შედევრებში დამალული ოთხი უცნაური დეტალი

კულტურის ისტორიაში არაერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომლებიც საუკუნეების გავსლის შემდეგაც ახერხებენ, ინტერესი გამოიწვიონ. ასეთი ნაშრომები ხშირად გადაიხედება და დროდადრო ისეთი დეტალები ხდება თვალსაჩინო, რომლებიც მათში უფრო ღრმად ჩახედვის საშუალებას გვაძლევს.

სტატიაში ოთხ მათგანს გაეცნობით, რომლებშიც უცნაური დეტალები ძალიან ნაცნობ ნახატებს განსხვავებული თვალით დაგანახებთ.

გუსტავ კლიმტი, კოცნა (1907)

ავსტრიელი სიმბოლისტის, გუსტავ კლიმტის მშობლიურ ქალაქში, 1907 წელს ხშირად გაიგონებდით სიტყვებს, როგორებიცაა თრომბოციტები, სისხლის უჯრედები.. განსაკუთრებით კი ვენის უნივერსიტეტის მიდამოებში, სადაც კლიმტი რამდენიმე წლით ადრე, სამედიცინო თემებზე ნახატების შესაქმნელად მიიწვიეს. ამ უნივერსიტეტში კარლ ლანდშტაინერი (პირველი მეცნიერი, რომელმაც სისხლის ძირითადი ჯგუფები აღმოაჩინა) სისხლის გადასხმაზე მუშობდა და ცდილობდა, წარმატებისთვის მიეღწია. კლიმტის ნახატში ქალის კაბაზე ვამჩნევთ განმეორებად, პულსირებად მონაკვეთებს. თუ მათ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ ლაბორატორიულ ჭურჭელს, რომელშიც უჯრედები პულსირებს.

ამ დეტალის აღმოჩენის შემდეგ, გვეჩვენება, რომ კლიმტი ნახატზე გამოსახული ქალის სულს გულდასმით გვათვალიერებინებს. „კოცნა“ არის ნამუშევარი, რომლითაც ავტორი მარადიულ სიყვარულს ლაბორატორიული გამოკვლევით აშუქებს.

ედვარდ მუნკი, კივილი (1893)

ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის „კივილი“, უკვე საუკუნეზე მეტია, ძლიერი შფოთვის გამოხატულებად მიიჩნევა. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ნახატის მთავარი ფიგურა პერუელი დედის სახის გამომეტყველების მიხედვით შეიქმნა, რომელსაც ნახატის ავტორი 1889 წელს, პარიზში, უნივერსალურ გამოფენაზე შემთხვევით შეხვდა. მაგრამ მუნკს უფრო მეტად აწუხებდა მომავალი, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ვიდრე წარსული. მეტად სავარაუდოა, რომ მას უზარმაზარი ნათურის დანახვა უფრო გააოცებდა, რომელშიც უფრო პატარა 20,000  ნათურა იყო. ეს ნამუშევარი იმავე გამოფენაზე პედესტალზე იდგა და პავილიონის სიმაღლეს აღემატებოდა. თომას ედისონის დიდებული იდეისადმი მიძღვნილი სკულპტურა მუნკის გონებაში დაილექა. ნახატის მთავარი პერსონაჟის სახის მოხაზულობა, ჩამოგრძელებული ყბითა და მომრგვალებული თავის ქალით, გამაოგნებელი სიზუსტით აირეკლავს ედისონის შემაძრწუნებელ, ელექტრულ გამოგონებას.

სანდრო ბოტიჩელი, ვენერას დაბადება (1482-1485)

იტალიელი მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის ნამუშევარში – „ვენერას დაბადება“, უნდა შევნიშნოთ ქალღმერთის მარჯვენა მხარზე, ქარის დაბერვის მიუხედავად, უძრავად დარჩენილი ოქროსფერი თმის ხვეული. ეს დეტალი ნახატის ვერტიკალური ღერძის მინიატურულ ძრავას ჰგავს, რომელიც ჩვენი წარმოსახვის ამოქმედებისკენაა მიმართული. სრულყოფილი ლოგარითმული ხვეული არც უმნიშვნელო ორნამენტია და არც შემთხვევითი მონასმი. მისი შემჩნევა ნახატის სხვა პერსონაჟებსა და ნიჟარაშიც შეგვიძლია. მე-17 საუკუნეში, შვედმა მათემატიკოსმა იაკობ ბერნულიმ მას „საოცარი სპირალი“ (spira mirabilis) უწოდა. ბოტიჩელის ნამუშევარში, რომელიც მუდმივ დახვეწილობას განსახიერებს, იდუმალი ხვეული ვენერას მარჯვენა ყურში ჩასჩურჩულებს და ჭეშმარიტებისა და სილამაზის საიდუმლოს აზიარებს.

უილიამ ტერნერი, წვიმა, ორთქლი და სიჩქარე – დიდი დასავლური რკინიგზა (1844)

საიდუმლო არაა, რომ ტერნერმა მატარებლის მუქ ბილიკში, დამალა კურდღელი, რომელიც გარბის. მხატვარმა ეს დეტალი პატარა ბიჭს გაუმჟღავნა, რომელსაც ნახატი გამოფენისთვის უნდა მოემზადებინა. როგორ უკავშირდება ეს წვრილმანი ამ ნახატის, ტექნოლოგიების ათვისების იდეას?  ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან, კურდღელი ხელახლა დაბადებისა და იმედის სიმბოლოა. ტილო პირველად 1844 წელს გამოიფინა და მნახველებს იმ ტრაგიკულ მოვლენას ახსენებდა, რომელიც სულ რაღაც ორ-ნახევარი წლის წინ, ახალი წლის წინა დღეს მოხდა: მატარებლის ავარიამ 9 ადამიანი იმსხვერპლა, 16 კი მძიმედ დააზიანა.  ნახატების მასშტაბურობით ცნობილმა ტერნერმა კურდღლის ემბლემის გამოყენებით, შეძლო, ნამუშევარში ეჩვენებინა მსხვერპლის ტრაგიკულობა და ის, თუ როგორი უსუსური შეიძლება იყოს სიცოცხლე.