შონ მენდესი თავის ახალ, რიგით მეოთხე, ალბომზე მუშაობს

22 წლის კანადელი მომღერალი შონ მენდესი სოციალური მედიის საშუალებით გვაცნობებს, რომ 2 ოქტომბერს ახალ სიმღერას, სახელწოდებით „Wonder“ გამოუშვებს. 4 დეკემბერს კი, დაანონსებულია მისი ახალი, რიგით მეოთხე ალბომის გამოშვება, რომელსაც უახლესი სიმღერის სახელწოდება ექნება.

მენდესის ერთგულ მსმენელს უკვე შეუძლია ახალი სიმღერის კლიპის თიზერის ნახვა, რომელიც მომღერალმა საკუთარი YouTube-ის გვერდზე 30 სექტემბერს განათავსა. ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ აღმოჩნდება შონ მენდესი ერთი არაფრით გამორჩეული ბინის ღია ფანჯრიდან ცარიელ სანაპიროზე: „So I Guess I’ll Have A Chance To Get Lost In Wonderland“.

ახალგაზრდა მომღერალმა ახალ ალბომთან დაკავშირებით ინსტაგრამსა და ტვიტერზეც გააკეთა განცხადება: „განცდა მაქვს, თითქოს, ჩემი სულის ნაწილი ჩაიწერა სიმღერის სახით. ვეცადე ისეთი ნამდვილი და გულწრფელი ვყოფილიყავი, როგორც არასდროს. ეს სწორედ ის ალბომია, რომლის გაკეთებაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა“.

სავარაუდოა, რომ მენდესის ახალი ალბომი ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც მისი სხვა ნამუშევრებია, რომელთა შორისაცაა შონ მენდესისა და კამილა კაბელოს კოლაბორაცია, „Seniorita”. ამ უკანასკნელმა Spotify-ს ყველაზე მოთხოვნად სიმღერებს შორის მოწინავე ადგილი დაიკავა.