2020 წლის 12 რჩეული ალბომი

2020 წელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით გამოირჩეოდა. წლის უდიდესი ნაწილი, პანდემიის გამო, თითქმის მთელმა მსოფლიომ სახლში ჩაკეტილმა გაატარა. ამის მიუხედავად, იზოლაცია საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა მუსიკალური სამყაროს წარმომადგენელთათვის. ამ სტატიაში „თორმეტი“ იმ თორმეტ გამორჩეულ ალბომს წარმოგიდგენთ, რომლებმაც 2020 წელი განსაზღვრეს*.

Alicia Keys – Alicia

პირველი გრემის მოგებიდან 18 წლის შემდეგ თავისი მეშვიდე სტუდიური ალბომით ელიშა ქისი კვლავ მოექცა მსოფლიოს ჩარტების სათავეებში. ქისი დაუფარავად უკავშირდება თავისი წინა ალბომების სტილს, რასაც კლასიკური სოულისა და R&B-ს ელემენტებთან აზავებს. მუსიკაზე, თავად მომღერლის გარდა, Swizz Beats-მა, ედ შირენმა და რაიან ტედერმა იმუშავეს. ჩანაწერის შინაარსობრივ მხარეზე ალბომის ყდაც მიანიშნებს – ნიუ-იორკელი მუსიკოსი საკუთარ თავს ყველა კუთხიდან გვაცნობს.

პირადი, მომღერლისთვის ახლობელი ლირიკის გარდა, რამდენიმე სიმღერაში მსოფლიოში აქტუალურ თემებთან (პოლიციის მხრიდან ძალადობა, რიგითი მუშაკების დაუფასებელი შრომა) დაკავშირებულ ტექსტებსაც შეხვდებით. დასარტყამი ინსტრუმენტების შექმნილი მყუდრო განწყობა, გადაუმუშავებელი ხმა, ფორტეპიანოსთან უბადლოდ შესრულებული ბალადები ქისის ალბომს მის ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან ნამუშევრად აქცევს.

საკვანძო სიმღერა : Perfect Way to Die

Declan McKenna – Zeros

70-იანი წლების გლემ როკით ინსპირირებულ ინგლისელ მომღერალს ამ ალბომმა პირველად მოაპოვებინა ადგილი ბრიტანული ჩარტების ათეულში. დეკლანის სიმღერები ბობ დილანისა და დევიდ ბოუის შემოქმედებითაა შთაგონებული. ამ უკანასკნელის ცნობილი ალტერ-ეგოს მსგავსად, მაკქენაც მთავარ თემად კოსმოსს ირჩევს და საკუთარი ალბომისათვის ახალ, დისტოპიურ სამყაროს ქმნის, რომელშიც დღევანდელი ახალგაზრდობის სირთულეებზე შეუფარავად საუბრობს.

მედიისგან მიღებულ „თაობის ხმის“ წოდებაზე დეკლანი თავისსავე სიმღერებში ამბობს უარს, თუმცა რთულია უარვყოთ ის დეტალურობა და სიმკაცრე, რომლითაც 21 წლის მომღერალი საკუთარი თანატოლების სირთულეებს აღწერს. უსახლკარო ბავშვების მდგომარეობასა და სოციალური მედიის უარყოფით გავლენაზე სიმღერას დეკლანი გიტარის შესანიშნავი მელოდიისა და ამყოლი დრამების ფონზე ახერხებს, რასაც ზოგიერთ სიმღერაში ფორტეპიანოთი ანაცვლებს.

საკვანძო სიმღერა : The Key to Life on Earth

Dua Lipa – Future Nostalgia

პირველი ალბომის წარმატების შემდეგ, დუა ლიპაზე კრიტიკოსებისა და მსმენელის მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლა მოდიოდა. ბრიტანელმა მომღერალმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, როდესაც მარტში ზემოხსენებული ალბომი გამოუშვა. დუა პოპში სათავეს უდებს ახალ ეპოქას, რომელიც ფანკისა და დისკოს კომპონენტებითაა სრულყოფილი. ალბომის კოლოსალური პოპულარობის გამო მუსიკოსს „კარანტინის დედოფალიც“ შეარქვეს.

ალბომის პროდიუსერი სტიუარტ პრაისია, რომელსაც მადონასა და გვენ სტეფანისთან უმუშავია. თითქმის ორი წლის განმავლობაში სიმღერებზე, დუასთვის ნაცნობ კომპოზიტორებთან ერთად, საერთაშორისო ვარსკვლავები (Tove Lo, ჯულია მაიკლსი) მუშაობდნენ. თითოეულ კომპოზიციას ამყოლი ბასლაინი გამოარჩევს. მაღალტემპიანი სიმღერები სასიყვარულო ურთიერთობებს სხვადასხვა ასპექტით მიმოიხილავს. Future Nostalgia წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა და მომღერალს გრემის ხუთი ნომინაციაც მოუტანა.

