ნახეთ როგორი იქნება მზიურის ახალი ხიდი

NS Studio-მ საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით მზიურის პარკისა და ხილიანის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტი მოამზადა. წითელი ფერის კონსტრუქცია მზიურის პარკს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიასთან დააკავშირებს.

Photo Credits to NS Studio

„მოცემულ საპროექტო ტერიტორიაზე 2015 წლის 13 ივნისს განვითარებული მოვლენები ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარუშლელი ნაწილი გახდა. ჩვენი პროექტით გვსურდა არა მხოლოდ ფუნქციური ხიდის, არამედ სიმბოლოს შექმნაც, რომლის კონსტრუქციის კონცეფციად ავიღეთ ზოოპარკის გალიების მრუდი ფორმა, რომელიც გარდავქმენით მთავარ საყრდენად. გვსურდა იდეური, ნოსტალგიური, მეხსიერებითი და სახასიათო მნიშვნელობის ელემენტის შექმნა. ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა განცდა ერთიანი, შეკრული, პლასტიკური, მოცულობისა, რისთვისაც აუცილებლი იყო ყველა შემადგენელი დეტალის ერთი საერთო ფერის ქვეშ გაერთიანება. გარემოსთან კონტრასტისა და ხიდის ფუნქციის მნიშვნელობის ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ პასტელური წითელი ფერის გამოყენება, როგორც კონსტრუქციაზე, ასევე საფარსა და მოაჯირზე. ამ მიდგომით, ვფიქრობთ, შევქმენით კავშირი, რომლის საავტომობილო გზიდან დანახვისას გიჩნდება განცდა, თითქოს, ჰაერში გამოკიდებული, ერთი ამოსუნთქვით გავლებული ხაზია.

იმისათვის, რომ ვიზუალურად არ გადაგვეტვირთა ხიდის წამყვანი კონსტრუქცია დამატებითი ელემენტებით, გადავწყვიტეთ შუშის მოაჯირის მოწყობა, რომლის მოწითალო ფერი მიწიდან ცისკენ უფერულდება და ქრება. ღამით, მისი ხაზობრივი ნათება საინტერესო ეფექტს უქმნის მთლიანობაში ხიდს და კიდევ უფრო ემოციურს ხდის გადასვლის პროცესს.“

Photo Credits to NS Studio

პროექტზე მუშაობდნენ ნინო ჭანტურია, ლუკა ჩაგანავა, ამირან შარიფაშვილი, ნიკოლოზ ჯაბადარი და ვახტანგ ცხოვრებაშვილი. ხოლო ვიზუალიზაცია პარალელმა მოამზადა.

Photo Credits to NS Studio