დათო ქორიძე ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ძირითადად დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე მუშაობს. მის ფოტოებში კარგად აისახება ყოველდღიური ცხოვრების დეტალები, რომელსაც იგი არა მხოლოდ პროფესიონალური კამერით, არამედ მობილური ტელეფონითაც აფიქსირებს. დათო ქორიძემ ჟურნალ „თორმეტთან“ ისაუბრა მისი კარიერის დასაწყისზე, ფოტოების აურასა და სამყაროს თავისებურ აღქმაზე.
როგორ და როდის მიხვდით, რომ თქვენი ცხოვრება ფოტოგრაფიასთან უნდა დაგეკავშირებინათ?
ზოგადად, ფოტოგრაფიული მახსოვრობა მაქვს პატარაობიდანვე, ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული ან უბრალო მომენტები კადრებად მახსოვს. 3-4 წლის ვიყავი, წაღვერში ვისვენებდით ნათესავთან და იქ იყო ფოტოგრაფი ხაჩიკა, ვინც მაგ პერიოდშია ჩასული მანდ, არ არსებობს ხაჩიკას ერთი ფოტო მაინც არ ჰქონდეს მისთვის გადაღებული. მახსოვს, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა ფოტოს გადასაღებად ავდიოდით პარკში, სადაც მჟავე წყლები ჩამოდის – იქ ვიღებდით ოჯახურ ფოტოებს.
ვერ გეტყვით, რომ ისეთ ოჯახში გავიზარდე სადაც სულ ხელოვნებაზე მიდიოდა საუბარი, სალონური შეკრებები იყო და ა.შ. პირიქით, 90-იან წლებს უკავშირდება ჩემი ბავშვობა და არამარტო მე, არამედ მოსახლეობის 95% იბრძოდა საკუთარი თავისა და ოჯახების გადასარჩენად და არ ეცალათ ხელოვნებისთვის, გამონაკლისი არც ჩემი ოჯახი იყო.
15-16 წლის ვიყავი, 2000-ინი წლების დასაწყისი იყო, მეგობარს მამამ აჩუქა ციფრული ფოტოკამერა და მაშინ პირველად მოვსინჯე ციფრული ფოტოკამერა. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო იმის წარმოდგენა, რომ გადაღებისთანავე ხედავ რაც გადაიღე, შეგიძლია კომპიუტერში შეინახო და გქონდეს. ამის შემდეგ სულ ვინტერესდებოდი ფოტოგრაფიით, როგორც გამოხატვის ფორმით.
ფოტოგრაფია სუბიექტურია, ის ერთგვარი კომუნიკაციაა ადამიანებთან, მის უკან ფოტოგრაფები ვდგავართ. ჩვენთვის ფოტოგრაფია გამოხატვის ფორმაა, რომლითაც ვცდილობთ ადამიანებს ვაჩვენოთ ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. პატარა როდესაც ვიყავი და ყველამ შემაქო, უდიდესი მოტივაცია მომეცა. სულ სხვისი ფოტოკამერით ვიღებდი, ხან ვის ვთხოვდი, ხან ვის, მერე რამდენიმე საიტზე დავრეგისტრირდი და ამანაც სტიმული მომცა. პირველად ფოტოგრაფი ვუწოდე ჩემს თავს დაახლოებით 2013-2015 წლებში, როდესაც უკვე საბოლოოდ მივხვდი რომელ ჟანრში ვგრძნობდი კომფორტულად თავს.
თქვენი აზრით რა სძენს ფოტოს ღირებულებას?
ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია. ჯერ ერთი, ნებისმიერი ფოტო რომ ავიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალის გადაღებულია თუ არა, მაინც თავისთავად უნიკალური იქნება, რადგან, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ერთნაირ კადრს ვერ დავიჭერთ. მაგალითად, რაიმე შენობა შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში იდგეს , მაგრამ იცვლებიან ფოტოგრაფები რომლებიც კამერის უკან დგანან და მათი ხედვა შენობის მიმართ იცვლება, მათი ემოციები იცვლება.
ფოტო უნიკალურია მაშინ, როდესაც კადრს შეხედავ და იცი, რომ მეტი ვერავინ გადაიღებს ანალოგიურ ფოტოს. ნებისმიერი ფოტოდან, არ აქვს მნიშვნელობა დოკუმენტური სერიაა, თუ ოჯახური ფოტო, ვგრძნობ აურას. ფოტოდან განწყობა მოდის, რომელიც იმ გამოსახულების მიღმაა. ერთი შეხედვით, შეიძლება არ ჩანდეს და ფოტოს ავტორიც ვერ ხედავდეს ამ აურას, რომელიც ფოტოს განსაკუთრებულობას სძენს, სწორედ ეს აურა უნდა ვეძებოთ ნებისმიერ ფოტოში. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ძველ ფოტოებში, როდესაც საოჯახო ალბომებს ვათვალიერებთ. უცნაურია, მაგრამ ქაღალდისთვის დამახასიათებელი ძველი სუნის ნაცვლად ფოტოზე ასახული განწყობის სუნს ვგრძნობ. ფოტოს უნიკალურობას სწორედ ეს სძენს – იგივე მომენტი აღარ განმეორდება და ბანალურად რომ ვთქვათ, შეჩერებული კადრია და მისი უნიკალურობა იმ აურაშია, რომელსაც შეიძლება ფოტოგრაფიც ვერ ხედავდეს, მაგრამ მაყურებელმა შეიძლება აღმოაჩინოს მოულოდნელად.
თქვენ მუშაობთ მობილურ ფოტოგრაფიაზეც, რითი გიზიდავთ ფოტოგრაფიის სწორედ ეს მიმართულება და თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში დამოკიდებულება მობილური ფოტოგრაფების მიმართ?
