2020 წლის 12 მნიშვნელოვანი მოვლენა

მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი მაინც უამრავი მოვლენით იყო დახუნძლული. ზოგიერთმა მათგანმა მხოლოდ კონკრეტულ ქალაქსა თუ ქვეყანაზე მოახდინა გავლენა, ზოგმა კი მთელი რეგიონის ყოველდღიურობა შეცვალა. ამ სტატიაში „თორმეტი“ 2020 წელს მომხდარ საერთაშორისო მნიშვნელობის თორმეტ მოვლენას წარმოგიდგენთ.

მესამე მსოფლიო ომის საფრთხე

თარიღი: 03.01

შარშან დაწყებული სპარსეთის ყურის კრიზისი წლის დასაწყისშივე უკიდურესად დაიძაბა. 3 იანვარს, დონალდ ტრამპის თანხმობის შემდეგ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან ირანის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორი ქაზემ სოლეიმანი მოკლეს. პოლიტიკურ ასპარეზზე სიტუაცია მალევე დაიძაბა: ორი დღის შემდეგ, ირანისა და ამერიკის რამდენიმე სამხედრო დივიზიასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომაც გააგზავნა ფლოტი ჰორმუზის სრუტეში. ექსპერტებმა საუბარი ირანისა და ერაყის მხრიდან კონტრიერიშზე დაიწყეს, რასაც უთუოდ მოჰყვებოდა სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც. საბედნიეროდ, სიტუაცია მალევე განიმუხტა და სამყარო მესამე მსოფლიო ომს გადაურჩა.

კობი ბრაიანტის გარდაცვალება

თარიღი: 26.01

წლის პირველივე თვეში კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა მისი თოთხმეტი წლის ქალიშვილი ჯიანაც. „შავი მამბას“ სიკვდილი სპორტული და არასპორტული სამყაროსთვის უდიდესი ტრაგედია გახლდათ. კობის პატივი ისეთმა ადამიანებმა მიაგეს, როგორებიც ბარაკ ობამა, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნაომი ოსაკა და მაიკ ტაისონი არიან. ბრაიანტის პატივსაცემად 2020 წლის საჩემპიონო ბეჭედზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ შავი მამბა გამოსახა.

ბრექსიტი

თარიღი: 31.01

თითქმის ოთხწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ საბოლოოდ დატოვა ევროკავშირი. პროცესს კონსერვატიული პარტიის ორი პრემიერ-მინისტრი (დევიდ კემერონი და ტერეზა მეი) „შეეწირა“, საბოლოოდ კი გაერთიანებიდან გამოსვლა ქვეყანამ ბორის ჯონსონის ლიდერობის დროს მოახერხა. ჯერ ისევ ადრეა ვისაუბროთ, თუ რა გავლენა ექნება ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოზე ბრექსიტს, თუმცა ცხადია, რომ ბრიტანელი ევრო-სკეპტიკოსების სურვილი ორმოცდახუთწლიანი ცდის შემდეგ მაინც ასრულდა. ბრექსიტის პარალელურად, მსოფლიო ტაბლოიდების ფურცლებზე ბრიტანეთის სამეფო ოჯახიც მოექცა : პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მთავარ სამეფო მოვალეობებზე უარი თქვეს და „მეგქსითის“ შემდეგ კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

„პარაზიტის“ ტრიუმფი ოსკარზე

თარიღი: 09.02

ბონგ ჯუნ ჰუს შედევრმა ამერიკის კინოაკადემიის 92-ე დაჯილდოებაზე წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია და ოთხი ოსკარი მოიგო, მათ შორის – ოსკარი საუკეთესო სურათისათვის. ამით „პარაზიტი“ პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი გახდა, რომელმაც კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მოიპოვა. აღიარება ჰპოვა ბონგ ჯუნ ჰუმაც, რაც წლის საუკეთესო რეჟისორობისთვის ოსკარის მოგებაში გამოიხატა. შეუმჩნეველი არ დარჩენილა სამხრეთ კორეელ მსახიობთა უნიჭიერესი ანსამბლიც. ერთი სიტყვით, „პარაზიტის“ ამერიკული ტურნე ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა არამხოლოდ კორეული, არამედ ზოგადად არაამერიკული ფილმების ისტორიაში.

ჰარვი ვაინშტაინის განაჩენი

თარიღი : 24.02

ნიუ-იორკის სასამართლომ 24 თებერვალს ცნობილ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების გამო იყო დაკავებული, ბრალი დაუმტკიცა. სასამართლომდე პროდიუსერი სექსუალურ ძალადობაში ასზე მეტმა მსახიობმა დაადანაშაულა, რომელთა შორისაც ანჯელინა ჯოლი, როუზ მაკგოუენი, უმა თურმანი და სელმა ჰაიეკიც იყვნენ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ჰოლივუდს კიდევ ერთი „სექსუალური მტაცებელი“ ჩამოშორდა, ასობით ქალისათვის კი სამართლიანობის აღსრულებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვაინშტაინის დანაშაულების გაცხადება აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული „#MeToo” მოძრაობის დაწყებისათვის.

კორონავირუსის პანდემია

თარიღი : 11.03

COVID-19-ს პირველი შემთხვევები 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვლინდა, თუმცა ვირუსი აღმოსავლეთ აზიას წელს უფრო მასშტაბურად გასცდა. რამდენიმე ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. განცხადებას თითქმის ყველა სახელმწიფოში, ვირუსის პრევენციის მიზნით, გარკვეული შეზღუდვები მოჰყვა, თუმცა ვირუსი მსოფლიოს დღემდე პრობლემებს უქმნის. 27 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსით 1 800 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც, შიდსის შემდეგ, მას ყველაზე მომაკვდინებელ პანდემიად აქცევს.

