ბილბო ბეგინსის როლის შემსრულებელი სერ იენ ჰოლმი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ინგლისელი მსახიობი იენ ჰოლმი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე თვით ადრე მსახიობმა მწუხარება გამოთქვა, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ მსახიობების ონლაინ შეხვედრას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაესწრო – „ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძლებ ყოველი თქვენგანის ნახვას. ძალიან მენატრებით და იმედი მაქვს, რომ თქვენმა თავგადასავალმა საინტერესო ადგილებში მიგიყვანათ. ამჟამად მე ვიმყოფები იზოლაციაში, ჩემს ჰობიტის სახლში.“ – განაცხადა მსახიობმა.

მაყურებლები მსახიობს ყველაზე კარგად „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიაში შესრულებული როლით იცნობენ, ამასთან ერთად, მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, იენ ჰოლმსს ბევრ წარმატებულ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა Alien, The Fifth Element და Naked Lunch. სხვადასხვა ჯილდოებისა და წარმატებული პროექტების გარდა, 1988 წლის ლოურენს ოლივიეს ჯილდო „მეფე ლირში“ შესრულებული როლისთვის გადაეცა, ხოლო 1981 წელს Chariots of Fire-ში შესრულებული როლისთვის იგი ოსკარზეც იყო ნომინირებული, მიიღო BAFTA-სა და კანის კინოფესტივალის ჯილდო.

მსახიობის გარდაცვალებაზე მისმა აგენტმა ისაუბრა: „სერ იენ ჰოლმი ამ დილით, 88 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს საოცარი, კეთილი და წარმოუდგენლად ნიჭიერი მსახიობი ყველას ძალიან მოგვენატრება.“