საკვანძო სიმღერა : Don’t Start Now

Fiona Apple – Fetch the Bolt Cutters

Forbes-ის მიერ წლის ალბომად დასახელებულ ნამუშევარს ფიონა ეფლი ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა. უპრეცედენტო როკ-ალბომში ავტორი არ ერიდება მუსიკალურ და ლირიკულ ექსპერიმენტებს და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე შექმნილ სიმღერებს საზოგადოდ აქცევს. კრებულში შეხვდებით სიმღერებს გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახურ ძალადობაზე, მენტალურ პრობლემებსა და ცალმხრივ სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ შეაგულიანა ეფლი მისმა სკოლელმა შამეიკამ და სხვა.

ალბომის ცამეტივე სიმღერა მხოლოდ ეფლმა დაწერა. თითქმის ყველა მათგანში ფორტეპიანოსა და დრამების დუეტი დომინირებს, თუმცა მოისმენთ მკვიდრი ტომების დასარტყამ ინსტრუმენტებსა და ძაღლის ყეფასაც კი. ეფლი ხშირად იყენებს ფრაზებს სხვადასხვა ფილმიდან და სერიალიდან. ალბომის სათაური ჯილიან ანდერსონის ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვებს ემთხვევა. ფიონას ხმა კომპიუტერულად საერთოდ არაა დამუშავებული და რამდენიმე მონაკვეთში მყიფედაც კი ისმის, თუმცა ეს ფაქტი ნამუშევარს მეტ ხიბლს აძლევს.

საკვანძო სიმღერა : For Her

HAIM – Women in Music, Pt. III

სამი დისგან შემდგარი ჯგუფის მესამე ალბომი ცნობილ პროდიუსერთან, როსტამ ბატმანგლიჯთან, და პოლ თომას ანდერსონთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. დები იმავე ჟანრში რჩებიან, რომელშიც წინა წლებში მოღვაწეობდნენ, თუმცა მათთვის ნაცნობ სტილს ფოლკსა და ქანთრისაც ურევენ. ლირიკულად ალბომი ერთგვარ თავგადასავლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ – პატარა კალიფორნიელი გოგონების გზად მუსიკალური ინდუსტრიისკენ, რაც ზოგჯერ დადებითი ემოციებით სულაც არაა სავსე.

ჰარმონიული როკის გარდა, ჰეიმები საკუთარ სიმღერებში 90-იანი წლების ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც აინტეგრირებენ. გრემის მთავარ ჯილდოზე წარდგენილი ალბომის პირველი სიმღერა საქსოფონის იმავე პარტიით იწყება, რომლითაც უკანასკნელი სრულდება, რაც ერთგვარ მარყუჟს ქმნის და მსმენელს მუდმივად ცვალებადი ტემპის მორევში ითრევს.

საკვანძო სიმღერა : Summer Girl

Katie Melua – Album No. 8

როგორც სათაური ცხადყოფს, Album No. 8 ქართველ-ბრიტანელი მომღერლის რიგით მერვე ალბომია. მელუასთვის დამახასიათებელი მშვიდი, ჰარმონიული სიმღერები კინემატოგრაფიულ ატმოსფეროს ქმნის. ტექსტები მუსიკოსის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული – მელუა რამდენიმე თვის წინ მეუღლეს დაშორდა. მომღერალი გავრცელებულ კლიშეებს გვერდს უვლის და განშორებას დადებითად, ტკბილი წარსულის ნიშნად აღიქვამს.

თითოეულ ჩანაწერს ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრის იდეალური სინთეზი გასდევს თან. ამის მიუხედავად, სიმღერები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი მათგანი თავისუფლად გამოდგებოდა ინდი ფილმების, ზოგი კი „ბონდიანას“ სერიის საუნდტრეკად. ქეთისთან ერთად, ორი სიმღერის თანაავტორი მომღერლის ძმა ზურაბ მელუაა. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ალბომის მსგავსად იჟღერდა გამომშვიდობება, რომელიც ორივე მხარეს ამწუხრებს, თუმცა მაინც გარდაუვალია.

საკვანძო სიმღერა : A Love Like That

Miley Cyrus – Plastic Hearts

მაილი საირუსი მუსიკალურ ინდუსტრიაში შეცვლილი იმიჯით დაუბრუნდა. სკანდალური გამოსვლებით ცნობილმა მუსიკოსმა ამჯერად როკის სტილი მოირგო და თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ალბომი შექმნა. საირუსის სიმღერებში კვლავ შეიმჩნევა ქანთრის გავლენა, რაც მათ გამოარჩევს უკანასკნელ ხანებში შექმნილი სხვა როკ-ნამუშევრებისაგან. ალბომში 28 წლის მომღერალი ისეთ ლეგენდებთან ერთად მღერის, როგორებიც ჯოან ჯეტი, ბილი აიდოლი და სტივი ნიქსი არიან.

მაილი გარკვეულ მონაკვეთებში ხმის კომპიუტერულ მოდიფიკაციასაც იყენებს, თუმცა იმდენად უმნიშვნელოდ, რომ თითქმის საერთოდ არ შეიმჩნევა. ენდრიუ ვატის შესრულებული გიტარის სოლოები ალბომს 80-იანი წლების როკთან უფრო მეტად აახლოვებს. ალბომში შესულ ბალადებში საირუსი საკუთარ ვოკალურ შესაძლებლობებს სრულად ავლენს, რითაც მედიის მიერ მის წინააღმდეგ გავრცელებულ სტერეოტიპებს ერთიანად ამსხვრევს.

საკვანძო სიმღერა : Midnight Sky

Perfume Genius – Set My Heart On Fire Immediately

Perfume Genius-ის ფსევდონიმით ცნობილი მუსიკოსი მაიკ ჰადრეასი, მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, შედარებით უცნობია მსმენელისათვის. ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მომღერლის მეხუთე ალბომი მთავარ ჩარტებში ვერ მოხვდა, თუმცა კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. ჰადრეასის არამყარი ხმა მასთან სიახლოვის, ბუნებრივობის შეგრძნებას აჩენს. მომღერალი გულწრფელია საკუთარ ტექსტებშიც – ის კრონის დაავადებასა და სხვადასხვა მენტალურ პრობლემასთან ბრძოლის შესახებ მღერის, თუმცა შეხვდებით ლირიკული გმირების შიდა დაპირისპირებას სექსუალობასთან დაკავშირებითაც.

ჰადრეასი თავისთვის ჩვეულ მისტიკას საორკესტრო მუსიკის ჰარმონიებითა და ჩურჩულით წარმოთქმული ტექსტების საშუალებით ინარჩუნებს. რამდენიმე სიმღერა მომღერლისთვის ინტიმურ თემას – ახლო ადამიანების დაკარგვას – ეხება. რიგით მეცამეტე სიმღერა „Borrowed Light” მთელს ალბომს კრავს როგორც მუსიკალურად, ისე შინაარსობრივად და მსმენელის ცნობისმოყვარეობას მთლიანად აკმაყოფილებს.

საკვანძო სიმღერა : Describe

Phoebe Bridgers – Punisher

26 წლის მომღერლის მეორე ალბომი უდავოდ განიცდის ელიოტ სმითის გავლენას. ინდი როკის ჟანრში შესრულებული სიმღერები ბრიჯერსის რეალურ ისტორიებს მეტაფორულად გადმოგვცემს. ფიბი ეხება იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს ბევრ თანამედროვეს აწუხებს – არაჯანსაღი რომანტიკული თუ საოჯახო ურთიერთობები, რწმენის საკითხი და სხვა. საინტერესოა, რომ სიმღერების ნარატორი (რომელიც, სავარაუდოდ, თავად ბრიჯერსია) ყველანაირად ცდილობს სასიყვარულო ურთიერთობების გადარჩენას, ხოლო მამამისს ზიზღით უყურებს.

პოპ-კულტურის ნატიფი ალუზიებით სავსე ალბომი პროფესიონალური მონტაჟითაც გამოირჩევა, რაც საორკესტრო და როკისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების დახვეწილი შერევით გამოიხატება. უკანა ფონზე გაიგონებთ ნაკლებად პოპულარული საკრავების ბგერებსაც, მაგალითად ვისჰარმონიასა და მელოტრონს. Punisher ერთგვარი დაპირისპირებაა რეალობასა და ქვეცნობიერს შორის, რომელთა შორისაც ხილული ზღვარი არ არსებობს.

საკვანძო სიმღერა : Kyoto

Rina Sawayama – Sawayama

ბრიტანელ-იაპონელი მუსიკოსის სადებიუტო ალბომი წლის საუკეთესოთა შორისაც კი გამორჩეულია. კრებულს სავაიამასთან ინტერვიუში ელტონ ჯონმა „წლის უძლიერესი ალბომი“ უწოდა. ჩანაწერი ჩარჩოებში არ ექცევა – აქ შეხვდებით როგორც 2000-იანი წლების პოპ-დივების გავლენით შექმნილ სიმღერებს, ისე დისკოს, ჰიპ-ჰოპსა და ნიუ-მეტალსაც კი. სავაიამა არც სიმღერების შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით ისაზღვრავს თავს და მღერის საკუთარ ოჯახზე, იაპონიაში მოგზაურობაზე, გენდერულ სტერეოტიპებსა და კორპორაციებში ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციაზე.

ალბომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივს დასავლური და აღმოსავლური კულტურების დაპირისპირება წარმოადგენს, თავად რინა კი სამშობლოში დაბრუნებისას თავს მაინც სტუმრად მიიჩნევს. ახალგაზრდა მომღერალი სიმღერებში J-Pop-ის ელემენტებს, დრამებისა და ოვერდრაივ გიტარის მოკლე ფრაზებს, ბეთჰოვენის სონატასა და ვიდეოთამაშების ხმოვან ეფექტებს იყენებს და სათქმელს შეუფარავად, მკაცრი ტონით გადმოსცემს.

საკვანძო სიმღერა : STFU!

Taylor Swift – folklore

წლის სენსაციად და გრემის მთავარ კანდიდატად ტეილორ სვიფტის სწორედ ეს ალბომი უნდა მივიჩნიოთ. სვიფტმა ალბომი გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაანონსა, თუმცა კრებულმა მაინც მოახერხა ბილბორდის ჩარტების მოწინავე პოზიციაზე აღზევება. როგორც სათაური მიანიშნებს, მუსიკა, ძირითადად, ფოლკის ჟანრშია დაწერილი. სვიფტის გარდა, სიმღერებზე “The National”-ის გიტარისტი, აარონ დესნერი, მუშაობდა. ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხვოვან ალბომთა შორის, რომლის ხარისხსაც კრიტიკოსებიც და ფანებიც აღიარებენ.

ალბომის თითქმის ყველა სიმღერაში ტეილორის ადრინდელ შემოქმედებასთან მცირე გადახვევას შეხვდებით. ახალ ჟანრში გადმოსვლისთანავე მომღერალმა ერთ-ერთი სიმღერა ლეგენდარულ ჯგუფთან, Bon Iver-თან, ერთად ჩაწერა. დეკემბრის დასაწყისში სვიფტმა იმავე ენერგიით გამსჭვალული მეორე ალბომი, evermore, გამოუშვა. მომღერლის წინა ჩანაწერებისგან განსხვავებით, ალბომი აწმყოსა და მომავალზე კონცენტრირდება და უფრო მეტად პირადულია, ვიდრე კომერციულ წარმატებაზე გათვლილი. სვიფტი მსმენელს საკუთარ მესაიდუმლედ აღიქვამს და საკუთარ ისტორიას დაუფარავად უყვება.

საკვანძო სიმღერა : cardigan

The Strokes – The New Abnormal

ჯულიან კასაბლანკასის ბენდი შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა. ალბომმა The Strokes-ს არსებობის ისტორიაში გრემის პირველი ნომინაცია მოუტანა. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ჯგუფმა სტილი შეიცვალა. ალბომის პირველივე სიმღერა მიგვახვედრებს, რომ ბენდისგან რაიმე უჩვეულოს არ უნდა ველოდოთ. თითოეულ სიმღერას ადვილად დასამახსოვრებელი და თავიდან რთულად ამოსაგდები გიტარის მელოდია გამოარჩევს, რომელსაც სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტი ეწყობა.

ჩანაწერის დახვეწილობაზე ალბომის ყდაც მეტყველებს – ნახატი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მხატვარს, ჟან-მიშელ ბასკიას, ეკუთვნის. შინაარსობრივად, სიმღერების უმეტესობა კასაბლანკასის ერთგვარი აპოლოგიაა მეგობრებისადმი, ყოფილი შეყვარებულებისადმი, ბენდის წევრებისადმი. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცი წლის წინ „როკის მომავლად“ წოდებული ბენდის საუკეთესო ნამუშევარი სწორედ The New Abnormal-აა.

საკვანძო სიმღერა : Why Are Sundays So Depressing

 

ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტი ალბომის გარდა, წელს კიდევ ასობით მომღერალმა გამოუშვა ჩანაწერები, რომლებიც პანდემიისგან გადაღლილი ხალხის შფოთვას საგრძნობლად ამცირებდნენ. სირთულეებით გადატვირთული წელი ბევრი მომღერლისთვის ახალი ენერგიით აღვსების პერიოდად იქცა. ეს გვაძლევს იმის დარწმუნებით თქმის საშუალებას, რომ 2021 წელს კიდევ მრავალი ხარისხიანი ალბომი გამოვა, რომელიც, ზემოთ ჩამოთვლილთა მსგავსად, ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.

შენიშვნა: ალბომები ინგლისური ანბანის მიხედვითაა დალაგებული, რიგითობას განსაზღვრავს მომღერლის/ბენდის სახელის პირველი ასობგერა