Bloomsday – ლეოპოლდ ბლუმის დღესასწაული

16 ივნისი მსოფლიოში სახელგანთქმული ლიტერატურული დღესასწაულია, რომელიც 20-იანი წლების ერთ-ერთ გამორჩეულ წიგნს, ჯეიმზ ჯოისის „ულისესა“ და მისი მთავარი გმირის, ლეოპოლდ ბლუმის თავგადასავალს ეძღვნება. ლეოპოლდ ბლუმის ოდისეის აღსანიშნავი დღესასწაულის, იგივე Bloomsday-ს შექმნა 1904 წლის 16 ივნისმა განაპირობა. ყველაფერი 16 ივნისის 8 საათზე დაიწყო, როდესაც სტივენ დედალოსმა და ბაკ მილიგანმა იჩხუბეს, შემდეგ ლეოპოლდ ბლუმი შინიდან გავიდა და დუბლინის ქუჩებში ხეტიალი დაიწყო. სანამ ლეოპოლდ ბლუმი დუბლინის ქუჩებში დახეტიალობდა, მისი ცოლი მოლი საყვარელთან ატარებდა დროს. სწორედ მოლის მონოლოგის ეპიზოდით მთავრდება რომანი.

Photo via NBGGlasnevin/Twitter

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ვრცელია, მასში მხოლოდ ერთი დღეა აღწერილი. ჯოისმა ბლუმის ყოველი ნაბიჯი დეტალურად აღწერა – მკითხველმა იცის მისი მთლიანი მარშუტი და ყოველი ადგილის პატარა დეტალი. ჯოისი იმდენად ფართოდ განიხილავს დუბლინს, რომ თავად ავტორის მტკიცებით, წიგნზე დაყდნობით ადვილი შესაძლებელი იქნებოდა ისტორიული დუბლინის აღდგენა, მისი დანგრევის შემთხვევაში.

16 ივნისი თავად ჯოისისთვის რომანტიულ დღესთან იყო დაკავშირებული. 1904 წელს ჯოისმა გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ნორა ბარნაკლი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა, ისინი ერთმანეთს 15 ივნისს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ნორა პაემანზე არ გამოჩენილა, მწერალმა მას კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა, ასე შედგა მათი პირველი პაემანი 16 ივნისს.

რომანის დაწერას ავტორმა შვიდ წელზე მეტი მოანდომა და 1921 წელს დაასრულა. როდესაც ამერიკულ ლიტერატურულ ჟურნალში ნაწყვეტები გამოქვეყნდა, ჟურნალის გამომცემლები დააპატიმრეს და დააჯარიმეს. ,,ულისე“ წიგნად 1922 წელს გამოიცა პარიზში. 1934 წლამდე ცენზურის გამო ჯოისის რომანი ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში აკრძალული იყო.

16 ივნისის 1924 წელს, როდესაც ჯოისი ოპერაციის გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა, მეგობრებმა მას თეთრი და ცისფერი ყვავილები გამოუგზავნეს (სწორედ ამ ფერებში იყო გამოცემული „ულისე“). აქ პირველად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღი იყო ყველასთვის 16 ივნისი, ვისაც „ულისე“ ან ჯეიმზ ჯოისის შემოქმედება უყვარდა.

Photo via NBGGlasnevin/Twitter

1954 წელს მსახიობი, ლიტერატორი და გამომცემელი ჯონ რაიანი, პროზაიკოსები ბრაიან ო’ნოლანი და პატრიკ ქავანა, პოეტი ენთონი ქრონინი, ჯოისის ბიძაშვილი, ტომ ჯოისი და ლიტერატორი და მკვლევარი ეი ჯი ლევენთალი Bloomsday-ს აღსანიშნავად, საუზმის შემდეგ, წიგნის მთავარი გმირის მსგავსად ქალაქში გაეშურნენ და სეირნობა “ოდლბეილის” ბარში დაასრულეს. ამ ამბის შემდეგ, ყოველი წლის 16 ივნისს, ჯოისის მოყვარულები წიგნის სალონებსა და პაბეში იკრიბებოდნენ იმისთვის, რომ წიგნის ცალკეული თავები წაეკითხათ და ესეირნათ იმ ქუჩებში, სადაც ლეოპოლდი დადიოდა.

თანდათან Bloomsday უფრო გაფართოვდა და ფესტივალის სახე მიიღო – ეწყობოდა ახალი პროექტები, მონაწილეები საყვარელი გმირების ფორმებში გამოწყობილები მოდიოდნენ, წიგნის საჯაროდ კითხვის მარათონში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა. საბოლოოდ, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯოისის მოყვარულებმა 16 ივნისს დუბლინში ჩამოსვლა დაიწყეს, ხოლო შემდეგ Bloomsday-ს აღნიშვნის ტრადიცია სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს.