კინოთეატრების ქსელი კავეა თბილისში, ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომზე Drive-in ტიპის კინოთეატრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას კინოთეატრის პიარ მენეჯერმა – მაია სიხარულიძემ ფეისბუქ ლაივის საშუალებით მიაწოდა.

კავეა ახალ კინოთეატრებში მაყურებლებს მსოფლიო კინოპრემიერებს, სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებსა და კინომარათონებს შესთავაზებს. კომპანიის თანახმად, ახალი ტიპის კინოთეატრი ივლისის დასაწყისიდან ამოქმედდება.
Drive-in ტიპის კინოთეატრი გულისხმობს გაშლილ სივრცეში კინოსთვის განკუთვნილი დიდი ეკრანის დამონტაჟებას, რომლის ყურებაც მაყურებლებს მანქანებიდან შეუძლიათ. აღნიშნული კინოთეატრი მე-20 საუკუნეში გამოჩნდა. კორონავირუსის პანდემიამ კი მის ხელახალ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.