2020 წლის 12 რჩეული ფილმი

2020 წლის სიმძიმე ყველაზე მეტად კინოინდუსტრიას შეეტყო. სხვადასხვა კომპანიამ ათობით ფილმის პრემიერა მომავალ წლამდე გადადო, ზოგიერთი ნამუშევარი კი, კინოთეატრების ნაცვლად, პირდაპირ ონლაინ-პლატფორმებზე განათავსეს. ამის მიუხედავად, წელს გამოსულ ფილმებს შორის პროდუქციისა და შესრულების ხარისხით რამდენიმე მაინც გამოირჩეოდა. ამ სტატიაში „თორმეტი“ 2020 წლის თორმეტ რჩეულ ფილმს წარმოგიდგენთ.

A Secret Love

რეჟისორი : კრის ბოლანი

ფილმის პროდიუსერი „ამერიკული საშინელებათა ისტორიისა“ და „რეტჩედის“ შემქმნელი რაიან მერფია. დოკუმენტური ნამუშევარი რადიკალურად განსხვავდება მერფის მხატვრული სერიალებისაგან. ფილმი რეჟისორ კრის ბოლანის დეიდის, ყოფილ ბეისბოლისტ ტერი დონაჰიუსა და მისი ცოლის, პეტ ჰენშელის, 73-წლიან სიყვარულის ისტორიაზე გვიამბობს. გულწრფელი ემოციებით სავსე ნამუშევარში შეხვდებით ინტერვიუებს როგორც წყვილთან, ისე მათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თითოეული მათგანის მოთხრობილი ისტორიები ცხადყოფს პეტისა და ტერის საიდუმლო ურთიერთობის სირთულეებს მრავალწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში. დოკუმენტურ ფილმში მოხვდა მათი ქორწილიც, რომელიც 2015 წელს შედგა. სამწუხაროდ, ტერი ფილმის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.

Bloody Nose, Empty Pockets

რეჟისორი : ბილ როსი; ტერნერ როსი

ორი ძმის ნამუშევარი დოკუმენტური და მხატვრული სტილის ერთგვარი ნაზავია. ფილმი ბარ „Roaring 20s”-ს დახურვამდე მისი მფლობელისა და სტუმრების ერთად გატარებულ უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. ბარის სტუმრები სხვადასხვა ასაკისა და წარმომავლობის არიან, თუმცა მათ ორი რამ აერთიანებთ – ალკოჰოლისა და ბარის სიყვარული. ტკივილნარევი იუმორით სავსე ფილმი კარგად აღწერს საყვარელ ადგილთან განშორების სევდას, რომლის გაქარვებასაც ხშირად დაძალებული ხუმრობებითა და სოციალიზაციით ვცდილობთ. პერსონაჟები საკუთარი რეალური შემსრულებლის მცირედით სახეცვლილი ვერსიები არიან, რომელთა მსგავს ხალხსაც სამსახურში, ოჯახსა თუ ქუჩაში არაერთხელ შევხვედრივართ. საათნახევრიანი დოკუმენტური ფილმი თითოეულ თქვენგანს ნასვამი ხალხით სავსე ამ ხალისიანი ოჯახის წევრად გაქცევთ.

Da 5 Bloods

რეჟისორი : სპაიკ ლი

ტრადიციულად, სპაიკ ლი საკუთარ ნამუშევარში აფრო-ამერიკელთა ცხოვრების სირთულეებზე აკეთებს აქცენტებს. ფილმი მუჰამედ ალის ინტერვიუთი იწყება, მთავარ პერსონაჟებად კი ვიეტნამის ომის ვეტერანები გვევლინებიან, რომლებიც ომიდან თითქმის ორმოცი წლის შემდეგ ბრუნდებიან აზიურ ქვეყანაში, რათა საკუთარი გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი და მის მიერ დამალული ოქრო სამშობლოში დააბრუნონ. მოქმედება ორ დროში – ვიეტნამის ომისას და დღევანდელობაში – მიმდინარეობს, რომლებიც, შესაბამისად, 70-იანი წლების ვიეტნამისა და დღევანდელი ჰოშიმინის ესთეტიკითაა სავსე. ჯგუფის ლიდერის, სტორმინ ნორმანის, როლს ფილმში რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი ჩედვიკ ბოუსმენი თამაშობს. არაა გამორიცხული, ამ როლმა ბოუსმენს ოსკარის პირველი ნომინაცია მოუტანოს.

