ხელოვნური ინტელექტით გაცოცხლებული ცნობილი ნახატების პერსონაჟები

იუთუბერმა და ნეიროქსელების სპეციალისტმა, დენის შირიაევმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცნობილი ნახატების პერსონაჟები გააცოცხლა. მათ შორის არიან და ვინჩის მონა ლიზა და ქალი ყარყუმით, ბოტიჩელის ვენერა, ვერმეერის გოგონა მარგალიტის საყურით, ფრიდა კალო და გრანტ ვუდის ფერმერი და ქალი ამერიკული გოთიკიდან.

როგორც შირიაევი აღნიშნავს, ეს გიფები ამ ადამიანების მიახლოებული ვერსიებია და არა მათი ზუსტი ისტორიული რეკრეაციები. რა თქმა უნდა, მიღებული შედეგები იდეალური არ არის, მაგრამ AI ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია. ასეთი რეკრეაციების მიღება ათეული წლის წინ შეუძლებელი იქნებოდა.

დენის შირიაევი ხელოვნურ ინტელექტს ძველი ფილმების განახლებისთვისაც იყენებს. მან წელს 1888 წელს გადაღებული „რაუნდჰეის ბაღის სცენა“ და 1895 წლის ლეგენდარული „მატარებლის შემოსვლა ლა სიოტას სადგურში“ გაუმჯობესებული ხარისხით გაავრცელა. ფილმების ნახვა ახლა უკვე 4K გარჩევადობით შეგიძლიათ.

ამ ვიდეომ შესაძლოა ისიც შეგვახსენოს, რამდენი რამ შეუძლია AI-ს – არარსებული ადამიანების შექმნიდან, არსებული ადამიანების „დიფ ფეიქ“ ვიდეოების გაკეთებამდე. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტექნოლოგია დღითიდღე უფრო და უფრო ვითარდება, საინტერესოა რა წვლილს შეიტანს ის ჩვენს მომავალში.