დავით იაკობიძის პერსონალური გამოფენა აბრეშუმის გალერეაში

16 ოქტომბერს Silk Factory Studio – „აბრეშუმის გალერეაში“  დავით იაკობიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენის შესახებ ხელოვანმა „თორმეტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როდის მიხვდით, რომ თქვენი ცხოვრება ხელოვნებასთან უნდა დაგეკავშირებინათ?

ვხატავ ადრეული ასაკიდან, 8-9 წლიდან, ვსწავლობდი სამხატვრო სკოლაში 9 წელი და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში 4 წელი, ალბათ კონკრეტული მომენტი არასოდეს ყოფილა და თანდათან შევერწყი ხატვას. თუმცა, რაც მახსოვს, ეს აზრი ყოველთვის თან მსდევს – მე ვხატავ.

მოგვიყევით გრაფიკული სერიის შესახებ, როდის დაგებადათ იდეა და საიდან  იღებდით შთაგონებას?

ეს სერია შედგება ბოლო 5 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებისგან, ერთი კონკრეტული იდეა არ არის, მოიცავს სხვადასხვა თემას და შთაგონებული არის წარმოსახვაში მოგზაურობების დროს: მცდელობა არის სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით მიღებული თრობის, სიზმრების და რეალობის უტრირებული აღქმის დროს დანახული მომენტების და ჰალუცინაციების ფიქსაციის.

თქვენ ქმნით ტატუებსაც, ამ პროფესიამ იმოქმედა თქვენი გამოფენის კონცეპციაზე?

კონცეფციაზე ალბათ უფრო არა, რამდენადაც შესრულების მანერასა და დეტალებთან მუშაობის ურთიერთობაზე, ანუ ტექნიკურ ნაწილზე გავლენა არის და იდეურად აბსოლუტურად განყენებულია ერმანეთისაგან.

არის ფერწერაში ისეთი თემები, რომლებიც არ გიზიდავთ?

თემატურად ყველაფერი საინტერესოა, უბრალოდ ამ მომენტში შეიძლება რაღაც თემა უფრო წინ მქონდეს წამოწეული და მასზე უფრო მეტს ვმუშაობდე ვიდრე სხვაზე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ შემდეგ სხვა თემაზე გადავიდე (თუნდაც სხვა სტილისტიკაზე). მითუმეტეს, მომხრე ვარ ექსპერიმენტების და ყოველთვის შეიძლება რაღაც მომენტში სხვა მდგომარეობაში გადასვლა.

გამოფენაზე იყო წარმოდგენილი ისეთი ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის ყველაზე გამორჩეულია?

ასეთს ვერ დავასახელებ, ჩემთვის ყველა ნამუშევარი ერთია, ყველა ერთი მთლიანობის სხვადასხვა ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვა პერიოდის დროს იყოს შექმნილი, ან ვიზუალური და აზრობრივი სხვაობა ჰქონდეს ერთმანეთთან, ამის მიუხედავად, მაინც ვერ გამოვყოფ რომელიმეს განსაკუთრებით.

როგორ ემოციებს იწვევს თქვენი შემოქმედების დამთვალიერებელი, რამდენად მნიშვნელოვანია მისი აზრი?

დამთვალიერებლის აზრი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მათი აღქმულის გაზიარება საშუალებას მაძლევს მივხვდე, რამდენად აღქმადი და მეტყველია ის გამოსახულება, რომელშიც რაღაც ინფორმაციაა ჩადებული.

თქვენთვის რა არის უფრო ღირებული, მუშაობის პროცესი თუ უკვე დასრულებული ნამუშევარი?

დასრულებული ნამუშევარი არ არსებობს, უბრალოდ, შეიძლება, რაღაც მომენტში მასზე მუშაობა შეწყვიტო, რადგან ჩათვალო რომ ის თავისი შექმნის ყველაზე ეფექტურ სტადიაშია. ამას თუ დასრულებულს დავარქმევთ ამ შემთხვევაში მაინც პროცესი უფრო საინტერესოა, რადგან მასთან ურთიერთობა უსასრულო და განვითარებადია, განსხვავებით უკვე დასრულებული ნამუშევრისგან.