„ფანქრის ჯადოქრის“ დაბრუნება და პერსონალური გამოფენა თბილისში

„თოვლის მხატვარი“ გურამ დოლენჯაშვილი 1988 წლის შემდეგ თბილისში პირველ გამოფენას მართავს. გამოფენა 21 სექტემბერს დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა და დამთვალიერებელს ოქტომბრის ბოლომდე ელის. ფანქრის ჯადოქრად წოდებული გურამ დოლენჯაშვილი გამოფენის სამშობლოში მოწყობას სრულიად კანონზომიერს უწოდებს და ამბობს: „არასდროს არ დამიხატავს შეკვეთით, ვიყავი უცხოეთში და ვხატავდი სამშობლოს.“ მშობლიური მხარის – იმერეთის სული მის ნახატებში ყველაზე მძაფრად იგრძნობა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 300-მდე ნამუშევარი. ფანქრის, ოფორტის და ფერწერულ ტილოებთან ერთად დამთვალიერებელი მხატვრის შემოქმედების ამსახველ ფოტომასალასაც ნახავს. ერთ-ერთ სექციაში წარმოდგენილია მისი ბოლო ნამუშევრები, რომელიც კალმით შეასრულა მხატვარმა. საგამოფენო სივრცეში დიდი ადგილი ეთმობა იმერეთის, ხევსურეთისა და სვანეთის პეიზაჟებს. დოლენჯაშვილი „თოვლის მხატვრად“ შემთხვევით არ მიიჩნიეს. 77 წლის მხატვრის შემოქმედება ზამთრისა და თოვლის პეიზაჟებითაა სავსე. „შემოდგომის წვიმების, ფოთოლგაცვენილი ხეების შემდეგ, დილით რომ გაიღვიძებ და თეთრად გადაპენტილ მიდამოს დაინახავ, წარმოუდგენელია სიტყვებით მისი აღწერა“- სიტყვით არა, თუმცა საკუთარი ნიჭით, ფანქრით, ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსცემს თითოეულ დეტალს და ნახატში ყოფნის განცდას გიქმნის.

გურამ დოლენჯაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 1979 წელს ტიქსში, იაკუტის მხარეში მოეწყო და მას შემდეგ გამოფენებს მართავდა მოსკოვის, სინგაპურის, საფრანგეთის, ბერლინის, აშშ-ს, შვედეთის და სხვა ქვეყნებისა თუ ქალაქების საგამოფენო სივრცეებში. გურამ დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში.