარული მხარეების კვლევა, რაც მის სერიაზე შავ-თეთრ ფერებში აისახა.  თინა ცხადაძემ ჟურნალ „თორმეტთან“ ისაუბრა პროექტ „ქართული მუქის“ დეტალებზე.

როგორ დაიწყო პროექტი „ქართული მუქი“?

ჩემი ბოლოდროინდელი პროექტი, გრაფიკული სერია ,,ქართული მუქი,, (Georgian Dark)  დაივიწყე  2017-ში.  წინ ცოტა რთული პერიოდი უძღოდა.  მოხდა რაღაცეების  გადააზრება ჩემში,  კვლევა.   ეს ყველაფერი შემდეგ განზოგადდა  და ასეთ მხატვრულ ფორმად გარდაიქმნა.

თქვენს ნამუშევრებზე გამოსახული ქალების ზოგი ტიპაჟი პირობითია, ზოგი კონკრეტული, როგორ იბადება თქვენს წარმოსახვაში პერსონაჟი?

ეს ტიპაჟები ყველა  ქალს  ასახავს,  ვინც  ჩემს გარშემოა:  ბებია,  დედა,  მეგობრები,  შემთხვევითი გამვლელი და ა.შ.  ყველა, ვისაც  ვხედავ  ან ვინც თუნდაც ბუნდოვნად ჩამრჩენია  მეხსიერებაში.  ჩემთვის  საინტერესო იერსახეები  მრავალგვარია და აერთიანებთ  ერთი საერთო თვისება: შინაარსიანობა და  სიმკაცრე.  შთაგონება  ამ ტიპაჟების ერთობლიობიდან და  აბსტრაგირებიდან  ჩნდება და  შემდეგ უფრო არქეტიპული ხდება  ჩემ წარმოსახვაში.

არის თქვენს პროექტში ისეთი ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის ყველაზე გამორჩეულია?

ვერ  გამოვყოფ  ვერცერთს,  ყველა ნამუშევარი თავისთავად მნიშვნელოვანია  თავისი ძიება/კეთების   პროცესით, შედეგით,  ამ   სერიაში თავისი  ადგილით  და  ა.შ.   შეიძლება  ავღნიშნო,  რომ  ზოგი მათგანი  არის  საკვანძო, ანუ  რაღაც ახალი გარდამავალი ელემენტების შემცველი. მთლიანობაში კი  ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია  ჩემთვის.  თან უკვე ჩემგან დამოუკიდებლად არსებობენ.

თქვენს ნამუშევრებში თანამედროვე სტილი ერწყმის ტრადიციულს, როგორ ახერხებთ ამ ორი სტილის გამოსახვას?

ამ კითხვაზე   მინდა გიპასუხოთ  არაჩვეულებრივი  მხატვრის,  ლევან ჭოღოშვილის  სიტყვებით.  უდიდეს პატივს  ვცემ  მას.   ერთხელ, როცა ჩემს ნამუშევრებზე  მესაუბრებოდა,  ლევანმა  მითხრა  ძალიან ზუსტი რამ:  ტრადიციულს  რაღაც ისეთი  შესძინე, რაც ადრე არ ქონდაო, რაღაც ახალიო.  ეს  იმდენად კარგად ასახავს ჩემი ძიების არსს  მთლიანობაში, რომ ვერაფერს დავამატებ… ძალიან მადლიერი ვარ მისი.

ბოლოს წარმოდგენილ ნამუშევრებში, თქვენს პალიტრას წითელი ფერიც დაემატა, როგორი სიმბოლური დატვირთვა აქვს შავ-თეთრ ნახატზე კონტრასტული ფერის შემოტანას?

დიახ,  სწორად შენიშნეთ.  ბოლო  დროს უკვე  მქონდა  მზაობა, რომ  დამატებითი  ელემენტები შემეტანა  სერიის  შინაარსში,  ვუტრიალებდი  ამ  იდეას,  ბევრს ვფიქრობდი.   ეტყობა კორონავირუსის  სიტუაციამ მომცა  საბოლოო  ბიძგი, ასე  მგონია, ერთგვარი ინერციასავით  იყო.  უცებ, ერთი ხელის მოსმით  გადავწყვიტე  შეჭრილიყო ცოტა აგრესიული  მხატვრული ფორმა – წითელი ფერი.  თუმცა  ეს  წითელიც  „დარქია“.

აპირებთ შემდგომში „ქართულ მუქს“ სხვა ფერებიც შემატოთ?

აი ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით.  მუშაობის პროცესი  მიჩვენებს  ალბათ.  ყოველ  შემთხვევაში,  მიუხედავად  სერიის  მკაცრი კონცეპტუალური ესთეტიკისა, ჩარჩოებში  ჩაკეტვას არ  ვგულისხმობ.

რისი თქმა გსურთ საზოგადოებისთვის თქვენი ნამუშევრებით?

თავიდან ნამდვილად  არ მიფიქრია, რომ საზოგადოებისთვის  რამე  მეთქვა  ჩემი ნამუშევრებით. ეს  უბრალოდ  ჩემი მუშაობის შედეგია,  თავისი  წინაპირობებით, თანამდევი გარემოებებით,  განცდებით,  ინტუიტიური  წიაღსვლებით.  საბოლოოდ ჩემთვის  ყველაფერი  კონცენტრირდა  ერთ  მძლავრ იმპულსად და გარდაიქმნა ამგვარ მხატვრულ გამომსახველობაში.  ანუ სათქმელი თავისით ჩამოყალიბდა.  გეტყვით, რომ  ეს  გარკვეულწილად პროტესტია.   ქართველი ქალის ხასიათის კვლევაა.   ჩრდილოვან მხარეს მოარული ქალებია, ვინც  დაბრკოლებების  მიუხედავად   მიდიან მზისკენ და  იცავენ  სიცოცხლეს, სიყვარულს,  სამყაროს. მკაცრი, მაგრამ ელეგანტური და დიდბუნოვანი ქალები.  აქვთ  თავიანთი  სევდა, მელანქოლია.  მათი უზარმაზარი შეგუბებული ენერგია  კი გადადის  მისტიკურ მაგნეტიზმში.  მცველი ქალები  არიან,   ნათელი „დარქები“.  შესაბამისად,  კონცეფციამ განმისაზღვრა გამომსახველობითი ესთეტიკა, საერთო პლასტიკა. სერია შავ-თეთრია, ლაკონიური, ცოტა პროვოკაციულიც.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრადიციული და თანამედროვე სტილისტიკის  სინთეზი, და განსაკუთრებით მხატვრული  ესთეტიურობა.  ბევრი რამით ვითამაშე წარმოსახვაში:  მედეა, ჯადოქრობა, „დედაკაცობა“ და მასკულინური ფუნქციები, დახვეწილი ქართული არისტოკრატია, გლამურულობა,  ქედმაღლობა, პირქუშობა და ა.შ… ვფიქრობ, მთლიანობაში  გამოვიდა კონცეპტუალური ქართული ვინტაჟიც, გოთიკაც, მაგიური რეალიზმიც, მოდერნიც, დიზაინიც,  კინოც,  ცეკვაც, ისტორიაც … მათი საუკეთესო  გამოვლინებების  ერთობლიობა, სინთეზი,  კრისტალიზება.  ნამდვილად სასიამოვნოა, რომ საზოგადოების დაინტერესება  და  მოწონება  დაიმსახურა  ჩემმა  ნამუშევრებმა.  ბევრი  ქალბატონი მეუბნება, რომ  ჩემი „დარქო“ გოგოები  მათ ძალიან ეხმარებიან.  ეს კი  ყველაზე  მეტად მიხარია.