კომიქსების ლეგენდის – სტენ ლის ახალი მოკლე და სახალისო ანიმაცია

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული კომიქსების შემქმნელი სტენ ლი ჩვენთან აღარ არის, ის კვლავ ცოცხლობს თავის შემოქმედებაში და პერსონაჟებში, რომლებიც განსაკუთრებულად საყვარელია კომიქსების მოყვარულებისთვის. ათწლეულების განმავლობაში ის ქმნიდა არაჩვეულებრივ თავგადასავლებს, მაგრამ მასთან ახლოს მომუშავე ადამიანებისთვის არამარტო ამბების ავტორი, არამედ  მხიარულებისა და მეგობრობის განსახიერება იყო.

ანიმაცია სტენ ლისთან მომუშავე ხმის ინჟინერმა, აარონ ფრომმა შექმნა, რომელიც მასთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ფრომმა დიზაინერებთან, კოლუმბო პერისთან და რიჩარდ პლატასთან ერთად იმუშავა, რათა სტენ ლის ხმის ჩანაწერი პერსონაჟისთვის მოერგო.

ორწუთიანი ვიდეო, სახელწოდებით – „სესიები სტენთან“ , კომიქსების ლეგენდის უწმაწურ სიტყვებთან დამოკიდებულებას ეხება. ფრომი ლისთან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა და როგორც თავად ამბობს, ჩანაწერი, რომელიც ამ ანიმაციაშია გამოყენებული, მისთვის „მოხუცებულთან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონებაა“.

ანიმაციაში სტენ ლი ამბობს: „მე არ ვამბობ ბინძურ სიტყვებს, მაგრამ მეჩვენება, რომ ის, რასაც ბინძურ სიტყვებს ვეძახით, შეიძლება ინგლისურ ენაში ყველაზე საჭირო სიტყვა იყოს.“ ლი იქამდეც მიდის, რომ სურს, მოძრაობა წამოიწყოს ამ სიტყვის „ლეგალიზებისა და ლეგიტიმაციისთვის“.

იხილეთ მოკლე, სახალისო ანიმაცია, რომელშიც სტენ ლი არ ტოვებს თავის საყვარელ სიტყვას – „Excelsior!“ და ორჯერ ყვირის, სანამ სტუდიაში სიცილი წასკდებათ.