Mechanical Rainbow-ს ახალი სიმღერა

ქართულმა ბენდმა Mechanical Rainbow 22 დეკემბერს ახალი სიმღერა გამოაქვეყნა, სახელწოდებით – “MORNINGSTAR ODYSSEY”. სიმღერის ტექსტს მოსმენისას ვიდეოშივე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ.

ბენდის გიტარისტი, დავით შავდათუაშვილი ამბობს, რომ სიმღერაზე 6 თვე მუშაობდნენ, შექმნის პერიოდში lo-fi-ს ხშირად უსმენდა, რამაც მასზე გავლენა მოახდინა.

„ათასნაირი დემო ვერსია გავაკეთეთ, არაერთხელ შევცვალეთ სიმღერის განაწილება და ესთეტიკა, ბოლოს კი ეს გამოვიდა. სიმღერიდან სიმღერამდე ვიზრდებით როგორც შემოქმედებითად, ისე Production-ის მხრივ.“

სიმღერის ტექსტსა და ვიდეოში კოსმოსსა და ვარსკვლავებს დიდი ადგილი უკავია.

„სწორედ მაგ პერიოდში ჩვენი ვოკალისტი, დადუ, უცნაურად დაინტერესდა კოსმოსით, ნასას მისიებით, პლანეტებით და ა.შ., ამ ინტერესმა დაბადა ფაქტობრივად ყველაფერი. სიმღერა მომავალზეა, სადაც ერთ-ერთი გამოცდილი ასტრონავტი გაფრენისას ვარდება დედამიწაზე, რაღაც გაუმართაობის გამო. ამ მომენტში იგი ცდილობს ინფორმაცია ჰიუსტონს გადასცეს და ბაზ ალდრინს ელაპარაკება, საკუთარ განცდებსა და ემოციებს უზიარებს. ბაზი მეორე ადამიანია, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა.“

იდეის გადმოსაცემად მუსიკოსებისთვის მნიშვნელოვანი ფერები და ენერგეტიკა იყო, დავითის თქმით, „ფერებს აქვთ მნიშვნელობები და ძალები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ „კლიპი“ ყველამ ჩვენებურად გავიაზროთ და გულთან მივიტანოთ.“

მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პანდემიის პირობებში ერთად შეკრება და მუშაობა რთულია,  ბენდის წევრები ცდილობენ ახალ ფორმატს მოერგონ და ერთ თვეში ახალ სიმღერას შემოგვთავაზებენ.

ბენდი 2018 წლის იანვარში შეიქმნა და 5 წევრისგან შედგება: დავით დონაძე (ვოკალი და გიტარა), დავით შავდათუაშვილი (გიტარა), ცოტნე ბაღდავაძე (ბასი), ნინი ბენდიანიშვილი (კლავიში) და გივი ინანიშვილი (დრამი). ისინი მსმენელმა პირველი სტუდიური ჩანაწერით –  „Asylum” გაიცნო.