კრისტის აუქციონზე NASA-ს ისტორიული ფოტოები გაიყიდება

კრისტის აუქციონი (Christie’s) კოსმოსის შესწავლის ოქროს ხანის შემოქმედებით მემკვიდრეობას პროექტის – „Voyage To Another World: The Victor Martin-Malburet Photograph Collection“ ფარგლებში წარადგენს. აუქციონზე ასტრონავტ-ფოტოგრაფების მიერ, კოსმოსის პირველი დაპყრობებისას გადაღებული, 2400-მდე ვინტაჟური სურათი გაიყიდება. ეს კოლექცია NASA-ს პირველი ყველაზე სრულყოფილი პირადი კოლექციაა, რომელიც აუქციონზე გაიყიდება და მისი ღირებულება 900-დან 25000 ა.შ.შ. დოლარამდე მერყეობს.

აუქციონზე წარდგენილ ნამუშევრებს შორისაა კოსმოსიდან პირველად დანახული დედამიწა, მთვარის ზედაპირი, მთვარის ბნელი მხარე, კოსმოსში და მთვარეზე პირველი ნაბიჯები და პირველი „სელფი“ კოსმოსიდან.

„მაშინ, როცა ფოტოგრაფია სინათლისადმი მგრძნობიარე ქიმიასა და ფოტოგრაფიულ ქაღალდებს საჭიროებდა, ასტრონავტებზე იზრუნეს NASA-ს, Hasselblad-ის, Kodak-ისა და Zeiss-ის სპეციალისტებმა, Life-ისა და National Geographic-ის ფოტოგრაფებმა, როგორებიც არიან რალფ მორსი და დინ კონგერი. ხელოვანებად ქცეულმა ასტრონავტებმა კი კამერის მეშვეობით, კაცობრიობას კოსმოსში ყოფნის გამოცდილების მშვენიერება და სიღრმე ჩამოუტანეს, რომელმაც შეცვალა ხედვა საკუთარი თავისა და სამყაროში ჩვენი ადგილის შესახებ.“ – ვკითხულობთ კრისტის აუქციონის განცხადებაში.

ვიქტორ მარტინ მალბურეტის თქმით, რომელიც  ამ კოლექციას 15 წლის განმავლობაში ინახავდა – „ასტრონავტებს, ხშირად, როგორც დიდებულ მეცნიერებსა და გმირებს ხატავენ, თუმცა, იშვიათად იხსენიებენ, ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფებს შორის.“