ასე შეიქმნა „სოფლის დღიურები“ – ბარბარა სამხარაძის საინტერესო პროექტი

ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერის“ საშუალებით 2016 წელს გაიცნო. ახალგაზრდა მომღერალი დღეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. სულ ცოტა ხნის წინ, ბარბარამ საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე განცხადება გააკეთა და მის მსმენელს საკუთარი გადაცემის, „სოფლის დღიურები“, დაწყების შესახებ აცნობა. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ბარბარას დავუკავშირდით.

მომღერალი ამბობს, რომ ამ პროექტის წამოწყებაში მისი მთავარი შთაგონება დედა იყო. ჩვენთან საუბარში იგი იხსენებს მეზობლებს, გარშემომყოფებს, ადამიანებს, რომლებისგანაც წლების განმავლობაში უამრავ საინტერესო ამბავს ისმენდა. მათგან იგებდა, თუ რამდენი სირთულე შეხვდათ ცხოვრების გზაზე და როგორ შეძლეს მათი გადალახვა. ბარბარას გაუჩნდა სურვილი, ამ ადამიანების შესახებ ფართო საზოგადოებას გაეგო; სურდა, ყველას მოგვესმინა მათი ისტორიები, მიზნები, სურვილები. მომღერალი თვლის, რომ ამ პროექტის საშუალებით, ძალიან ბევრი ქალი, რომლებიც, თითქოს, დაკარგულია ოჯახის რუტინულ საქმიანობაში, საკუთარ თავს იპოვის.

ბარბარა სამხარაძე ახლა სპონსორების მოძიებით აქტიურადაა დაკავებული. მას სჭირდება ადამიანები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ გადაცემის სტუმრების გახარებაში და შეძლებენ მათი ყოველდღიურობის გაფერადებას. მომღერალი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: „სოფელი არაა ის ადგილი, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, არც ბედნიერება ყრია გზაზე, ვინმემ ფეხი რომ წამოკრას. უბრალოდ, ხალხია ისეთი კეთილშობილი, ყველაფერ საუკეთესოს რომ იმსახურებენ. მეც ამ ყველაფერს მათ გასაბედნიერებლად ვაკეთებ“.

გადაცემის პრემიერა დღეს შედგება. ახალი ეპიზოდების ნახვა მაყურებელს ყოველ კვირას, გადაცემის YouTube არხზე 21:00 საათზე შეეძლება.