Pierrot Le Fou – ახალი ლოკაცია | ინტერვიუ ლენკა ციციშვილთან

არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის, ლენკა ციციშვილის მიერ დაარსებული მაღაზია Pierrot Le Fou უკვე 13 წელია რაც თბილისში არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც. მაღაზიის ახალი მდებარეობა კოჯრის ქუჩა #11-ია. მომხმარებელს ესთეტიურად ლამაზ და კომფორტულად მოწყობილ მაღაზიაში დახვდება ისეთი მოდის სახლების პროდუქცია, როგორებიცაა: Maison Martin Margiela, Haider Ackermann, Rick Owens, Givenchy და სხვა. “თორმეტი” ლენკა ციციშვილს Pierrot Le Fou-ს შესახებ ესაუბრა.

მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, Pierrot Le Fou-ს გახსნამდე…

ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ამ საქმეს ხელი მოვკიდე. ისე, პროფესიით არქიტექტორი ვარ და ვმუშაობ, როგორც არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი. ყოველთვის  მიყვარდა მოდა, სხვადასხვა ტანსაცმლის მორგება. ზოგადად, ბევრი დადებითი მხარე აქვს მაღაზიას, იმის გარდა რომ ბიზნესია. ძალიან საინტერესო ადგილებში მომიწია მოგზაურობა მაღაზიის გასავითარებლად, ჩვენებებსა და გამოფენებზე დასწრება… ამ პროცესში ნაწილი ხდები ამ სამყაროსი, რომელსაც მოდა ჰქვია.

თქვენს მაღაზიას ჟან-ლიუკ გოდარის ფილმის სახელი ჰქვია, როგორ გახდა გოდარის ფილმი მაღაზიის სახელის შთაგონება?

სწორედ იმ პერიოდში  ვუყურე გოდარის ფილმებს, როდესაც მაღაზიის გახსნის იდეა დამებადა და ძალიან მომეწონა, პირდაპირ გაგიჟებული ვიყავი. მისი ფილმების ესთეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოდა და მხატვრობა, ყოველი კადრი ძალიან ფრანგულია. შეიძლება, ათი წლით გვიან რომ დამეფუძნებინა მაღაზია, საერთოდ სხვა სახელი ამერჩია, თუმცა ჩემი სიყვარული გოდარის მიმართ სწორედ მაღაზიის გახსნის პერიოდს დაემთხვა. სხვათა შორის, ძალიან გამომადგა ეს სახელი, რადგან ასოციაცია ინტელექტუალურთან და ლამაზთანაა,  თან ძალიან სასაცილოა, რადგან პარიზელების,  ჩვენ როგორც ვამბობთ „ძველი ბიჭი“, ისევე აქვთ “Pierrot Le Fou” და ინტერესდებიან, ამ მიზეზით ხომ არ ჰქვია ეს სახელი, რაც კიდევ უფრო მეტ საინტერესო ელემენტს მატებს მაღაზიას.

თუ შევადარებთ ძველ და ახალ მაღაზიას, რითი გამოირჩევა ახალი მდებარეობის მაღაზია ძველისგან, მოგვიყევით ინტერიერის შესახებ.

ეს Pierrot Le Fou-ს მეხუთე ლოკაციაა. სულ თავიდან იყო ტაბიძეზე, ძველ შენობაში, ძალიან ლამაზი იყო. პრინციპში, მაშინვე მინდოდა Pierrot Le Fou ძველ სტილში ყოფილიყო, მერე უკვე გადავედი აბაშიძეზე.  იმ პერიოდში აბაშიძე მოთხოვნადი ქუჩა იყო, იხსნებოდა რესტორნები, კაფეები – ადგილიც ლოკაციის გამო ავირჩიე. შესასვლელი დაბლა იყო, ისეთი სტილი ჰქონდა, ვითომ მაღაზია არ იყო ყველასთვის განკუთვნილი და უნდა მიგეგნო შენით და მთელი ამბები… შემდეგ უკვე გადავედით ჭავჭავაძეზე, სადაც ძალიან ფართო სივრცე იყო, მაღალი ჭერით. წესით, ორი სართული უნდა აშენებულიყო, მაგრამ ერთ სართულად დავტოვე. როდესაც მაღაზიის ადგილზე ვფიქრობ,  მინდა, რომ იმ ადგილს, რომელსაც შევარჩევ, რაიმე მნიშვნელოვანი ჰქონდეს, მაგალითად, ამ ახალ ლოკაციაზე ეს ბუხარი ისტორიულად უნიკალურია, ძველია და  ჯდება იმ სტილში რაც მინდა ჩემს მაღაზიას ჰქონდეს.

