ინდივიდი ჩარჩოებს მიღმა

სწრაფი, ენერგიული და გონიერი, მეგობრებისთვის უბრალოდ პეტია, საზოგადოებისათვის კი პეტრე ოცხელი. ხაზისა და აზრის სინთეზით, მისი თავისუფალი აზროვნებით, პერსონაჟის არსის გაცნობითა და შესწავლით გრაფიკოსი მხატვარი ქმნიდა ნამუშევრებს, რომლებიც ინდივიდუალურად აღიქმება დღემდე.

პეტრე ოცხელი 1907 წელს ქუთაისში, კათოლიკე ვაჭართა ოჯახში დაიბადა. იმ პერიოდის ქუთაისი იყო ინტელიგენციის კერა. ხანდახან ჩნდება კითხვა, როგორ შეუძლია, ამ პატარა ქვეყანას დაიტიოს ისეთი დიდი შემოქმედები, როგორიც იყო, თუნდაც, ოცხელი. ქვეყანა კი იტევდა, მაგრამ ვერ ეგუებოდა ტოტალიტარული რეჟიმი… თუმცა ამაზე მოგვიანებით.

11 წლის იყო, როდესაც პირველი დამოუკიდებელი მაკეტი შექმნა. ძმასთან ერთად ბანაკში ყოფნისას, ააწყო სცენა და გააცოცხლა „კონკიას“ პერსონაჟები. 6 წლის ოცხელი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადადის. გრიგოლ ოცხელს, პეტრეს ბაბუას, მოსკოვში კავკასიური მაუდის ფაბრიკა ჰქონდა და შეძლებულ ოჯახადაც ითვლებოდნენ. ბაბუა ეხმარებოდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და სტიპენდიებსაც ურიცხავდა. ოცხელები არცერთ სპექტაკლს არ აკლდებოდნენ, სწორედ აქედან იწყება პეტრეს დაინტერესება და სიყვარული თეატრისადმი. ხატავდა სულ, ბლოკნოტი და ფანქარი დაჰქონდა ყველგან, ინიშნავდა იმ დეტალებს, რაც, ალბათ, სხვებისთვის შეუმჩნეველი ან გაუგებარი რჩებოდა.

1917 წლამდე პეტრე უზრუნველი, განებივრებული და ბედნიერ ბავშვად რჩებოდა, მაგრამ რევოლუციამ, ასე თუ ისე, ყველაფერი შეცვალა. ოჯახს ჩამოერთვა ქონება, მოუწიათ საქართველოში დაბრუნება და ყველაფერთან ერთად, სახლიდან წავიდა დედა. ოთხ დედმამიშვილს უწევდათ სევდიან მამასთან, უდედოდ დარჩენილ სახლში, ცხოვრება.

„პეტრე იყო წყნარი, თავის ფიქრებში წასული ყმაწვილი. იგი გაკვეთილებზე, დასვენებებსა და თავისუფალ დროს სულ ხატავდა. მასწავლებლები ხშირად ამის გამო შენიშვნასაც აძლევდნენ, მაგრამ მისი ხელი თითქოს ავტომატურად, საოცარი სისწრაფით აკეთებდა ჩანახატებს, განსაკუთრებით კი ორნამენტების ხატვა ჰყვარებია.“- იხსენებს ირინა აბესაძე, რომელსაც პეტრე ოცხელის თანაკლასელი მამა, ბიძინა აბესაძე ხშირად უყვებოდა ისტორიებს, მეგობრულსა და, ამავე დროს, საკუთარ ფიქრებში წასულ მხატვარზე.

1925 წელს ქუთაისიდან თბილისში ჩამოდის და წარმატებით აბარებს სამხატვრო აკადემიაში. ისაა ავანგარდის ერთ-ერთი ფუძემდებელი და სცენოგრაფიული ხელოვნების პროფესიონალურ დონეზე აყვანის მთავარი შემოქმედი. სწავლობდა ჯერ ფერების წერის, შემდეგ კი არქიტექტურის ფაკულტეტზე. ფერწერისა და არქიტექტურის სინთეზით იგი ქმნიდა მაღალპროფესიონალურ სცენურ გაფორმებას, ახლებური ხედვით და ყველასაგან განსხვავებული დიზაინით.

