ჯორჯ ფლოიდის პროტესტის ჰიმნად ქცეული სიმღერები

25 მაისს აშშ-ს ქალაქ მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას პროტესტის არაერთი ტალღა მოჰყვა. აღნიშნული მოვლენების კვალდაკვალ ის სიმღერები, რომლებიც პროტესტის თემატიკას ეხმიანებიან პროტესტისავე ჰიმნად იქცა. აღნიშნულ სიმღერებს შორისაა N.W.A.-ის „Fuck the Police“, რომელიც პოლიციის ძალადობას მიემართება და ცხადყოფს, რომ აშშ-ს ნაციონალური კრიზისი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა აქტუალური. ამას გარდა, პროტესტის – „Black Lives Matter“ მხარდასაჭერად, საკუთარი ბრაზისა და მწუხარების გამოსახატავად, არაერთმა მუსიკოსმა დაწერა სიმღერა, მათ შორის არიან YG, LL Cool J და Teejayx6.

ორი სინგლის გამოშვებიდან, რომელთაგან ერთ-ერთია „FDT (Fuck Donald Trump)“ YG-იმ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Fuck the Pollice“, N.W.A.-ის 1988 წლის სიმღერაზე დაყრდნობით. ხსენებული სიმღერა ეხმიანება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და არსებულ პროტესტს. მომღერალი პოლიციელებს კუ-კლუქს-კლანის მისიის შემსრულებლებად მოიხსენიებს.

პროტესტს ინსტაგრამზე გამოეხმაურა LL Cool J-იც. იგი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ის მუსიკის თანხლების გარეშე რეპავს. ორნახევარ წუთიან ვიდეოში LL Cool J ეხმიანება რასისტული ტრადიციის არსებობას ამერიკაში, რომელსაც იმგვარ ბრუტალურ შედეგებამდე მივყავართ, როგორიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაა. ვიდეოს დასასრულს იგი ახსენებს სხვა შავკანიან ადამიანებსაც, რომლებიც თეთრკანიანმა პოლიციელებმა უსამართლოდ მოკლეს და აღნიშნავს, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მუდამ ღირებულია.

ახალგაზრდა დეტროიტელმა რეპერმა – Teejayx6-მა კი იუთუბზე გამოაქვეყნა ახალი სიმღერა, სახელწოდებით – „Black Lives Matter“, რომლის ვიდეოშიც ასახულია ჯორჯ ფლოიდის ცნობილი კადრები და შავკანიანებისადმი მიმართული პოლიციელთა სისასტიკის გამომხატველი სხვა მაგალითები. სიმღერაში რეპერი არაერთი სახის რიტორიკულ შეკითხვას სვამს, რომლის საშუალებითაც ხაზს უსვამს პოლიციის უსამართლობას, სისასტიკეს და ადანაშაულებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის სცენას შეესწრნენ და დასახმარებლად არაფერი მოიმოქმედეს.