2021 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მუსიკოს Avicii-ის სახელობის მუზეუმი გაიხსნება.

მუზეუმში გამოფენილი იქნება მუსიკოსის ნივთები და აქამდე უცნობი ვიდეოები და ფოტოსურათები. იგი მნახველებს საშუალებას მისცემს, რომ ტიმ ბერგლინგი, იგივე Avicii, უფრო ახლოს გაიცნონ როგორც შემოქმედი და როგორც პიროვნება. მნახველები მუზეუმში იხილავენ არტისტის მიერ განვლილ კარიერულ გზას – დასაწყისიდან სუპერვარსკვლავობამდე.
Avicii-ის მუზეუმის გახსნის შემდეგ მნახველს საშუალება ექნება იხილოს მუსიკოსის მიერ შექმნილი, მისთვის პოპულარობის მომტანი ჰიტის – „Levels“-ის გამოუქვეყნებელი, პირვანდელი ვერსია.
Avicii-ის მუზეუმიდან შემოსული თანხის ნაწილი ტიმ ბერგლინგის ფონდში გადაირიცხება, რომელიც მუსიკოსის ოჯახმა მისი სიკვდილის შემდეგ დააარსა. აღნიშნული ფონდი მენტალურ დაავადებებთან მიმართებით ცნობიერების გაზრდასა და სუიციდის პრევენციას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.