თბილისში თანამედროვე გასტრონომიული დუქანი გაიხსნა

ფოტო: ირმა შარიქაძე

ახალი ხედვით თანამედროვეობაში გაცოცხლებული ძველთბილისური რიგები, გემო და გასტრონომია – სწორედ ამ კონცეპტს ეფუძნება თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“, რომელმაც პირველ სტუმრებს სატესტო რეჟიმში დღეს უმასპინძლა.

„რიგის“ კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს, სადაც თბილისური გასტონომიული კულტურა და ქალაქური ხასიათი, რიგიანად შეერწყა თანამედროვეობის მოთხოვნებს.

გამორჩეული კონცეფციის ახალ სივრცეზე უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი, თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გულიანი მასპინძლობის ადგილად ქცეული სახაბაზო „პური გულიანის“ შემქმნელები მუშაობდნენ.

„რიგი“, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ მორიგი გასტრონომიული პროექტია, რომლის კონცეფციისა და ბრენდინგის შექმნაზე კვების საკონსულტაციო ბიზნეს-სააგენტო „გასტრონავტი“ მუშაობდა.

 „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ მიერ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობად აღებულ ამოცანებს შორის, ქართული გასტრონომიის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მთლიანად ჯგუფისა და „რიგის“, როგორც ბრენდის გამოწვევაა, ხელი შეუწყოს თბილისური და ზოგადად, ქართული სამზარეულოს ახლებურად გაცოცხლებასა და მისი გასტრონომიული ღირებულების ზრდას ჩვენს დროში.

სწორედ ამ მიზნის შესრულების გზაზე გაჩნდა „რიგი“, ძველი თბილისური ხასიათისა და გემოს შთაგონებით შექმნილი ბრენდი, რომელიც თანამედროვე ყოფაში ორგანულად გაცოცხლდა და ყოველდღიური კვების გასტრონომიულ დუქნად მოევლინა ქალაქს.

თუ მადიანად ჭამა მოგნატრებია, ოჯახთან და მეგობრებთან გულიანი მოლხენა მოგიწადინებია და ქართული სუფრის წესი და რიგიც სათანადოდ დაგიფასებია, „რიგში მოდი, თვითონ მნახე ვინა ვარ!“