სიმარტივე და უბრალოება – Lovestars-ის კონცეფცია

ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მარტივი და უბრალო ყველაფერი მოსაწყენი და ერთფეროვანია. იგივე ფორმულა არ და ვერ გავრცელდება ტანისამოსზე – დღეს ძალიან ბევრი მომხმარებელი ბრენდებში სწორედ ამას ეძებს: მარტივი, სადა და უბრალო.

სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე 2019 წელს ბრენდი Lovestars“, რომელიც სალი სულთანიშვილმა და ნიტა ტრაპაიძემ დააფუძნეს. თორმეტი ბრენდის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე სწორედ მათ ესაუბრა.

როგორ დაიწყო ბრენდის ისტორია?

ბრენდის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა – ამასთან, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა საკუთარი ნამუშევრები გამოგვეყენებინა და საზოგადოებისთვის წარგვედგინა. 2019 წლის შემოდგომაზე, ხანგრძლივი მუშაობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად პირველი კოლექცია შევქმენით და ბრენდის ისტორიაც ალბათ აქედან იწყება. მიზნად დავისახეთ სხვებამდე მიგვეტანა სამყაროს ჩვენებური ხედვა, ჩვენი იდეებისა და ხელოვნების ერთობლიობა – ვფიქრობ, გამოგვივიდა.

როგორ შეარჩიეთ ბრენდის სახელწოდება?

პირველ რიგში, სახელი კავშირში უნდა ყოფილიყო ბრენდის ხასიათთან, რაც სიმარტივესა და უბრალოებაში გამოიხატება. შერჩეულ სახელს სიმბოლური ან კონცეპტუალური მნიშვნელობა არ აქვს, იგი ისეთივე მარტივი, სადა და უბრალოა, როგორც ჩვენი ტანსაცმლის ხაზი.

რა გამოგარჩევთ სხვა ბრენდებისგან დღეს და რისი თქმა გინდათ ქართული მოდის სამყაროში?

მთავარი, რაც დღეს სხვა ქართული ბრენდებისგან გამოგვარჩევს, ავთენტურობისა და პრაქტიკული სტილის ჰარმონიული სინთეზია. როდესაც ამ იდეაზე ვმუშაობდით, გვინდოდა მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებისთვის მოგვერგო ტანისამოსი და ფეხსაცმელი, ამავდროულად, კოლექციებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ავთენტური დეტალები – სწორედ ასე აღმოჩნდა ჩვენი შექმნილი ნახატები კოლექციაში, ქსოვილებზე დატანილი პრინტების სახით.

რას სთავაზობს თქვენი ბრენდი ამ ეტაპზე მომხმარებლებს?

ჯერჯერობით მომხმარებელი ჩვენთან შეძლებს მისთვის სასურველი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის პოვნას. კერძოდ, პიჯაკები, შარვლები და ქვედაბოლოები; ლოფერები, ნატურალური ტყავის ფერადი და „Mary-Jane“ სტილის ფეხსაცმლები. ყოველივე ამაზე კი დატანილია ჩვენი ნამუშევრები.

ჯერჯერობით პროდუქტის შეძენა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ვხვდებით დამკვეთს და მისი პრეფერენციების მიხედვით მზადდება ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი.

რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებლებს მომავალში?

ამ ეტაპზე ძიების და შემოქმედებითი ექსპერიმენტების პერიოდი გვაქვს, ძალიან საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან ცოდნას ვიღებთ. გვაქვს მრავალი ახალი იდეა, რომელზეც ვმუშაობთ, მათ შორის კოლექციების ნაწილშიც. ვმუშაობთ ბიზნესის გაფართოებაზეც, გარდა ონლაინ ფორმატისა, გვინდა მომხმარებელთან ფიზიკურადაც შეგვეძლოს დაკავშირება, ამიტომ, ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას.