AC/DC ახალი ალბომით „Pwr Up“ ბრუნდება

რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად იდებოდა მინიშნებები, რომლებიც გვაუწყებდა ავსტრალიური როკ ჯგუფის, AC-DC-ის, დაბრუნების შესახებ. საბოლოოდ, თავად ჯგუფის წევრებმაც დაადასტურეს გავრცელებული ხმების ჭეშმარიტება. „მზად ხართ?“ – შეეკითხა ბენდი სოციალური ქსელის მეშვეობით ერთგულ მსმენელს. ჯგუფის სახელით ცნობილი გახდა ისიც, რომ ვეტერანი მომღერალი Brian Johnson, დრამერი Phil Rudd და ბასისტი Cliff Williams მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ახლიდან შეუერთდნენ ბენდს.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ახალი ფოტო მოწმობს, რომ, მართალია, ჯგუფის წევრები ასაკის მატებასთან ერთად შეიცვალნენ, თუმცა, კვლავ ძველებურად ენერგიულად გამოიყურებიან და არაფრით ღალატობენ ძველ სტილს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ თიზერებში აქტიურად ჟღერდებოდა ფრაზა „Pwr Up”, რომელიც, როგორც ირკვევა, ბენდის ახალი ალბომის სახელწოდება უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად დადასტურებული კვლავაც არ არის ალბომის გამოშვების ზუსტი თარიღი.

შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ერთგული მსმენელისთვის დიდი მოულოდნელობა იყო ბენდის დაბრუნება, თუმცა, ამასთან ერთად, სოციალური ქსელის მომხმარებლები ვერაფრით მალავენ აღტაცებას: „Brian Johnson დაბრუნდა! საუკეთესო სიახლე 2020 წელს.“, „ეს ის კარგი ამბავია, რომელიც ახლა ყველას გვჭირდებოდა“ – წერენ ბენდის გულშემატკივრები.

ავსტრალიური როკ-ჯგუფის ყველაზე დიდ ალბომს, “Back In Black” მიმდინარე წელს 40 წელი შეუსრულდა. ეს სწორედ ის ალბომია, რომელმაც ბენდს უდიდესი წარმატება მოუტანა და მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.  შეგახსენებთ იმასაც, რომ 2014 წლის შემდეგ ჯგუფს საერთო სიმღერა აღარ შეუქმნია.