საფრანგეთი ოსკარზე ფილმს „Two of Us“ წარადგენს

ფრანგული ფილმი „Two of Us“ ოსკარზე საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციისთვის შეირჩა.

„ჩვენ ორნი“ ნინასა და მადლენის მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ყვება. მრავალი ათწლეულის განმავლობაში მათ ღრმა და ფარული სიყვარული აკავშირებთ.
ფილმში მთავარ როლებს ბარბარა სუკოვი და მარტინ შევალიე ითამაშებენ. ისინი პენსიონერი ქალბატონების როლს მოირგებენ, რომელთაც წლებია ერთმანეთი უყვართ. ფრანგული ფილმის რეჟისორი ფილიპო მენეგეტია.

საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ოსკარების დაჯილდოებაზე. ფრანგული კინო ოსკარების საუკეთესო საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში 39 ნომინაციას და 9 გამარჯვებას ითვლის.

ნომინაციებს ოსკარის 93-ე დაჯილდოებისთვის გამოაცხადებენ 2021 წლის 13 მარტს. ცერემონია კი ჰოლივუდის დოლბის თეატრში 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება.