2020 წლის 12 რჩეული სერიალი

პანდემიის პირობებში თითქმის ყველასათვის არსებული რეალობიდან თავის დაღწევის საშუალებად სერიალების ყურება იქცა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ სტრიმინგ-პლატფორმების (Netflix, Hulu) სერიალები, თუმცა კრიტიკოსების ფავორიტთა შორის სხვადასხვა ტელეარხის გადაღებულ ნამუშევრებსაც შეხვდებით. რუბრიკაში „თორმეტის რჩეული“ „თორმეტი“ 2020 წელს გამოსულ გამორჩეულ სერიალებს წარმოგიდგენთ.

Alice In Borderland (Netflix)

წლის ბოლოს გამოსული იაპონური სერიალი ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეულია. ნამუშევარი ამავე სახელწოდების მანგას მიხედვითაა გადაღებული და ოთხი მთავარი პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ტოკიოს ხალხმრავალი რაიონიდან მოულოდნელად პარალელურ რეალობაში მოხვდებიან, სადაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ვიდეოთამაშების მსგავსი დავალებების შესრულება უწევთ.

Netflix-ის სერიალში მთავარ როლებს ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ გამოცდილი და პოპულარული იაპონელი მსახიობები ასრულებენ. პოსტაპოკალიპტური ტოკიოს პეიზაჟების, მაღალი ხარისხის პროდუქციისა და არარეალურ გარემოებებში აღმოჩენილი რეალური პერსონაჟების წყალობით Alice in Borderland მაყურებელს ეკრანს სერიალის დაწყებისთანავე მიაჯაჭვებს.

 Central Park (Apple TV+)

Apple-ს მულტსერიალი წლის ყველაზე ხალისიან შოუდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ათსერიიან ანიმაციაში ნიუ-იორკის პარკის მენეჯერის, ოუენ ტილერმენის, ოჯახსა და მათ თავგადასავლებს გაეცნობით, რომლებიც ხან გაგამხიარულებთ, ხანაც კი სევდითა და წყენით აგავსებთ. თითოეულ ეპიზოდში გამხმოვანებლების მიერ შესრულებულ რამდენიმე სიმღერასაც მოისმენთ.

სერიალს ისეთი ცნობილი მსახიობებისაგან შემდგარი ჯგუფი ახმოვანებს, როგორებიც კრისტენ ბელი, ჯოშ გადი და სტენლი ტუჩი არიან. 25-წუთიანი სერიები ნიუ-იორკის ქუჩებსა და ცენტრალურ პარკში გამოგზაურებთ, ისტორიას კი მთხრობელი, ქუჩის მუსიკოსი ბერდი, მოგიყვებათ. Apple TV+-მა სერიალს მეორე სეზონი უკვე დაუმტკიცა.

 Devs (FX)

სერიალის მთავარი პერსონაჟი სილიკონის ველზე მოღვაწე ინჟინერი ლილია, რომელიც კომპანია „ამაიაში“ მუშაობს. პირველივე ეპიზოდში ლილის შეყვარებული გაუჩინარდება, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ თავი მოიკლა. დეველოპერი ნაცნობების დახმარებით მალევე დაიწყებს სერგეის სუიციდის რეალური მიზეზის გამოძიებას.

სერიალი ჟანრობრივად, თრილერის გარდა, სამეცნიერო ფანტასტიკასა და დეტექტივს მოიცავს. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Devs წლის ერთ-ერთ ფავორიტ სერიალად დაასახელა. ჩამთრევი სიუჟეტის გარდა, სერიალი სონოია მიზუნოსა და ნიკ ოფერმანის შესრულებებითაც მოხიბლავს მაყურებელს.

 I May Destroy You (HBO)

მიქაელა კოელის სერიალი იმ პრობლემებს ეხება, რომელთა შესახებაც ხშირად ღიად ვერ საუბრობენ. რასიზმი, სექსუალური ძალადობა, სექსიზმი – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ათსერიიან დრამაში შეხვდებით. მთავარი პერსონაჟის, არაბელას, როლს თავად კოელი ასრულებს. არაბელა მწერალია, რომელსაც იტალიიდან ლონდონში დაბრუნების შემდეგ გააუპატიურებენ. სიუჟეტი მისი მცდელობების გარშემო ვითარდება, გაიგოს, თუ ვინ იძალადა მასზე.

სერიალზე საავტორო უფლებების შესანარჩუნებლად კოელმა მილიონდოლარიან კონტრაქტზე თქვა უარი, საბოლოოდ კი HBO-სთან და BBC-სთან ითანამშრომლა. თავად კოელის გარდა, სერიალში ბრიტანული თეატრების დასის მსახიობებს შეხვდებით, რომლებმაც თავიანთი ნიჭი ეკრანზეც გადმოიტანეს.

