კანიე უესტის და ქიდ ქადის ანიმაციურ სერიალ Kids See Ghosts-ს სულ მალე ვიხილავთ

კანიე უესტის და ქიდ ქადის ანიმაციურ სერიალ Kids See Ghosts-ს სულ მალე ვიხილავთ. სერიალი ცნობილმა მომღერალმა ქიდ ქადიმ ინსტაგრამის მეშვეობით დაანონსა და მისი ტრეილერიც გაავრცელა.

შოუს სახელი კანიე უესტის და ქიდ ქადის საერთო ჯგუფის და ალბომის, Kids See Ghosts-ის მიხედვით ეწოდა. ალბომი 2018 წელს გამოვიდა და ის კანიეს და ქადის დაპირისპირების დასრულების და მეგობრობის გაგრძელების საბოლოო დამადასტურებელი საბუთი იყო.

ანიმაციური სერიალის რეჟისორი თანამედროვე იაპონელი მხატვარი, ტაკაში მურაკამია. მის მთავარ გმირებს – დათვ კანიეს და მელია ქადის კანიე უესტი და ქიდ ქადი გაახმოვანებენ.

აღსანიშნავია, რომ Kids See Ghosts-ის ალბომის ქავერიც ტაკაში მურაკამის შექმნილია. რაც შეეხება სერიალის ერთ-ერთ მთავარი გმირს – დათვს, ის მურაკამიმ ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნა კანიე უესტის ალბომისთვის, რომელსაც Graduation ეწოდება.

ანიმაციური სერიალის ტრეილერში მოჩვენებებით გარშემორტყმული დათვი კანიე და მელია ქადი თავგადასავალში ებმებიან და მათ უცნაური არსება – მფრინავი ხის ქალი გადაარჩენთ, რომელიც კოსმოსურ ხომალდად გადაიქცევა.

ჯერ-ჯერობით, სერიალის გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა, როგორც ქიდ ქადი წერს, მას მალე ვიხილავთ.