Facebook-ზე ვირტუალური რეალითი შოუ „Rival Peak“ დაიწყო

Photo Credits to Genvid

სოციალურ ქსელში პირველი თამაში-რეალითი შოუ, Rival Peak, გამოჩნდა. თამაშში რამდენიმე პერსონაჟია, რომელსაც მაყურებელი Facebook-ში ჩაშენებული აპლიკაციის საშუალებით ეხმარება. მონაწილეებს კონკრეტული მოთამაშეები არ მართავენ – ისინი, ძირითადად, ხელოვნურ ინტელექტზე არიან დამოკიდებული.

შოუ 12 კვირა გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც გვერდზე უწყვეტი პირდაპირი ეთერი იქნება ჩართული. ამერიკული შოუ „Survivor“-ის მსგავსად, თამაშის ვირტუალური მონაწილეებიც ტყეში ცხოვრობენ და არსებული რესურსებით ცდილობენ გადარჩენას.

პერსონაჟების გადაწყვეტილებათა ნაწილზე გავლენა მაყურებელს აქვს. სოციალური ქსელის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, საკუთარ ფავორიტ პერსონაჟს სხვადასხვა სახის დახმარება გაუგზავნოს. პერიოდულად მაყურებლები ხმათა უმრავლესობით მონაწილეებს თამაშს დაატოვებინებენ.

ზოგიერთმა ჟურნალისტმა Rival Peak „შიმშილის თამაშებსა“ და „The Sims”-ს შეადარა. ყოველ ოთხშაბათს წინა კვირის გამორჩეულ მომენტებს მაყურებელს მსახიობი უილ უიტონი გააცნობს. თამაშის Facebook გვერდს უკვე 3000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.