ყოველდღიური ირეალობა – ნათელა გრიგალაშვილის დოკუმენტური ფოტოგრაფია

„დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „დედაჩემის წიგნი“, „ცხოველების მარკეტი“, „თავსაფრიანი ქალები“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“, „პანკისის ხეობის ქალები“ – შთამბეჭდავი პროექტების სიის დასაწყისშივე ყველა მკითხველს გაახსენდება გამორჩეული ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, ნათელა გრიგალაშვილი, რომლის თითოეული კადრი დაუვიწყარია და საკუთარ ისტორიას ატარებს. წლების განმავლობაში დამთვალიერებლები ფოტოგრაფთან ერთად მოგზაურობდნენ შავ-თეთრი სამყაროდან ფერადისკენ, სადაც ყოველდღიურ რეალობას ავტორისეული ხელწერა გენიალურ კადრად აქცევს.

Photo Credits to Nino Baidauri / Women Of Georgia

თქვენ მუშაობთ დოკუმენტური ფოტოგრაფიის ჟანრში, ძირითადად სოციალურ თემებზე, თქვენი შემოქმედების მთავარ ჟანრად რატომ აირჩიეთ სწორედ დოკუმენტური ფოტოგრაფია?

ჩემი ჟანრული მიმართულება ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩემი ბავშვობის ოცნებამ: მინდოდა დოკუმენტური კინოს ოპერატორი გავმხდარიყავი. სწორედ ამ მიზეზით დავიწყე თავის დროზე ფოტოგრაფიის შესწავლა. იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, აუცილებელი იყო ფოტოგრაფიის ცოდნაც. უნივერსიტეტში სწავლა, სამწუხაროდ, ვეღარ შევძელი, მაგრამ დღეს კმაყოფილი ვარ, რომ ფოტოგრაფიაში დავრჩი, რადგან მიმაჩნია, რომ ახლა ბევრად მეტი თავისუფლება მაქვს, ვიდრე ოპერატორად მუშაობის შემთხვევაში მექნებოდა. ვფიქრობ, რომ დოკუმენტური თხრობის ენა ყველაზე ახლობელია ჩემთვის. მიყვარს გარემოზე დაკვირვება და მისი შესწავლა, ადამიანებთან ურთიერთობა. არასდროს მქონია ძლიერი სურვილი ჩემს ფოტოებში მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებული სამყარო გადმომეცა. ყოველთვის მინდოდა, რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს დავრჩენილიყავი და ასე მეპოვა ჩვეულებრივში არაჩვეულებრივი.

ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „დუხობორების მიწა“

თქვენ მუშაობთ როგორც შავთეთრ, ასევე ფერად ფოტოებზე, როგორ აკეთებთ არჩევანს და აქვს თუ არა ფერების გამოყენებას რაიმე სიმბოლური დატვირთვა?

ფოტოგრაფიის შესწავლის შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე, მხოლოდ შავ-თეთრ ფოტოებს ვიღებდი. იმ პერიოდში ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე ფერად ფოტოებზე გადავერთვებოდი. სწორედ შავ-თეთრი ფირითაა გადაღებული ჩემი ორი პერსონალური პროექტი „თაგვების სოფელი“ და „დედაჩემის წიგნი“, რომელთა გადაღებაც გვიანი 80-იანებიდან დავიწყე, ჩემს მშობლიურ სოფელში. მოგვიანებით, როდესაც პირად ცხოვრებაში ძალზე რთული პერიოდი მედგა, მომინდა, რომ ფერადი ფოტოები გადამეღო. ეს არ იყო დიდი ხნის ფიქრისა და განსჯის შედეგი. უბრალოდ, მსურდა, დეპრესიას ფერებით შევბრძოლებოდი. მსურდა ფერადოვნება შემეტანა ყველგან – ჩემს სამოსში, გარემოსა და ფოტოებში. ჩემი პირველი ფერადი გრძელვადიანი დოკუმენტური პროექტი „დედა ენაა“. ფერად ფოტოგრაფიაში მუშაობა დასაწყისში ძალზე უცნაური და რთული აღმოჩნდა,  თუმცა სწორედ ამ პერიოდში მივხვდი, რომ ის, რაც ჩემთვის ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვანია, შავ-თეთრსა თუ ფერადს მიღმა დგას. პირველი პროექტის დასრულების შემდეგ აქტიურად გადავედი ფერადი ციფრული კამერით გადაღებაზე და ეს ჩემ მთავარ მიმართულებად იქცა. უკვე ათ წელზე მეტია ფერად ფოტოგრაფიაში ვარ. რა თქმა უნდა, ისევ ვაგრძელებ შავ-თეთრი ფოტოების გადაღებას და ფირით მუშაობას, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ფერადი ფოტოგრაფიაა ის, რაც ჩემს სათქმელს იდეალურად გადმოსცემს.

ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „დედა ენა“

თქვენს პროექტში არის ისეთი ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის ყველაზე გამორჩეულია?

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფოტო ან ფოტო-პროექტი ჩემთვის სხვა დანარჩენებზე მნიშვნელოვანია. თითოეული მათგანი ინდივიდუალურად გამორჩეული და ძვირფასია, რადგან თითოეული კადრი განსხვავებულ მოგონებებს, ადამიანებსა და ადგილებს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით მირთულებს სელექციის პროცესსაც – სწორედ ამ დადებითი მოგონებების გამო მიჭირს სერიიდან ფოტოების ამოღება, მის კონკრეტულ რაოდენობამდე დასაყვანად.

ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „პანკისის ხეობის ქალები“

როდესაც თქვენს ფოტოებს ვუყურებთ, ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან თავისუფლად გამოიყურებიან, მათ არ ეტყობათ შებოჭვა ფოტოკამერის გამო, როგორ წარმოაჩენთ თქვენს ფოტოებში ადამიანებს ასე ბუნებრივად?

ჩემი პროექტები გრძელვადიანია. თითოეულ მათგანზე რამდენიმე წლის მანძილზე ვმუშაობ. მუშაობის პროცესში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და უპირველესი ადამიანები და მათთან ურთიერთობაა, შემდეგ მოდის ფოტოგრაფია.  ურთიერთობა აქრობს ჩვენ შორის ბარიერებს  და მეხმარება მათთან დაახლოებაში, რის შემდეგაც ადამიანები ბევრად უფრო მოდუნებულები, ბუნებრივები არიან და ფოტოაპარატი აღარ აფრთხობთ.  გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ არასოდეს დამიკარგავს კავშირი ჩემს მშობლიურ სოფელთან, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქში მაქვს გატარებული. მგონია, რომ ამას ის ადამიანებიც გრძნობენ, ვისაც ვიღებ და ხშირად, გაცნობის მერე მეუბნებიან, რომ მე ქალაქელს არ ვგავარ.  ალბათ, ესეც მიწყობს ხელს გადაღებაში.

ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „პანკისის ხეობის ქალები“

აღიქვამთ თუ არა სამყაროს განსხვავებულად როდესაც ხელში ფოტოკამერა გიჭირავთ?

დიახ, ეს ნამდვილად ასეა. აპარატის აღებისთანავე სამყაროს სრულიად განსხვავებულად ვაკვირდები. თითქოს ყველაფერი უფრო ახლოს მოდის, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ბევრად მრავალფეროვანი ხდება. მუშაობის დროს აპარატი ჩემი ნაწილი ხდება და მიქრება შეგრძნება, რომ ის უსიცოცხლო საგანია.

ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „დუხობორების მიწა“

რომ გქონოდათ შესაძლებლობა, ფოტო გადაგეღოთ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვის აირჩევდით?

ვისურვებდი, რომ რევაზ ინანიშვილის გადაღება შემძლებოდა. ის ჩემი უსაყვარლესი მწერალია და იქიდან გამომდინარე, რაც მასზე მსმენია და წამიკითხავს, მგონია, რომ პიროვნულადაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ბავშვობიდან დღემდე ემოციურ გადაღლილობასა და სტრესს სწორედ მისი მოთხრობების კითხვით ვებრძვი.

ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „თაგვების სოფელი“

თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური კადრი?

ვფიქრობ, რომ იდეალური კადრი, პირველ რიგში, მნახველში ემოციებს უნდა აღძრავდეს. ამასთანავე, თუკი დოკუმენტური ჟანრის ფოტოებზე დავკონკრეტდებით,  მიმაჩნია, რომ კარგი ფოტო არ უნდა მოსწყდეს რეალობას და თან, უნდა შეიცავდეს ავტორისეულ ხელწერასაც.

ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „დედაჩემის წიგნი“
ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „თავსაფრიანი ქალები“
ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „დედა ენა“
ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „პანკისის ხეობის ქალები“
ნათელა გრიგალაშვილის სერიიდან „დუხობორების მიწა“