 Middleditch & Schwartz (Netflix)

ზემოხსენებული ნამუშევარი უფრო შოუა, ვიდრე სერიალი. ცნობილი მსახიობების, ბენ შვარცისა (Parks & Recreation) და თომას მიდლდიჩის (Silicon Valley), დუეტი რამდენიმე წელია სხვადასხვა ამერიკული ქალაქის სცენაზე მართავს კომედიურ შოუებს, რომლებიც სრულად იმპროვიზირებულია. მსახიობები სიუჟეტის იდეებს მაყურებლებისგან იღებენ და ცდილობენ, რეალურ ისტორიებს კომიკური ელემენტები შემატონ.

სამ სერიაში შეხვდებით წყვილის ქორწილს ავტოსადგომზე, უცხოპლანეტელს უნივერსიტეტის აუდიტორიაში და სატელევიზიო ინტერვიუს, რომლებშიც მიდლდიჩი და შვარცი ყველა პერსონაჟს თამაშობენ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ერთი ამოსუნთქვით სანახავი შოუ ყველანაირი გემოვნების მაყურებლისათვის საყვარლად იქცა, რასაც კრიტიკოსების უნივერსალური აღიარებაც მოწმობს.

 Mrs. America (FX)

FX-სა და Hulu-ს მინისერიალი ამერიკელი ქალი პოლიტიკური აქტივისტების შესახებ გვიამბობს, რომლებმაც დღევანდელი დღე ისეთად ჩამოაყალიბეს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. მთავარი სიუჟეტი ფემინისტთა ორი – კონსერვატიული და ლიბერალური – ჯგუფების გარშემო ვითარდება, რომლებიც, შესაბამისად, ემხრობიან ან ეწინააღმდეგებიან ამერიკის კონსტიტუციის შესწორებას თანასწორობის შესახებ.

სერიალში შეხვდებით ისეთ მსახიობებს, როგორებიც ქეით ბლანშეტი, როუზ ბერნი, სარა პოლსონი და ელიზაბეთ ბენკსი არიან. თითოეული სერია თითო პერსონაჟზე კონცენტრირდება და ამ პერსონაჟის სახელი ჰქვია. იდეალური შესრულებითა და რეალური ისტორიის მცირედი დრამატიზებით Mrs. America კარგი მაგალითია იმისა, რომ ერთი იდეოლოგიის სახელით გაერთიანებულ საზოგადოებაშიც კი შეიძლება განსხვავებული იდეები წარმოიშვას.

 Quiz (ITV)

ITV-ს დრამა 19 წლის წინ ამავე არხის გარშემო დატრიალებული აურზაურის შესახებაა გადაღებული. 2001 წლის სექტემბერში ინტელექტუალურ შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი“ ბრიტანეთის არმიის მაიორმა ჩარლზ ინგრემმა მილიონი ფუნტი მოიგო, თუმცა არხის მესვეურებმა მაშინვე შენიშნეს არც თუ ისე ჭკვიანი მოთამაშის უცნაური გადაწყვეტილებები და ის და მისი მეუღლე თაღლითობაში დაადანაშაულეს. მინისერიალიც სწორედ ამ სკანდალს ეხება.

ინგრემისა და მისი მეუღლის როლს „ბაფტა“-ს მფლობელი მსახიობები მეთიუ მაკფეიდენი (“Pride & Prejucide”) და შან კლიფორდი („Fleabag”) ასრულებენ, რომელთაც გადაცემის წამყვანის როლის შემსრულებელი მაიკლ შინი უერთდება. ნამუშევარი სულ რაღაც სამ სერიაში ახერხებს შეეხოს ყველა დეტალს – შოუს შექმნიდან სასამართლო პროცესამდე. უმთავრესი მონაკვეთი, ცხადია, თავად თამაშია, რომელიც სერიალში იდეალური სიზუსტითაა გადმოტანილი.

 Ted Lasso (Apple TV+)

წელს გამოსულ სიტკომებს შორის მოწინავე პოზიციაზე Ted Lasso-ა. სერიალს მთავარი პერსონაჟის სახელი ჰქვია, რომელიც ერთ-ერთი ამერიკული კოლეჯის საფეხბურთო გუნდის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბის მწვრთნელი გახდება. სერიალს ამერიკული და ბრიტანული იუმორის ნაზავი გამოარჩევს, თუმცა, ცხადია, ხუმრობების რეალიზებაში მსახიობების სრულყოფილი შესრულებაც დიდ როლს ასრულებს.

Apple-ს სერიალში მთავარ როლს ჯეისონ სუდეიკისი თამაშობს, რომელიც რამდენიმე სერიის სცენარისტიცაა. ამერიკელ მსახიობს კომპანიონობას ისეთი შემსრულებლები უწევენ, როგორებიც ჰანა ვედინგემი და ჯუნო ტემპლი არიან. ტედ ლასოს როლი და, ზოგადად, სერიალი სუდეიკისის კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად შეგვიძლია დავასახელოთ.