2013-2014 წლიდან დაახლოებით 2019 წლამდე ძირითადად მობილურით გადაღებულ ფოტოებს ვდებდი ჩემს ინსტაგრამ გვერდზე. დღეს მობილური ფოტოგრაფია უკვე დიდ თუ ლოკალურ ფოტოკონკურსებზე ცალკე ჟანრად განიხილება. მართალი გითხრათ, მე მას ცალკე ჟანრად ვერ განვიხილავ.
თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან მობილური ვერასოდეს შეცვლის ფოტოკამერას, ვინაიდან ფოტოკამერას თავისი დანიშნულება აქვს და ცალკე ცოდნა სჭირდება. მობილურთან ასეთი ღრმა ცოდნა არაა საჭირო, ჩამონტაჟებული კამერა ავტომატურად აკეთებს ნახევარს. არ აქვს მნიშვნელობა რითი გადაიღებ, მთავარია ჩანდეს ის უნიკალურობა, რაზეც ვისაუბრე. თანამედროვე სამყაროში, სადაც სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია იმის დრო აღარ გვრჩება, რომ დიდი ხანი ვიფიქროთ დოკუმენტური ფოტოს გადაღებაზე, მაგალითად აქციებზე წამის მეასედში უნდა გადაწყვეტო, გადააგზავნო, გამოაქვეყნონ და თანაც, უნდა იყო პირველი. ამ პირველობის გამოწვევას მობილური ფოტოგრაფია ყველაზე კარგად პასუხობს.
დოკუმენტურ ჟანრში ვმუშაობ და ჩემთვის მნიშვნელოვანია გადაღების პროცესში ვიყო შეუმჩნეველი. როდესაც დიდლინზიან კამერას მოიმარჯვებ, ყველა შენ გარშემო იცვლის პოზას – კამერის წინ ყველას უნდა ლამაზი გამოჩნდეს და ცდილობენ არაბუნებრივები იყვნენ. ხოლო მობილურით გადაღებისას ამას ვერ ხვდებიან და ეს ყველაზე დიდი კომფორტია ჩემთვის – კადრის გადაღებისას ვიყო შეუმჩნეველი. მობილურმა ადვილი გახადა ადამიანისა და ფოტოგრაფიის, როგორც სახელოვნებო ჟანრის ურთიერთობა, ადრე უფრო დიდ და ღრმა ცოდნასთან ასოცირდებოდა ფოტოგრაფია – უნდა გცოდნოდა, როგორ მიგეღო საჭირო.
თუმცა შეიძლება ითქვას ისიც, რომ მობილურმა ოდნავ გამაზარმაცა. ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე გამომწერებს ვაცნობე, რომ ფოტოკამერას უნდა დავუბრუნდე და ახლა კამერით გადაღებულ ფოტოებსაც ვდებ – ფოტოების გასაზიარებლად ინსტაგრამი იდეალური პლატფორმაა.
თქვენს ფოტოებს შორის არის ისეთი, რომელიც თქვენთვის ყველაზე გამორჩეულია?
არის პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სამყაროს აღვიქვამდი განსაკუთრებულად, რაც ჩემს ფოტოებზეც აისახა. ყველაზე მეტად მიყვარს 2015 წელს გადაღებული ინდოეთის სერია, რომლის დიდი ნაწილი დაახლოებით 2 კვირის წინ წამეშალა დრაივერიდან. მეუბნებიან, რომ შესაძლებელია დაბრუნება, თუმცა არ ვიცი… მხოლოდ მინიმალური ნაწილია დარჩენილი. ინდოეთის სერია ძალიან მიყვარს. ნიუ-იორკში ვიყავი და ჰასიდების შავ-თეთრი სერია გადავიღე და ეგეც ძალიან მიყვარს. ასევე, მიყვარს 2018 წელს გადაღებული ფოტო, რომელიც ფოტო ფესტივალზე „ქოლგა“ გამარჯვებული გახდა – ეს ფოტო 10 დეკემბერს გადავიღე, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციაზე, სადაც მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებდა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას.
ფოტოზე მეტად ზოგადად პერიოდები მიყვარს, რომლებსაც ეს ფოტოები მახსენებს და გამოხატავს. მაგალითად, ინდოეთის ფოტოებს რომ ვუყურებ სწორედ მოგზაურობის პერიოდი მომწონს, ნიუ-იორკის სერიაშიც, ბუნებრივია, მომწონს თვითონ ფოტოებიც, მაგრამ იქ გატარებული პერიოდი მიყვარს, რომელიც გამომჟღავნდება ცხოვრების რომელიღაცა ეტაპზე, რომელსაც შემდეგ გავუზიარებ დამთვალიერებელსაც.
რომ დადგეთ არჩევნის წინაშე გადაიღოთ მხოლოდ შავ-თეთრი ან მხოლოდ ფერადი ფოტოები, რომელს აირჩევდით?
ფერადს. სამყაროს ჩემ გარშემო ფერადად ვხედავ. როდესაც ფოტოს ვიღებ, თუ მივხვდი, რომ ფოტოს ხასიათს უკეთესად შავ-თეთრი ფერები გადმოსცემს, მაშინ რედაქტირებას გავუკეთებ. სამყაროს შავ-თეთრად რომ ვხედავდე, ალბათ ასეც გადავიღებდი, თუმცა რადგან ფერადად აღვიქვამ, ფოტოკამერაში ფირიც ყოველთვის ფერადი მიდევს. ამას წინათ სამი ფირი ვიყიდე, აქედან ორი შავ-თეთრია და ვნახოთ, შეიძლება მომავალში შავ-თეთრადაც გადავიღო, თუმცა ახლა სამყაროს ფერადად აღვიქვამ და ამას გადმოვცემ ჩემი ფოტოებით.