გილერმო დელ ტორო პინოქიოს ანიმაციურ ფილმზე მუშაობს

ნეტფლიქსის თქმით, გილერმო დელ ტოროს პინოქიოს ეკრანიზაციას ქეით ბლანშეტი და ტილდა სვინტონი შეუერთდებიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ პერსონაჟებზე იმუშავებენ ისინი, თუმცა ცნობილია, რომ დეივიდ ბრედლი ჯეპეტოს გაახმოვანებს, გრეგორი მანი – პინოქიოს, ევან მაკგრეგორი კი ჭრიჭინა ჯიმინს.

Photo Credits to Netflix

ანიმაციურ ფილმში მოქმედება მუსოლინის ფაშისტურ იტალიაში ხდება და მასში პინოქიოს ამბის ბნელი მხარეა მოთხრობილი.

„ჩემი დიალოგის პირველი ნაწილი დასრულებულია. უკვე შესაძლოა სიმღერაც კი გვქონდეს ჩაწერილი. არ ვიცი ამაზე საუბრის უფლება თუ მაქვს,“ – ამბობს ჭრიჭინას გამხმოვანებელი მაკგრეგორი.

„დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით ამ შესანიშნავ გუნდს. გაგვიმართლა რომ ნეტფლიქსი მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში გვედგა. ჩვენ ყველას გვიყვარს ანიმაცია და გვჯერა, რომ მისი დახმარებით ამ ცნობილ ისტორიას მაყურებელს სულ სხვა თვალით დავანახებთ,“ – ამბობს ფილმის პროდიუსერი დელ ტორო.

ფილმის ანიმაციაზე ალექსანდრე დესპლატი მუშაობს, თოჯინები კი „Mackinnon & Saunders“-მა დაამზადა. სწორედ მათი შექმნილია ტიმ ბარტონის „პატარძლის გვამის“ თოჯინებიც.

ნეტფლიქსის თქმით, ფილმზე მუშაობა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად მიმდინარეობს და მას 2021 წელს ვიხილავთ.