 The Last Dance (Netflix)

მაიკლ ჯორდანი დიდი ხანია ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად მიიჩნევა, თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ როგორი ცხოვრება ჰქონდა მას საკალათბურთო მოედნის მიღმა. The Last Dance 1997-1998 წლების სეზონის პერიოდში გადაღებული კადრების გამოყენებით ჯორდანის „ჩიკაგო ბულსში“ გატარებულ უკანასკნელ წელზე გვიამბობს.

დოკუმენტური სერიალი Netflix-ისა და სპორტული ტელეარხის, ESPN-ის, საერთო ნამუშევარია, მის ხარისხზე კი სექტემბერში მოპოვებული ამერიკის სატელევიზიო აკადემიის ჯილდოც მეტყველებს. ათი ეპიზოდის განმავლობაში მოისმენთ ინტერვიუებს როგორც კალათბურთელებთან (დენის როდმანი, სკოტი პიპენი), ასევე ისეთ ცნობილ სახეებთანაც, როგორებიც ბარაკ ობამა და ჯასტინ ტიმბერლეიკი არიან.

 The Plot Against America (HBO)

HBO-ს სხვა ნამუშევრების მსგავსად, პროდუქციისა და შესრულების ხარისხით ეს სერიალიც გამოირჩევა. მინისერიალი ფილიპ როთის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და ნიუარკში მცხოვრები ებრაული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა სახითაც მთელი ამერიკის საშუალო ფენაა წარმოდგენილი. ისინი ვერ ახერხებენ წინ აღუდგნენ უსამართლობასა და ფაშისტი პოლიტიკოსის, ჩარლზ ლინდბერგის, პრეზიდენტობას.

ამერიკის ალტერნატიული ისტორიის შესახებ გადაღებულ სერიალში მთავარ როლებს ჯონ ტურტურო და ვაინონა რაიდერი ასრულებენ. დრამატული შინაარსის გარდა, შეუძლებელია მაყურებელს დახვეწილი გადაღება და ოპერატორული ოსტატობა შეუმჩნეველი დარჩეს.

 The Queen’s Gambit (Netflix)

წლის მთავარი სენსაცია და Netflix-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი „ლაზიერის გამბიტია“. სერიალის პოპულარობამ იმავე სახელწოდების რომანი ბესტსელერთა სიების სათავეებში მოაქცია, ჭადრაკის მოთამაშეთა რიცხვი კი ერთიორად გაზარდა. ჩამთრევი სიუჟეტითა და ფემინისტური მინიშნებებით სავსე სერიალი მოგვითხრობს ელიზაბეთ ჰარმონის შესახებ, რომელიც ობოლ ბავშვთა სახლიდან ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე სირთულეებით სავსე გზას გადის.

ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი ბეთის როლს უნაკლოდ თამაშობს. ასევე გამოსარჩევია თომას ბროდი-სანგსტერისა და მოუსეს ინგრამის შესრულებებიც. სავარაუდოდ, სერიალი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე რამდენიმე ნომინაციას მოიპოვებს და სტრიმინგ-პლატფორმაზე დამყარებულ რეკორდების გარდა თავს პრესტიჟული ჯილდოებითაც მოიწონებს.

 Unorthodox (Netflix)

ანა ვინგერისა და ალექსა კაროლინსკის სერიალი Unorthodox ულტრა-მართლმადიდებლური იუდაიზმის დრომოჭმული, სექსისტური ტრადიციების უარყოფით გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას. მთავარი პერსონაჟი, ესთერი, 19 წლის გოგონაა, რომელიც გარიგებით მიათხოვეს იენკი შაპიროს, თუმცა მათი ქორწინება არც ისე წარმატებული გამოდგა. ქმრის ოჯახის გამუდმებული ჩარევა წყვილის ურთიერთობაში, რელიგიური ლიდერებისაგან ზეწოლა ესთის აიძულებს, ნიუ-იორკი დატოვოს და ბერლინში გაიქცეს.

სერიალი გერმანიისა და აშშ-ს საერთო ნამუშევარს წარმოადგენს, თუმცა მთავარი ენა იდიშია – ევროპელი ებრაელების სასაუბრო ენა. აწმყოსა და წარსულის ხშირი შერევითა და ბოლო მომენტამდე ღიად დარჩენილი მთავარი კითხვით Unorthodox წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერიალია.

უკანასკნელ თორმეტ თვეში გამოსული სერიალები ნამდვილად იქცა ჩვენთვის პანდემიით გატანჯული მსოფლიოდან პარალელურ სამყაროებში მოგზაურობის ბილეთად. თუმცა ფაქტია, რომ 2020 წელს სატელევიზიო სერიალებს ნაკლები სიხშირით იღებდნენ, რის გამოც 2021 წელი ტელემანებისათვის შედარებით რთული უნდა აღმოჩნდეს.

 

შენიშვნა: სერიალები ინგლისური ანბანის მიხედვითაა დალაგებული, რიგითობას განსაზღვრავს ნამუშევრის სათაურის პირველი ასობგერა