საქართველოს ისტორიის პერსონაჟები ქართველი ილუსტრატორის შემოქმედებაში

დათო სიმონიას გრაფიკული სერია „ქართული ხასიათების პანთეონი“, საქართველოს დავიწყებული ამბებისა და მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიებს გრაფიკული დიზაინის საშუალებით გვიყვება, სადაც თითოეულ ნამუშევარში, მნიშვნელოვანი ქართველები ფანტასტიკური სამყაროს გმირებს ემსგავსებიან.

დათო სიმონია დაიბადა და სკოლა დაამთავრა სამეგრელოში, სენაკში. იგი 3 წლიდან ხატავდა და პარალელურად, მუდმივად წერდა. ერთ დღეს, გადაწყვიტა პროფესია მსგავს საქმიანობასთან დაეკავშირებინა და ასე აღმოჩნდა კინომცოდნეობაზე. თავიდან ამ პროფესიით მუშაობდა – წერდა და აქვეყნებდა რეცენზიებს, რამდენიმე წელი კინოს შესახებ ატარებდა გაკვეთილებს სხვადასხვა რეგიონების სკოლებში, მაგრამ შემდეგ ისევ ვიზუალურ ხელოვნებას დაუბრუნა. მას შემდეგ რაც გრაფიკული დიზაინი შეისწავლა, არტ დირექტორად დაიწყო მუშაობა და ახლაც, ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ამ პროფესიაში თავს მშვიდად გრძნობს, რადგან ერთბაშად ბევრი ინტერესი აქვს, ხოლო დასათმობად არც ერთი ემეტება. დათო სიმონიამ გრაფიკულ სერიაზე უფრო ვრცლად „თორმეტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

პირველად როდის დაინტერესდით საქართველოს ისტორიით, მითოლოგიითა და დავიწყებული ამბების მოძიებით?

სენაკიდან 16 კილომეტრში არის მნიშვნელოვანი ისტორიული ციხე ქალაქი ნოქალაქევი და ტეხურის ულამაზესი ხეობა, სადაც ზაფხულობით დიდ დროს ვატარებდი. ეს ადგილი იმდენად ჯადოსნურია, შეუძლებელია, გავლენა არ მოეხდინა ჩემზე. ვფიქრობ, ნოქალაქევსა და ამ ხეობასთან პირველივე შეხებისას დაიბადა ჩემი მიდრეკილება დავიწყებული ამბების აღმოჩენისადმი. დადიოდა ხმები ნოქალაქევის საიდუმლო გვირაბებისა და მედეას საიდუმლო ბაღის შესახებ. როცა იქ ხარ, მართლა გგონია, რომ შეიძლება უცებ თვალი მოკრა მედეას, რომელიც სამკურნალო ბალახებს აგროვებს. ამის გარდა, სამეგრელოს ფოლკლორი მდიდარია მითოლოგიური თქმებით, რომელიც ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. წარმოიდგინეთ, საღამოობით, როცა შორიდან ბაყაყების ყიყინი ისმის, ირგვლივ კი უამრავი ციცინათელა დაფრინავს, რამდენად შთამაგონებელი შეიძლება იყოს ჩურჩულით მოყოლილი ისტორიები ჭინკებსა და ალებზე. შემდეგ ბევრი ვიმოგზაურე საქართველოში, ვნახე უამრავი ჯადოსნური ადგილი, გავეცანი ფოლკლორს და ვცდილობ, შთაბეჭდილებები გავუზიარო ყველას.

როდის და როგორ დაგებადათ თქვენი გრაფიკული სერიის იდეა?

იდეა დაახლოებით 2 თვის წინ დამებადა, როცა აღმოვაჩინე ხევსური დასტაქარი მგელიკა ლიქოკელი. სერიაში პირველი ილუსტრაცია სწორედ მას ეძღვნება. მინდოდა, ხალხისთვის გამეცნო ან გამეხსენებინა ის ადამიანები, რომლებიც დავიწყებისთვის არ მემეტება ან ვთვლი, რომ გადასააზრებელი გვყავს.

მოგვიყევით ამ სერიის შესახებ: როგორ მიმდინარეობს პროცესი, რისი თქმა გსურთ თქვენი ნამუშევრებით?

