ნახეთ როგორ გამოიყურება ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმი

იმერეთში, ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. მუზეუმში უკვე მოწყობილია ექსპოზიციების ძირითადი ნაწილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში პირველი არქეოლოგიური მუზეუმია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის სახელს ატარებს, სრულიად განახლებული სახით 2020 წლიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს.

ეროვნული მუზეუმის ცნობით, ახალი მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

ახალი მუზეუმის პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანიამ „Ellis Williams Architects” და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებმა ერთობლივად შეიმუშავეს. რეაბილიტაცია  განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ფოტოები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი | იმერეთის მხარე