ინტერიერი როგორიც იყო ისეთი დავტოვე, თავისი აგურებით, პატარა დეტალებით, უბრალოდ ყველაფერს ფერები შევმატე. მაღაზიის კედლებისთვის ლურჯი ფერის გამა შევარჩიე, რადგან მგონია, რომ ნებისმიერ მყიდველს ეს ფერი ძალიან უხდება, როდესაც სხვადასხვა ტანსაცმელს არჩევს.

რის მიხედვით არჩევთ ბრენდებს და რამდენად საჭიროა მოგწონდეს ის, რასაც მყიდველს სთავაზობ?

არ ვიცი ბიზნესისთვის რამდენად საჭიროა, მაგრამ მე მხოლოდ ეგ პრინციპი ავირჩიე –  მყიდველს ვთავაზობ იმას, რაც მე მომწონს.  ჩვენებებზე მთავაზობენ ხოლმე სხვადასხვა ნივთებს, მეუბნებიან, რომ ესაა ყველაზე კარგი და ყველაზე ტრენდული, მაგრამ თუ არ მომწონს, არ არსებობს, რომ ვიყიდო. ეს მაღაზია იმ იდეაზეა აწყობილი, რომ გავყიდო ის, რაც რეალურად მომწონს.

თქვენ უკვე 13 წელია ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, ამ პერიოდში მოდის ტრენდები იცვლებოდა, როგორ შეიცვალა თქვენთვის ბრენდების შერჩევის პროცესი?

Martin Maison Margiela-ს ფეხსაცმლები გახსნის პირველივე დღიდან ჩემი მაღაზიის ნაწილი იყო. ისე, ბრენდებს სულ ვცვლი და ყოველთვის შემომაქვს რაღაც სიახლე. თავიდან  ახალგაზრდა დიზაინერებით და ახალი მოდის სახლებით ვიყავი დაინტერესებული, შემდეგ უფრო დიდ მოდის სახლებს მივაქციე ყურადღება. შერჩევის პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მომწონს იმ კონკრეტულ მომენტში. მაღაზიის კოლექციას ყოველთვის ვაახლებ, ახლა მაგალითად, ძალიან ლამაზი საცურაო კოსტიუმები და ელასტიკები ჩამოვა და ეგ მოუხდება ამ სეზონს, შემდეგ სხვა ტრენდები დამაინტერესებს.

ყველაზე  მეტად რა მოგწონთ იმაში, რომ Pierrot Le Fou-ს მეპატრონე ხართ?

ვმოგზაურობ, საინტერესო ხალხს ვხვდები, ნივთების ყიდვისას, როგორც უცხოეთში,  ასევე საქართველოშიც.  მომწონს საინტერესო ხალხი, რომლებსაც უყვართ მოდა და მაღაზიები, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა. ხშირად მეუბნებიან, რომ ასეთი მაღაზია არსად არაა და ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა. მახსოვს, როდესაც Martin Maison Margiela-ს ფეხსაცმელები ჩამოვიტანე 13 წლის წინ, თითქმის არავინ იცვამდა, უცხოეთში ცნობილი იყო, ხოლო აქ ბევრმა არ იცოდა. უმეტესობა დაცინვით უყურებდა ამ ფეხსაცმელებს, მაგრამ შემდეგ უკვე ყველას მოუნდა. როდესაც მოგზაურობიდან ჩამოგაქვს ტანსაცმელი, შეიძლება ითქვას, რომ კულტურის ნაწილი ჩამოგაქვს.