ბრიტანელი მხატვარი რეკორდული ზომის ნამუშევარს ქმნის

დუბაიში მცხოვრები ბრიტანელი მხატვარი – საშა ჯაფრი დუბაიში არსებულ სასტუმრო „ატლანტიდაში“ 6-კვირიანი თვითიზოლაციის განმავლობაში რეკორდული ზომის ნამუშევარი შექმნის.

ნახატის სახელწოდებაა – „ჩვენ ერთად ვართ – ადამიანურობით შთაგონებული“. აღნიშნული ხელოვნების ნიმუშიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

მხატვარმა Euronews-თან განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი ნამუშევარი, აქამდე, ტილოზე შექმნილ ნამუშევართა შორის, ყველაზე დიდი იქნება (110მ x 28მ). ნახატი, დასრულების შემდგომ, 48 საათის განმავლობაში არქიტექტურულ კომპლექს – The Dubai Frame-ზე დაიკიდება.

პროექტის ფარგლებში მხატვარი, მსოფლიოს გარშემო, ბავშვების მოწვევას გეგმავს, რათა იხილონ, როგორ შეიძლება შთააგონოს ხელოვნება იზოლაციასა და ადამიანებს შორის არსებული კავშირის არსებობამ. ასევე, ბავშვებს ექნებათ საშუალება, რომ ჯაფრის ნამუშევარზე თავადაც დატოვონ კვალი და მას ის მიახატონ, რაც მოესურვებათ.

„ყველა არსებული პორტალი ბავშვთა ნახატებით გაივსება. ამ პროექტის ძირითადი იდეა ისაა, რომ პორტალთა მიღმა დავინახოთ უკეთესი სამყარო, დავინახოთ სამყარო ბავშვთა გონების, გულისა და სულის საშუალებით.“ – განაცხადა მხატვარმა.