წინანდლის 2020 წლის პრემიის ნომინანტები გამოვლინდნენ

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ფარგლებში ჟიურიმ 2020 წლის ნომინანტები გამოავლინა. ისინი მეცნიერებისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები არიან. მონაწილეთა შორის სულ 24 ნომინანტი შეირჩა.

მონაწილეებს 2020 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაეგზავნათ ნამუშევრები მეცნიერებისა და ხელოვნების რვა ნომინაციაში.

თითოეულ დარგში გამოვლინდა სამი ნომინანტი, რომელიც „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს. მათ შორის არიან:

  • თეატრალური ხელოვნება – სანდრო სამხარაძე (აბსირტოს როლი სპექტაკლში ,,Medea s01e06″), დავით თურქიაშვილი (სპექტაკლი ,,უხერხემლო”), მარიამ დარჩია (ლუჩიას როლი თანამედროვე ფილმ-ბალეტში „ლუჩიას ოთახი“);
  • კინოხელოვნება – საბა ქარელი და მირიან ორაგველიძე (მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,მამის პორტრეტი ინტერიერში”), ილია ასიტაშვილი (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,სამზადისი”), სალომე ვეფხვაძე (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,მილა”);
  • მუსიკალური ხელოვნება – გიორგი გიგაშვილი (დ. შოსტაკოვიჩის – სოლ მინორული კვინტეტი, თხზ. 57), პაპუნა შარიქაძე („თბილისო“ – რევაზ ლაღიძის ნაწარმოების ორიგინალური, სოლო-ინსტრუმენტალური არანჟირება), ანუშკა ჩხეიძე (სადებიუტო ალბომი “Halfie”);
  • პოეზია – გიორგი შონია (პოეტური კრებული ,,რობოტების ყვავილები”), პაპუნა ფირცხალაიშვილი (ლექსები (ლიტერატურული გაზეთი N15, 2020 წ)), თორნიკე სიბაშვილი (ლექსები (ჟურნალი ,,ახალი საუნჯე” 2020 წ.));
  • პროზა – ივა ფეზუაშვილი (რომანი ,,ბუნკერი”), ნანა აბულაძე (რომანი ,,აკუმი”), ია კარგარეთელი (მოთხრობა ,,ემიგრანტი”);
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ცოტნე ჩიტიაშვილი (ნაშრომი „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას”), მარი-ლუიზა კონჯარია (ნაშრომი „ალანილ-ფენილალანინის სტრუქტურული ანალოგი დიპეპტიდების ენანტიომერთა დაყოფა ნეიტრალური ციკლოდექსტრინების თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში”), მარიამ ჩიტიშვილი (ნაშრომი „უარყოფითი მოდის პრობლემის ასპექტები კვანტურ ტუნელირებაში გრავიტაციის გათვალისწინებით“);
  • სახვითი ხელოვნება – შოთიკო აფციაური (ინსტალაცია ,,ტყის ჭრა,ტაძრის შენება“), თეო მასპინძელაშვილი (ინსტალაცია ,,ცენტრი არის არსად და ყველგან”), თამო ჯუღელი (გამოფენა “Unnamed 2020”);
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები – ნიკა ხოფერია ნაშრომი („გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“), ანა თეთრუაშვილი (ნაშრომი ,,Typological and Functional Study of Sickle Inserts From Central Caucasus“), გიორგი რაზმაძე (მონოგრაფია ,,ქართული კინომცოდნეობა ისტორიულ კონტექსტში”).

„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა, პირველად, 1998 წელს დაიბადა. იდეა 1999 წელსვე განხორციელდა. დაჯილდოება თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე – ზურაბ ჟვანია, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია“. პრემიის მიზანი ახალგაზრდებში ხელოვნებისა და მეცნიერების პოპულარიზაციაა.