 ელიზაბეთ II-ს მიმართვა

თარიღი : 05.04

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, დედოფალმა ელიზაბეთ II-მ ქვეყნის მოსახლეობას სატელევიზიო ეთერის საშუალებით მიმართა. იმის მიუხედავად, რომ დედოფალი ყოველწლიურად წერს საშობაო მიმართვებს, ეს მისი მმართველობის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე შემთხვევა იყო, როდესაც მონოლოგი წლის სხვა მონაკვეთშიც ჩაიწერა. მსგავსი მნიშვნელობის მოვლენა ელიზაბეთ II-ს 58-წლიან მოღვაწეობაში მხოლოდ სპარსეთის ყურის 1990 წლის კრიზისი, პრინცესა დაიანასა და დედოფლის დედის გარდაცვალება და ელიზაბეთის ბრილიანტის იუბილე გახლდათ. კორონავირუსთან დაკავშირებულ ტრანსლაციას 24 მილიონამდე ბრიტანელმა უყურა.

პროტესტები აშშ-ში

თარიღი : 26.05

ბრეონა ტეილორის, კრისტიან კუპერის, ჯორჯ ფლოიდისა და სხვა შავკანიანთა უსამართლო მკვლელობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომლის მთავარ სლოგანადაც „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ იქცა. აშშ-ს პოლიციის მხრიდან სისასტიკის უკვე რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, რასაც ყოველთვის მოჰყვება ხოლმე მსგავსი პროტესტები. საბედნიეროდ, წლევანდელ გამოსვლებს შედეგი მოჰყვა : პროგრესული იდეოლოგიის მქონე კონგრესმენები დღესაც ცდილობენ რასისტული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ მიმართული რეზოლუციების დაწერას. ამასთან, რამდენიმე ცნობილმა სახემ სწორედ პროტესტების შემდეგ მოიხადა ბოდიში წარსულში გაკეთებული რასისტული განცხადებების გამო.

გამოსვლები პოლონეთში

თარიღი: 22.10

ოქტომბრის ბოლოს პოლონეთის კონსტიტუციურმა ტრიბუნალმა ქვეყანაში აბორტის შესახებ კანონები გაამკაცრა. სახელმწიფოს მხრიდან ქალთა უფლებების წინააღმდეგ წასვლას ქვეყნის მასშტაბით აქციები მოჰყვა. ულტრა-მემარჯვენე მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ვარშავის ქუჩებში, პანდემიის მიუხედავადაც კი, ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. გამოსვლები დღემდე გრძელდება. სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში კონსერვატიულ პოლონეთში ქალთა უფლებები, ცხადია, საგრძნობლად გაიზრდება.

ჯო ბაიდენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში

თარიღი: 07.11

ხმების ოთხდღიანი დათვლის შემდეგ 7 ნოემბერს ამერიკის ასოცირებულმა პრესამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატი ჯო ბაიდენი დაასახელა. ბაიდენმა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 74 ხმით მოუგო. ამით ბაიდენი ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა ამერიკის ისტორიაში. ბაიდენთან ერთად, არჩევნებში გაიმარჯვა კამალა ჰარისმაც, რითაც ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ბაიდენ-ჰარისის წყვილი გამოცემა TIME-მა წლის ადამიანებად დაასახელა.

კორონავირუსის ვაქცინა

თარიღი: 10.11

სახლში გატარებული წლის შემდეგ მთელი მსოფლიო პანდემიისგან ხსნას – ვაქცინას – ელოდა. მრავალთვიანი ცდების შემდეგ, 10 ნოემბერს BioNTech-Pfizer-მა ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი შეიტანა. მათი ვაქცინა 90%-ზე მეტ ეფექტურობას აჩვენებს. აშშ-სა და კანადაში განცხადებების შეტანის მიუხედავად, პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინა დაამტკიცა, დიდი ბრიტანეთი იყო. 27 დეკემბრის მონაცემებით, Pfizer-ის პროდუქტით ვაქცინაცია ოცდაათამდე ქვეყანაში დაიწყეს.

„გვირგვინის“ რეკორდი

თარიღი: 22.11

კორონავირუსის მეორე ტალღის გამო სახლში გამოკეტილი ხალხისთვის დროის გაყვანის ერთ-ერთ საშუალებად სერიალების ყურება იქცა. წლის ბოლოს Netflix-ის სერიალმა “The Crown” რეიტინგების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, „ნილსენის“, რეკორდი მოხსნა : ერთი კვირის განმავლობაში სერიალის 3.3 მილიარდზე მეტ წუთს უყურეს. მაყურებლის ინტერესი სერიალში პრინცესა დაიანას გამოჩენამ გამოიწვია. სერიალის შემდეგი სეზონები დაიანას გარდაცვალებას მოიცავს და, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე რეკორდს დაამყარებს.

2020 წელი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე წლის სახელით შევა. იმედია, ვაქცინის გავრცელების შემდეგ მსოფლიო საზოგადოება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და უფრო მეტი მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენით დაგვამახსოვრებს თავს.

 

შენიშვნა: მოვლენების თანმიმდევრობას განსაზღვრავს მათი თარიღი.