20 წლის ოცხელი რუსეთიდან ჩამოსულ ვახტანგ აბაშიძეს მიჰყავს „მუშათა თეატრში.“ შესაძლოა ითქვას, რომ აქედან იწყება მისი პროფესიული ზრდა და ნიჭის გამოვლენა. „ცეცხლის გამჩაღებელი“ – ეს, ის სპექტაკლია, რომლისთვისაც პირველი გაფორმება შექმნა და ამავე სპექტაკლის დამსახურებით გაიცნო მისი სულიერი მოკავშირე, კოტე მარჯანიშვილი.

მარჯანიშვილი იხიბლება ახალგაზრდა მხატვრის სწორად გააზრებული სცენოგრაფიით. მათ უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთი და შექმნეს კიდეც დაუვიწყარი სპექტაკლები. 1928-1933 წლის ჩათვლით ოცხელი აფორმებს მარჯანიშვილის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლებს. მეგობრობდა მსახიობებთან და სხვა მხატვრებისგან განსხვავებით მხოლოდ ესკიზებს არ ქმნიდა. იგი ერთგვარად სწვდებოდა პერსონაჟის სულს და ჩადიოდა კიდევ უფრო ღრმად. წარმოაჩენდა იმ თვისებათა ერთობლიობას, რომლებიც მსახიობს როლისა და სამოსის გათავისებაში ეხმარებოდა. მარჯანიშვილი ამბობდა, რომ „გადაღეჭილი ესკიზები მოჰქონდა მსახიობებისთვის.“

„ამაოა შენი შიში იმისა, რომ მოგიწევს ძველი ტრადიციების არტახებში დარჩენა და ამას შეეწირება შენი ფანტაზია და პრინციპებიც კი. არ შეკრთე, დღემდე შენ ყველაფერი ბრწყინვალედ გამოგდიოდა. შენ თვითონ პიესის არსითა და თეატრის თვისებებით იყავი გამსჭვალული. ჩემი არ გესწავლება, ჩემო პეტრე.“- მარჯანიშვილის წერილიდან კარგად ჩანს კიდევ რისი გაკეთება სურდათ ერთად, მაგრამ არ დასცალდათ. ჯერ მარჯანიშვილის გარდაცვალების გამო. შემდეგ კი ეპოქის დროთა ცვლილებათა გამო.

მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვში „მცირე თეატრში“ სამუშაოდ მიიწვია სერგო ამაღლობელმა. ოცხელს სურდა, ეპოვა კრიტიკა, ეძებდა შენიშვნებს, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა, ეპოვა ადგილი, თეატრი, სადაც მის ნამუშევრებს დაიწუნებდნენ.

„ახლა რაც შეეხება სტანისლავსკის. შენ ტყუილად გგონია, რომ რამენაირად ვცდილობ მისი, როგორც ხელოვანისა და ოსტატის ღირსების დაკნინებას, თუმცა, მართალი რომ გითხრა, არ ვთვლი მას მარჯანიშვილზე ბრწყინვალე რეჟისორად. ახლახან სტანისლავსკიმ  ბებას რეჟისორ იოსებ თუმანიშვილს უთხრა: ჩემს სიცოცხლეში არ შევხვედრილვარ კოტე მარჯანიშვილისნაირ ელვარე და შთამაგონებელ რეჟისორს. ეს მისი სიტყვებია. რაც შეეხება ჩემ ფორმალიზმს. მე და შენ შორის, რომ დარჩეს, მე მას არ ვემიჯნები და არც გავემიჯნები არასდროს, რადგან რაც ჩემთვის დამახასიათებელია და ჩემს პიროვნებას წარმოაჩენს და განასხვავებს დანარჩენებისაგან, მასზე უარის თქმა სასაცილოც იქნებოდა… კიდე ერთხელ ვამტკიცებ, რომ შენზე საძაგელი ადამიანი არ შემხვედრია თეატრშიც კი, ჩემო ძვირფასო ნინკა. ამას გახსენებ სხვათაშორის, რომ არ დაგავიწყდეს.-გკოცნი, პეტია.“- დისადმი მიწერილ ამ წერილში კარგად ჩანს პეტრე ოცხელის პიროვნული თვისებები. ოცხელი იტანჯებოდა ძლიერი ტკივილით მაგრამ ამას არავის აგრძნობინებდა. მას სპონდელიტი აწუხებდა და კორსეტით დადიოდა.

