„სანდენსის კინოფესტივალი“ 2021 წელს განსხვავებულად გაიმართება

Photo Credits to Arthur Mola

„სანდენსის ინსტიტუტი“ დამოუკიდებელი ხელოვანების მიერ შექმნილი ფილმების ფესტივალს 2021 წელს შერეული სისტემით გამართავს. ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ზე გაავრცელა.

ფესტივალი 28 იანვრიდან 3 თებერვლამდე გაგრძელდება. ფილმების ჩვენება რამდენიმე ქალაქში პარალელურად იგეგმება, თუმცა კრიტიკოსებსა და კინომანებს პრემიერაზე დასწრება სპეციალურად შექმნილ ონლაინ-პლატფორმაზეც შეეძლებათ. ღონისძიების ფარგლებში 70-ზე მეტ ნამუშევარს აჩვენებენ.

„სანდენსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია და 1984 წლიდან იმართება. ამ დროის განმავლობაში ინსტიტუტის ჯილდოს აღება ისეთმა მსახიობებმა მოახერხეს, როგორებიც ფრენსის მაკდორმანდი, დენზელ ვაშინგტონი და ლორა დერნი არიან. 2006 წელს კი სანდენსის ჟიურის ჯილდო გელა ბაბლუანსაც ერგო, ფილმისთვის „13 – ცამეტი“.