სტუდია გიბლიმ ახალი ფილმის „Aya and the Witch“-ის ფოტოები გაავრცელა

ანიმაციური ფილმის რეჟისორი გორო მიაძაკი, ჰაიაოს ვაჟი იქნება, პროდიუსერი კი ტოშიო სუზუკი. „Aya and the Witch“ სტუდია გიბლის პირველი CGI (კომპიუტერის მიერ გენერირებული) ფილმი იქნება.

Courtesy of Studio Ghibli

ფილმი დაიანა ვაინ ჯონსის საბავშვო წიგნის „Earwig And The Witch”-ის მიხედვით არის შექმნილი. ის პატარა ობოლ გოგოზე – აიაზეა, რომლის ახალი მშობლები ჯადოქრები აღმოჩნდებიან. აიას ახალი სახლი აჩრდილებით სავსე და იდუმალებით მოცულია.

„როგორ შეიცვლება სამყარო კორონავირუსის შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელიც მრავალ ადამიანს აწუხებს. ამას ვერც ფილმის ინდუსტრია აუვლის გვერდს… წარმატებული იქნება „Aya and the Witch“ კორონას შემდეგ? ამაზე ბევრჯერ ვიფიქრე, როცა ფილმს ვუყურებდი. შემდეგ მივხვდი, რომ ფილმის მთავარი ხიბლი აიას სიბრძნეშია. თუ კი სიბრძნე გვექნება, ნებისმიერ ერაში ნებისმიერი რაიმის დამარცხებას შევძლებთ…“ – აცხადებს გიბლის თანადამფუძნებელი და პროდიუსერი ტოშიო სუზუკი.

„თუკი პეპი გრძელიწინდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გოგოა, მაშინ აია მსოფლიოში ყველაზე გონიერი გოგოა. იმედი მაქვს ის ბევრ ადამიანს შეუყვარდება.“ – ამბობს სუზუკი.

„Aya and the Witch“-ის პრემიერა 2020 წლის კანის კინოფესტივალზე უნდა შემდგარიყო, თუმცა ფესტივალი კორონავირუსის გამო გაუქმდა. ფილმი 2020 წლის ბოლოს იაპონურ სატელევიზიო არხზე გამოვა.