ვერსაჩემ საკუთარი ჩვენებების ისტორიაში პირველად „პლუს-ზომის“ მოდელები წარმოგვიდგინა

დონეტელა ვერსაჩეს განცხადება, რომელიც „TIME“-მა ჯერ კიდევ 2008 წელს გამოაქვეყნა, მოიცავდა იმ აზრს, რომ ზომა არ ნიშნავს არაფერს, უნდა ჩაიცვათ ისე, როგორც მოგეწონებათ – შეგიძლიათ სიამაყით იყოთ ისეთები, როგორიც ხართ. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ ამ მოსაზრების განხორციელების შესახებ.

Photo Courtesy of Versace

კერძოდ, ვერსაჩემ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ასპარეზი დაუთმო პლუს ზომის მოდელებს – ალვა კლერს, ჯილ კორტლევსა და ფრეშეს ლის. კორტლევი აღნიშნულ ფაქტს ინსტაგრამზეც გამოეხმაურა: „ვიმედოვნებ, კარს გავუხსნით იმ ახალი თაობის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ოცნება, მაგრამ მათ არასდროს უნახავთ თავიანთი თავი ჟურნალებსა თუ სარეკლამო რგოლებში.“

იტალიელი დიზაინერის წლევანდელი ჩვენება ფერადი და კაშკაშა ტანსაცმლით ხასიათდება. მოდელებს შორის იყვნენ ასევე ჯოან სმოლსი, ირინა შეიკი, თუმცა კრიტიკოსების აზრით, სწორედ სამმა ახალმა სახემ „მოიპარა“ მთელი ჩვენება და გახადა ის ორიგინალური.