Pictor | ციფრული გალერეა თანამედროვე ქართველი მხატვრებისთვის

„პიქტორი“ ორი მეგობრის მიერ დაწყებული პროექტია. ნინო ვასაძემ და ნინო ლორთქიფანიძემ ციფრული გალერეა თანამედროვე მხატვრებისთვის შექმნეს, სახელწოდებად კი მხატვრის თანავარსკვლავედი შეირჩა – Pictor ლათინურად მხატვარს ნიშნავს. თანავარსკვლავედში სამი ვარსკვლავი განსაკუთრებით კაშკაშებს და ლოგოსთვისაც სწორედ ეს ვარსკვლავები გამოიყენეს.

„ჩვენ არც კურატორები ვართ, არც გალერისტები და არც ხელოვნებათმცოდნეები, ჩვენ უფრო საკუთარი სურვილებიდან გამოვედით, გავაკეთეთ ის, რაც გაგვიხარდებოდა, სხვას რომ გაეკეთებინა“- ამბობს ჩვენთან საუბრისას ნინო ვასაძე.

დასაწყისისთვის მათ 22 მხატვრის 44 ნახატი განათავსეს საკუთარ Facebook და Instagram გვერდებზე. პროექტის მიზანია ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზება. სურთ, ნახატების შეძენა დაიწყოს იმ ხალხმა, ვინც ამ სფეროთი ჯერჯერობით არ არის დაინტერესებული. მათ გვერდზე განთავსებულია არტისტების ჩანახატები და ესკიზებიც.

ნინო ვასაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა- „განახლებაზე უკვე ვმუშაობთ და სულ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ ახალ ნამუშევრებს. ახალ არტისტებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება.“

14 ნოემბერს გახსნილი Facebook და Instagram გვერდები უახლოეს მომავალში ერთადერთი პლატფორმა არ იქნება, სადაც „პიქტორზე“ განთავსებული ნამუშევრების ნახვას და შეძენას შეძლებთ. იგეგმება ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნაც.