„ხელოვნება კარგი და აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება ხელოვნება, ისევე როგორც გვჭირდება საჭმელი.“ – ასეთი იდეის მატარებელია მხატვარი ჯუზეპინა ჯორდანოს პროექტი 10 Cents – ART AT SUPERMARKET.

იტალიელ მხატვარს პროექტის იდეა მაშინ დაებადა, როდესაც სახლში, Covid-19-ის პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფებოდა. ჯუზეპინა ფიქრობდა იმ პრობლემებზე, რომლებსაც შეხვდნენ ხელოვანები პანდემიის გამო – დაიხურა საგამოფენო სივრცეები, გადაიდო გამოფენები და ხელოვნების ფესტივალები.
სწორედ ამიტომ, ხელოვანმა გადაწყვიტა შეექმნა პროექტი, რომელიც გააერთიანებდა ხელოვანებს და სუპერმარკეტების უბრალო მომხმარებლებს და ამით დაეხმარებოდა დაზარალებულ ადამიანებს. პროექტი 10 Cents გარდა იმისა, რომ ეხმარება თანამედროვე ხელოვანებს ცნობადი გახადონ მათი შემოქმედება, ასევე აკავშირებს ერთმანეთთან საქმეებში გართულ ადამიანებსა და ხელოვნებას. იტალიის ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში პროდუქტის ძიებაში გართულ მომხმარებლებს თაროებს შორის მოულოდნელად ელოდებათ ხელოვნების ნიმუშები. პროექტის საშუალებით სუპერმარკეტი გარდაიქმნება „საგამოფენო სივრცედ“.

პროექტში მხატვრებთან ერთად, თავად მომხმარებლებიც მონაწილეობენ – სუპერმარკეტის სალაროებთან მათ შეუძლიათ სიმბოლური თანხა 10 ცენტი დატოვონ ეკონომიკურად, სოციალურად ან ფიზიკურად დაზარალებული თანამედროვე ხელოვანების დასახმარებლად.