Dick Johnson Is Dead

რეჟისორი : კირსტენ ჯონსონი

ფილმის სიუჟეტი რეჟისორის მამის, რიჩარდ ჯონსონის, გარშემო ვითარდება. რიჩარდი დემენციით იტანჯება და საკუთარი შვილისა და მეგობრების დახმარებით ცდილობს, ჯერ საკუთარი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსია წარმოიდგინოს, შემდეგ კი გაითამაშოს. ერთ-ერთ ვარიანტში ის კიბეზე გორდება, მეორეში – მშენებლობის ადგილზე კისერში ლურსმნებიანი ჯოხი ერჭობა და ასე შემდეგ. შავი იუმორით სავსე ფილმი კირსტენისა და მამამისის მხრიდან მოახლოებული სიკვდილისთვის შემზადების გზად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ფილმის ბოლოს კირსტენი და რიჩარდი დასაფლავებასაც გაითამაშებენ, რომელსაც ათობით ადამიანი დაესწრება. პერიოდულად ფილმში დიკის სამოთხეში მოხვედრის ფანტაზიების ვიზუალიზაციებსაც შეხვდებით. საბედნიეროდ, ფილმის სათაურის მიუხედავად, დიკ ჯონსონი კვლავ ცოცხალია.

Hamilton

რეჟისორი : თომას კეილი

იმის მიუხედავად, რომ ლინ-მანუელ მირანდას მიუზიკლი ბროდვეიზე უკვე რამდენიმე წელია იდგმება, ფილმად ის Disney-მ 2020 წლის 3 ივლისს გამოუშვა. მირანდას ნამუშევარი ამერიკის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამაზე, ალექსანდერ ჰამილტონზე, მიუზიკლის სახით გვიამბობს. „ჰამილტონს“ უკვე მოგებული აქვს გრემი, ტონი და პულიცერის პრიზიც კი. ფილმში, ამერიკის ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთთან დაკავშირებული სიუჟეტის გარდა, საკმაოდ ადვილად დასამახსოვრებელ და ამყოლ სიმღერებსაც მოისმენთ. დისნეის ინიციატივის წყალობით სპექტაკლის ნახვა უკვე არა მხოლოდ ბროდვეიზე დამსწრე მაყურებელს, არამედ, ფილმის სახით, მსოფლიოს გარშემო თითოეულ ადამიანს შეუძლია.

If Anything Happens, I Love You

რეჟისორი : უილ მაკკორმაკი; მაიკლ გოვიერი

Netflix-ის 12-წუთიანი ანიმაციური ფილმი საკმაოდ მოკლე დროში ახერხებს მაყურებლის მონუსხვასა და შეძვრას. ფილმის ინსპირაციად 2018 წელს სტოუნმენ დაგლასის სკოლაში დატრიალებული ტრაგედია იქცა, რომლის შედეგადაც 14 მოზარდი და 3 მასწავლებელი დაიღუპა. ზოგიერთმა მათგანმა გარდაცვალებამდე მშობლებს სწორედ ამ შინაარსის ტექსტი მისწერა : „თუ რაიმე მოხდება, მიყვარხარ“. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაც ცოტა ხნის წინ დაღუპული გოგონას მშობლების ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც შვილის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთისგან გაუცხოვდნენ. ანიმაცია ძირითადად მხოლოდ ორ ფერშია გადაწყვეტილი, ფონად კი King Princess-ის კომპოზიცია „1950“ გასდევს.

