მარიონეტები მოდელებისა და სტუმრების როლში – Moschino-ს უახლესი ჩვენება

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, მოდის ისტორიაში ყველაზე პატარა შოუ ჩატარდა, რომელშიც არც მოდელებს მიუღიათ მონაწილეობა და, შესაბამისად, არც დაპატიჟებული სტუმრები გამოჩენილან.

ამის ნაცვლად, Moschino-ს ახალი კოლექცია ჯიმ ჰენსონის ქმნილებებმა წარმოადგინეს. მოსკინოს კრეატიულმა დირექტორმა ჯერემი სკოტმა, ჯიმ ჰენსონის “Creature Shop”-ის დახმარებით, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია სპეციალურად შექმნილ მარიონეტებს მოარგო.

მსოფლიო პანდემია უამრავი ცნობილი ბრენდისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. ცნობილი დიზაინერების გარკვეულმა ნაწილმა ციფრული მედიის საშუალებით წარუდგინა ახალი კოლექცია მოდის ინდუსტრიით დაინტერესებულ საზოგადოებას, ზოგიერთმა მათგანმა კი სოციალური დისტანციის ნორმების დაცვით ჩაატარა შოუ. სკოტი, ამ მხრივ,  ყველაზე ორიგინალური აღმოჩნდა. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ თითოეულ მარიონეტს კონკრეტული ცნობილი ადამიანის როლი ჰქონდა მორგებული. თავად ბრენდის კრეატიული დირექტორის თოჯინას კი Moschino-ს მაისური ამშვენებდა.

კრეატიული დირექტორის თქმით, არა მარტო მოდელების მინიატურული სამოსისა და აქსესუარების გაკეთებაზე დაიხარჯა დიდი დრო და ენერგია, არამედ, ასეთივე ძალისხმევა ჩაიდო შოუს სტუმრების ვიზუალის შექმნაშიც. მათ სიაში იყო ანა ვინტურის მარიონეტიც, რომელსაც მოდის სამყაროს მნიშვნელოვანი ფიგურის განუყრელი აქსესუარი, სათვალეც, კი ამშვენებდა.

თუმცა, ცხადია, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია რეალურ  ზომებშიც შეიქმნება და ბრენდის თაყვანისმცემლები შეძლებენ მათ მორგებას. როგორც ყოველთვის, Moschino-ს სამოსი ახლაც გამორჩეულია. მომხმარებლები უკვე ელიან, როდის გახდება შესაძლებელი, მოირგონ დიდი ზომის ბაფთებით დამშვენებული ელეგანტური კაბები, ტულის ქვედაბოლოები თუ პერანგები დრამატული საყელოებით.  

Moschino-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებამ დადებითად შეაფასა ბრენდის ნაბიჯი: „ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც ამ წელს ვნახეთ!“. „საოცრად კრეატული პასუხი მსოფლიო პანდემიას, აღფრთოვანებული ვარ!“ – წერს ერთ-ერთი მომხარებელი.

მიუხედავად საზოგადოების დადებითი რეაქციისა, ბრენდის კრეატიული დირექტორის თქმით, იგი მოუთმენლად ელის, როდის შეძლებს ნამდვილ მოდელებთან მუშაობას. მას საოცრად აკლია ის ენერგია, რომელიც ჩვენების დამსწრე საზოგადოებიდან მოდის და შოუს ჩატარების შემდეგ შექმნილი ატმოსფერო, რომელსაც მიღწეული წარმატება ქმნის.