ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსი

„საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“, ასე ეწოდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსს. ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე მოყვარულ ან პროფესიონალ ფოტოგრაფებს. კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 იანვარი და მისი მონაწილეები თავისუფლები არიან თემატიკის არჩევისას.

„კონკურსის თემიდან გამომდინარე, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ფოტოები გადაღებული იყოს საქართველოში, თუმცა, სხვა ტიპის შეზღუდვა, თემატური ან ჟანრობრივი თვალსაზრისით, კონკურსს არ აქვს. მონაწილეებს შეუძლიათ გამოგზავნონ ფოტოები ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი და ა.შ.“– განმარტავს თორმეტთან საუბრისას პროექტის მენეჯერი, მირა გრიგალაშვილი.

პროფესიონალ ფოტოგრაფთა, მოყვარულ ფოტოგრაფთა და ერთი კადრის კატეგორიაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მათ ფულადი ჯილდო გადაეცემათ. პირველ ორ კატეგორიაში მონაწილეებმა 10-15 ფოტოსგან შემდგარი პროექტი, ერთი კადრის შემთხვევაში კი 1-დან 3 ფოტომდე უნდა წარადგინონ. კონკურსში გამოგზავნილი ფოტოები გასული ხუთი წლის მანძილზე უნდა იყოს გადაღებული.

ფოტოკონკურსში ჟიური საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალები არიან. ფოტოგრაფი, ფოტო სააგენტო MAGNUM PHOTOS წევრი ტომას დვორჟაკი; Washington Post-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი მერიენ გოლონი; Vogue Italia-ს მთავარი ფოტო რედაქტორი ალესია გლავიანო; African Artists’ Foundation-ისა და LagosPhoto Festival-ის დამფუძნებელი დირექტორი, აზუ ნვაგბოგუ და ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტი ნათელა გრიგალაშვილი.

„პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით.“

ფოტოკონკურსი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ტარდება. ვადის ამოწურვის შემდეგ ჟიურის დაახლოებით ერთი თვე ექნება გამარჯვებულის გამოსავლენად. კონკურსის თითოეულ კატეგორიაში სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდება. მათი ვინაობა კი 2021 წლის მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი.