სად და როგორ დავისვენოთ ბათუმში

საქართველოში ეპიდსიტუაციის ნორმალიზების შემდეგ შიდა ტურიზმი დასაშვები გახდა. ცხელი ზაფხულის უსაფრთხოდ გატარება შავი ზღვის სანაპიროზე უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა ხანგრძლივი დასვენება მხოლოდ ზღვის სანაპიროზე ყოფნით შესაძლოა მოსაწყენიც იყოს. თორმეტი გირჩევთ, როგორ შეიძლება გაატაროთ რამდენიმე დღე ბათუმში ისე, რომ დასვენება ყველაფერთან ერთად, საინტერესო თავგადასავალიც იყოს.

სასტუმრო კოლიზეუმ მარინა

პირველ რიგში, ქალაქში ჩასვლამდე უნდა შეარჩიოთ სასტუმრო. ჩვენი გუნდი დიდი ხანი არჩევდა სასტუმროს, სადაც ივლისში კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებდით დასვენებას. არჩევანი კი ზღვის პირველ ზოლში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კოლიზეუმ მარინაზე შევაჩერეთ. გარდა იმისა, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები მაღალ ხარისხზეა დაცული და ნომრების ფანჯრებიდან ყოველ საღამოს მზის ჩასვლის ულამაზესი ხედებით შეგვიძლია დავტკბეთ, სასტუმრო ივლისის თვეში მნიშვნელოვან ფასდაკლებებს გთავაზობთ:

✅ განთავსება ორ ადამიანზე სტანდარტულ ოთახში – 150₾;

✅ საუზმე ორ ადამიანზე – 50₾;

✅ 6 წლამდე ბავშვებისთვის განთავსება უფასოა

✅ უფასოდვე ისარგებლებთ სასტუმროს ტერასითა და ღია აუზით.

☀ ივლისის თვის აქცია! #დაისვენებათუმში🏖 გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები ზღვის პირველ ზოლში სასტუმრო კოლიზეუმ მარინასთან…

Posted by Colosseum Marina Hotel • სასტუმრო კოლიზეუმ მარინა on Thursday, June 25, 2020

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა 31 ივლისამდე შეგიძლიათ.

ბათუმის ბულვარი

შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიუყვება 10 კმ-ზე მეტი სიგრძის ბულვარი, სადაც სიმწვანეში ჩაფლულ სკულპტურებს, კაფეებს, საბავშვო ატრაქციონებსა და სუვენირების დახლებს ვიპოვით. ბულვარში ფეხით სეირნობის გარდა, შეგიძლიათ იქირავოთ ველოსიპედი, სკუტერი, ელექტროსკუტერი და სხვა სატრანსპორტო საშუალებები. ბულვარში სეირნობისას უნდა ვნახოთ ბათუმის თეთრი კოლონადებიც, რომელიც 80 წელიწადზე მეტია ბულვარის ნაწილია.

ნურის ტბა და დელფინარიუმი

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, 6 მაისის პარკში ვიპოვით ნურის ტბას, სადაც დაშვებულია ნავებით სეირნობა და თევზაობა. ტბიდან მარტივად მივალთ ბათუმის დელფინარიუმამდე, სადაც სპეციალური პროგრამის გარდა, შეგვიძლია დელფინებთან ერთად ვიბანაოთ კიდეც.

ერას და საოცრებათა მოედნები

ძველი ბათუმის ნაწილში, ორ მოედანზე რამდენიმე მნიშვნელოვანი არქიტექტურული და ისტორიული მნიშვნელობის სკულპტურასა და ნაგებობას შევხვდებით. ანბანის კოშკი, ალის და ნინოს ქანდაკება, ჭაჭის კოშკი – ამ ყველაფერს საოცრებათა მოედანზე ვიპოვით. აქვეა ბათუმის საზღვაოსნო ნავსადგური და ე.წ. „იახტკლუბი“. თქვენ შეგიძლიათ იახტით შეხვიდეთ ზღვის სიღრმეში და შორიდან დააკვირდეთ ქალაქის პანორამულ ხედს, ან მოედანზე განთავსებული პანორამული ბორბალითვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქის ხედი.

ერას მოედანზე, ნეპტუნისა და მედეას ქანდაკებებთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ ასტრონომიული საათიც. ქალაქის ამ ნაწილში ძირითადად ძველი არქიტექტურული ნაგებობებია წარმოდგენილი.

რეტრო და ბათუმის თევზის ბაზრობა

ბათუმში დასვენებისას, ქვიშაზე მოხარშული ყავის გარდა, აუცილებლად უნდა გასინჯოთ რეგიონის მთავარი კერძი, აჭარული ხაჭაპური – ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც გემრიელ ხაჭაპურს ამზადებენ, რეტროა. საზღვაო კურორტზე დასვენებისას აუცილებლად უნდა გავსინჯოთ თევზიც – ამ შემთხვევაში ბათუმის თევზის ბაზრობას გირჩევთ, სადაც თევზს შეძენისთანავე დაამუშავებენ და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე მოგიმზადებენ.

საბაგირო არგო

ქალაქის პანორამული ხედი საბაგირო „არგოს“ საშუალებითაც დავათვალიეროთ. ბათუმის ფუნიკულიორისკენ დახურული, შუშებიანი გონდოლათი მგზავრობა 20 წუთამდე გრძელდება, მთიდან კი მთელი ქალაქის ხედი იშლება. მთაზე კი კაფეები, ტერასა და რეკრეაციული სივრცეები გვხვდება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი – მწვანე კონცხი

მწვანე კონცხი ბათუმიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული. ბოტანიკურ ბაღში, სპეციალურად დაყოფილ ზონებში სხვადასხვა მცენარეთა სახეობებს ვიპოვით, მათ შორის, ბაღშია ასწლოვანი ხეებიც. სიმწვანეში სეირნობისას ვიპოვით გადასახედ ლოკაციებს, კაფეებს და ა.შ.

გონიოსა და პეტრას ციხეები

ბათუმიდან მოშორებითაა გონიოს და პეტრას ციხეებიც. გონიო-აფსაროსის ისტორიული ციხე, რომელიც I საუკუნითაა დათარიღებული, მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსს ატარებს. გირჩევთ, რომ ციხესიმაგრე გიდთან ერთად დაათვალიეროთ. პეტრას ციხე გონიოს ციხესიმაგრის საპირისპირო მიმართულებითაა, ციხისძირში – VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აშენებული ციხისგან დღეს ნანგრევებია შემორჩენილი. ეზოს ბოლოდან კი ზღვაზე იშლება პანორამული ხედი.

თორმეტი სასიამოვნო და უსაფრთხო დასვენებას გისურვებთ!