I’m Thinking Of Ending Things

რეჟისორი : ჩარლი კაუფმანი

“I’m Thinking Of Ending Things” არაერთი საკულტო ფილმის რეჟისორის, ჩარლი კაუფმანის, უახლესი ნამუშევარია, რომელიც იეინ რეიდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. საინტერესოა, რომ მთავარი პერსონაჟებიდან მხოლოდ ერთის სახელი ვიცით დაზუსტებით. ფილმი ჯესი ბაკლის პერსონაჟისა და მისი შეყვარებულის ოჯახის ურთიერთობაზეა, თუმცა რამდენიმე სხვადასხვა სიუჟეტური და დროის ხაზის მიხედვით ვითარდება. მთავარ როლებს ემიზე ნომინირებული ჯესი პლემონსი და ირლანდიელი ჯესი ბაქლი ასრულებენ, რომელთაც კომპანიონობას ტონი კოლეტი და დევიდ თიულისი უწევენ. ფილმის ესთეტიკა და კინემატოგრაფია, შინაარსთან ერთად, ნამუშევარს კაუფმანის კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულად აქცევს.

Mank

რეჟისორი : დევიდ ფინჩერი

ფინჩერის შავ-თეთრი ბიოგრაფიული დრამა რეჟისორის ჩვიდმეტი წლის წინ გარდაცვლილი მამის სცენარის მიხედვითაა გადაღებული და „მოქალაქე კეინის“ სცენარისტის, ჰერმან მანკიევიჩის, შესახებ გვიამბობს. ნამუშევარში მთავარ როლს გარი ოლდმენი თამაშობს. ფერების გარდა, ფილმს 40-იანი წლების ესთეტიკას გამორჩეული კოსტუმები, ფორტეპიანოზე შესრულებული საუნდტრეკები და მსახიობების დახვეწილი ტრანსატლანტიკური აქცენტი მატებს. ფინჩერი საკუთარ სტილს არ ღალატობს და დრამას მომენტებში კომიკური ელემენტებით აზავებს. სავარაუდოდ, ფინჩერი ამ ათწლეულსაც წინა დეკადის მსგავსად („The Social Network”) ოსკარის ნომინაციით დაიწყებს.

Palm Springs

რეჟისორი : მაქს ბერბაკოუ

„Palm Springs” ახალგაზრდა რეჟისორის, მაქს ბერბაკოუს, პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტია. მაღალი რეპუტაციის არქონის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა ისეთ მსახიობებთან ეთანამშრომლა, როგორებიც ენდი სემბერგი, ქრისტინ მილოტი და ჯ.კ. სიმონსი არიან. ფილმი კალიფორნიის მზიან ქალაქში ქორწილის დღეს დროის მარყუჟში აღმოჩენილი ორი პერსონაჟის შესახებ გვიამბობს, რომლებიც მრავალჯერ გატარებული ერთი დღის განმავლობაში დაახლოვდებიან. ნაილსი და სარა უშედეგოდ ცდილობენ, მარყუჟს თავი დააღწიონ. ფილმი რომანტიკული კომედიისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ერთგვარი ნაზავია, თანაც ორივე ჟანრის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბერბაკოუს ნამუშევარი კრიტიკოსთა და კინომანთა ფავორიტების სიებში „კომიკური გენიოსის“, ენდი სემბერგის, შესანიშნავი შესრულების წყალობით ადვილად მოექცა.