პეტრეს ფანქარი მიყავდა აზრს და ამ აზრის მთლიანობა ყველასათვის მომნუსხველი იყო. მხატვარი იმ ეპოქის შვილი იყო, სადაც მოიხსნა ნატურის მიბაძვა და დაიწყო ფორმის ძიება. მოდერნიზმის ქაოსში პეტრემ საკუთარი ფორმა იპოვა. არ გაუმართლა… არ გაუმართლა, ისევე, როგორც ნებისმიერ ხელოვანს, საბჭოთა კავშირში, ფარდის აქეთ დარჩენილ საზოგადოებას. მას არ ჰქონდა ცოცხალი ურთიერთობა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან, მაგრამ საკუთარი ნიჭით ახერხებდა, დაეკავებინა თეატრში ღირსეული ადგილი და თავი ყველასთვის დაემახსოვრებინა.

1937 წელს დადგა დრო, როდესაც ტირანიამ ხელოვნებისთვის, მოაზროვნე ადამიანებისთვის მოიცალა. დრო, როდესაც პირადი არ და ვერ უნდა გქონოდა. დრო, როდესაც თვითმყოფადობის შენარჩუნება სიკვდილს უდრიდა. მიუხედავად აპოლიტიკურობისა, მიუხედავად ყველაფრისა, სიკვდილი გელოდა თუ იქნებოდი ინდივიდი. პეტრე ოცხელი კი ინდივიდი იყო. მან ვერ და არ უღალატა ხელოვნებისადმი საკუთარ ხედვას. მის თავისუფალ აზროვნებას ვერაფერი შეცვლიდა, გარდა სიკვდილისა.

სიკვდილი კი უკვე გზაში იყო და უბრალო ბრალდებას ელოდა. ბრალდებაც მალევე შეიქმნა- ბრალი ედებოდა კონტრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციის შექმნაში, ვახტანგ აბაშიძესა და გიორგი ჟორდანიასთან ერთად.  2 დეკემბერს „ტროიკამ“ სამივეს გამოუტანა უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა. ოცხელის ოჯახმა არაფერი იცოდა ამის შესახებ, ისინი ფიქრობდნენ რომ მხატვარი გადაასახლეს. სცენოგრაფის დაც და ძმაც ისე დაიღუპა, რომ მათ არ გაუგიათ, ძმის დახვრეტის ამბავი.

როგორც არის ხოლმე, სიკვდილის შემდეგ 1939 წელს ლონდონში მოწყობილ თეატრის მხატვართა ნამუშევრების მსოფლიო გამოფენაზე ვიქტორ გუსევის „დიდების“ სცენოგრაფიული ესკიზები ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ითქვა რომ ეს სცენოგრაფია პეტრე ოცხელს ეკუთვნოდა? -არა, მისი გვარი გამოფენაზე არ დასახელებულა. საქართველოშიც მისი ხელახალი აღმოჩენა და დაფასება გვიან დიწყო, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ნიჭი, რომელსაც იგი ფლობდა განუმეორებელია.

„ბედმა დაგაჯილდოვა უდიდესი ნიჭით და შენ ვალში ხარ მის წინაშე. შენ ჯერ ძალზე ახალგაზრდა ხარ და სიკვდილზე არ ფიქრობ. სიკვდილი სულელური სიტყვაა. სიკვდილი არ არსებობს. სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ არის გამარჯვება ყოველივეზე, რასაც სიკვდილი ანუ სამარადისოდ დავიწყება ეწოდება.“- გამართლდა კოტე მარჯანიშვილის სიტყვები, პეტრე ოცხელის შემდეგ ბევრი რამ დარჩა და მისი სიკვდილიც გამარჯვება იყო. ეს იყო ინდივიდის სიცოცხლის ლოგიკური დასასრული ჩარჩოებით გარემოცულ სამყაროში.

სტატიაში გამოყენებული ფოტო-მასალა აღებულია პროექტიდან „მოდერნიზმი საქართველოში.