რადგან პროფესიით არტ-დირექტორი ვარ, ჩემს პერსონალურ პროექტებსაც ზუსტად ისე ვგეგმავ, როგორც სამსახურში – ნებისმიერ კომუნიკაციას. თავდაპირველად განვსაზღვრე პრობლემა: საქართველოში ძალიან ბევრი რამე და ვინმე ითხოვს გათანამედროვებას, ახალი ფორმების შერჩევას და ხელახლა გაცოცხლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი თაობები ამ გახუნებული ისტორიებით არ დაინტერესდებიან, სკოლებში, ისტორიისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ბევრი რამ ჯერ კიდევ არასწორად ისწავლება და გადასააზრებელია. გადავწყვიტე, ამ პროცესს დავპირისპირებოდი ისე, როგორც შემეძლო.
შემდეგ მოვნიშნე აუდიტორია – 9-18 წლის ბავშვები. მგონია, რომ ეს თაობა ძალიან სხვანაირად აზროვნებს და კომუნიკაციის იმ ფორმით, რასაც სკოლებში ახვედრებენ, მათი რეალური დაინტერესება ამ საკითხებით ვერ მოხერხდება. მოვიძიე ინფორმაცია, რა არის მათთვის შთამბეჭდავი, რა ამახსოვრდებათ უფრო დიდხანს, რაზე ყოვნდებიან და რას ტოვებენ მხედველობის მიღმა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით განვსაზღვრე სერიის ხასიათი, რასაც ხშირად ადარებენ ვიდეოთამაშებს, ანიმეებს და ეს შემთხვევითი არაა. სერიით სხვა აუდიტორიებიც დაინტერესდნენ, რამაც ძალიან გამახარა, თუმცა განსაკუთრებით მიხარია, როცა პატარა ბავშვები მწერენ და მადლობას მეუბნებიან ამ სერიისთვის.

რაც შეეხება პროცესს – შედგენილი მაქვს იმ ადამიანების სია, რომლებმაც, ჩემი აზრით, დიდწილად განსაზღვრეს ქართული იდენტობა ან რომელთა ცხოვრება ქართული ხასიათის თვალსაჩინო გამოვლინებაა. ვირჩევ ერთ-ერთს, ვიძიებ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც ვქმნი მუდბორდს. მუდბორდში ვგეგმავ პოზას, ტანსაცმელს, რამე ზებუნებრივ შტრიხს და ზოგად ხასიათს. მაგალითად, კოლხი ქალების მუდბორდში ძირითადად ჩასმული მქონდა კოლხური სამკაულები და ჯადოსნური სითხეები. პოეტების ხაზში გამოკვეთილია მანათობელი ცხოველები და გალაკტიონთან – ყვავილები, მისი კრებულის „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ გამო.

ამ ყველაფრით მინდა მივაღწიო რამდენიმე მიზანს: პირველი – გავაცოცხლო ის, რაც დავიწყებისთვის მენანება. მეორე – გადავიაზროთ ის, რასაც არასწორად გვასწავლიან. მესამე -შთავაგონო თამაშების და ანიმაციის ინდუსტრია ქართველი პერსონაჟებით. სწორედ ეს ინდუსტრიებია, საიდანაც ყველაზე ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შეიძლება ჩემს არჩეულ აუდიტორიასთან.

როგორ აპირებთ განავითაროთ თქვენი სერია მომავალში ან თუ აპირებთ მსგავსი მოტივებით კიდევ ახალი სერია შემოგვთავაზოთ?

ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ პერსონაჟების რაც შეიძლება დიდ რაოდენობამდე ავიდე. სხვა, კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ყოველ პოსტში ხალხს ვეკითხები, ვის ხილვას ისურვებდნენ შემდეგ ილუსტრაციაში, რადგან მინდა ხალხი იყოს ამ სერიის თანაავტორი. საკმაოდ ბევრი თხოვნა დამიგროვდა ამის გამო. სხვა სერიები აუცილებლად იქნება. ჯერ კიდევ უამრავი რამ მაქვს თქვენთვის გასაზიარებელი.