Soul

რეჟისორი : პიტ დოქტერი

პიტ დოქტერისთვის უცხო არაა ანიმაციის საშუალებით ეგზისტენციალურ თემებზე ყურადღების გამახვილება („Inside Out”). კვლავაც, დოქტერი დისნეისა და პიქსარის საერთო ნამუშევარში ახერხებს ბავშვებისთვის გასაგებად ისეთ თემებს შეეხოს, რომლებიც უფრო მეტად ზრდასრულ ხალხს აწუხებს. ანიმაციის მთავარი პერსონაჟი ჯაზ-პიანისტი ჯო გარდნერია, რომლის სულიც ქუჩაში ორმოში ჩავარდნის შემდეგ სხეულს მოშორდება და სულების სამყაროში გადაინაცვლებს. ჯოს სული ნიჰილისტ 22-ის სულს დაუახლოვდება, რის შემდეგაც მათი საერთო თავგადასავალი იწყება როგორც დედამიწაზე, ისე გარე სამყაროში. გემოვნებიანი ჯაზ-კომპოზიციებით გაფორმებული ფილმი პიქსარის ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან და ამბიციურ ნამუშევრად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რასაც გამხმოვანებლების ვინაობაც ადასტურებს – ჯოსა და 22-ს ანიმაციაში ჯეიმი ფოქსი და ტინა ფეი ახმოვანებენ.

The Half Of It

რეჟისორი : ელის ვუ

ელის ვუ კინოინდუსტრიას თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. The Half Of It ახალგაზრდა მაყურებელზეა გათვლილი და სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიას გვიამბობს. ელი დამამთავრებელი კლასის წარჩინებული მოსწავლეა, რომელიც კლასელებს დავალებებს უწერს. ერთ დღესაც ელის თანასკოლელი, პოლი, ასტერისთვის მისი სახელით სასიყვარულო წერილების მიწერას სთხოვს. ელიც თანხმდება, თუმცა მტკივნეულად, რადგან ასტერისადმი გრძნობები მასაც აქვს. კომედიური და დრამატული ტროპების გაერთიანებით რეჟისორმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი შექმნა, რომელიც მრავალი მოზარდისთვის ახლობელი უნდა გამხდარიყო. ამასთან, Netflix-ის ნამუშევრის საშუალებით ფართო ასპარეზზე ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი, ლეა ლუისი, გამოვიდა.

The Trial Of Chicago 7

რეჟისორი : აარონ სორკინი

თავისი ყოფილი კოლაბორატორის, დევიდ ფინჩერის, მსგავსად, წლის საუკეთესო ფილმთა სიაში აარონ სორკინის ნამუშევარიც მოხვდა. “The Trial Of Chicago 7” რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და 1960-იანი წლების ჩიკაგოში განვითარებულ მოვლენებზე გვიამბობს. დემოკრატიული პარტიის მიერ ქალაქში გამართული ყრილობის პარალელურად ქუჩებში ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფი გამოვიდა, რათა ვიეტნამის ომში ამერიკის ჩართულობა გაეპროტესტებინა. მათი ქმედებები ამბოხის მცდელობად შეაფასეს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი გაიმართა. სწორედ ამ პროცესის გარშემო ვითარდება მთავარი სიუჟეტი სორკინის ნამუშევარშიც. ბრალდებულთა როლებს ისეთი ცნობილი მსახიობები ასრულებენ, როგორებიც საშა ბარონ კოენი და ედი რედმეინი არიან. პროცესის კადრებს პერიოდულად სასამართლოს გარეთ მიმდინარე მოვლენები ანაცვლებს, რაც ფილმს უფრო დინამიკურსა და დრამატულს ხდის. სორკინის ფილმს ოსკარის რამდენიმე ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ.

ზემოთ ჩამოთვლილი ნამუშერებიც ცხადყოფს, რომ, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს კინოშედევრების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. იმ ფილმებს, რომელთა გამოსვლაც წელს ვერ მოხერხდა, მომავალ წელს უნდა ველოდოთ. მანამდე „თორმეტი“ 31 დეკემბერს 2020 წლის თორმეტ გამორჩეულ და გავლენიან ადამიანს წარმოგიდგენთ.

 

შენიშვნა: სიაში ფილმები მოცემულია ინგლისური ანბანის მიხედვით, რიგითობას განსაზღვრავს სათაურის პირველი ასობგერა