„ავატარი 2-ის“ გადაღება დასრულდა, „ავატარი 3“ კი 95%-ით მზადაა

ჯეიმს კამერონის თქმით, „ავატარი 2-ის“ გადაღება დაასრულა, ხოლო „ავატარი 3“ თითქმის მზადაა. აღნიშნული განცხადება კამერონმა ონლაინ-შეხვედრაზე, არნოლდ შვარცნეგერთან გააკეთა.

Photo Credits to Twentieth Century Fox

ფილმის მეორე ნაწილი 2020 წლის დეკემბერში უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი პრემიერა 2022 წლის 16 დეკემბრამდე გადაიდო. „ავატარი 3-ის“ პრემიერა კი დაგეგმილია 2024 წლის 20 დეკემბერს, „ავატარი 4-ის“ 2026 წელს, ხოლო „ავატარი 5-ის“ 2028 წელს. პანდემიამ კამერონის ფილმზეც იმოქმედა და გადაღებები ოთხ თვეზე მეტხანს იყო შეჩერებული. ამის მიუხედავად, რეჟისორი ამბობს, რომ მას არ აქვს დამატებითი წელი. „იმ დღეს, როდესაც ჩვენ საბოლოოდ დავასრულეთ „ავატარი 2“, გავაგრძელეთ მუშაობა მესამე ნაწილის დასრულებისთვის და ის 95%-ით მზადაა“- განმარტავს კამერონი.

ფილმს იღებენ ახალ ზელანდიაში, სადაც შეიქმნა ავატარის პირველი ნაწილი. კამერონი ფიქრობს, რომ მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან ახალი ზელანდია ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა აღმოჩნდა COVID 19-ზე რეაგირების თვალსაზრისით. „ავატარის“ პირველ ნაწილზე მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც კამერონმა სცენარი დაწერა. პრემიერა მხოლოდ 2009 წლის 10 დეკემბერს შედგა, მსოფლიოს მასშტაბით კი 16 დეკემბერს. ძალიან მოკლე დროში ფილმმა წარმოუდგენელი მოგება მოიტანა და ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

შვარცნეგერთან საუბრისას ჯეიმს კამერონმა არაფერი თქვა სცენარსა და ფილმის დეტალებზე.