2020 წლის 12 მნიშვნელოვანი ადამიანი

2020 წელი დასასრულს მიუახლოვდა. წლის განმავლობაში საზოგადოებას თავი მრავალმა ადამიანმა დაამახსოვრა. რუბრიკა „თორმეტის რჩეულის“ წლის უკანასკნელ სტატიაში „თორმეტი“ 2020 წლის თორმეტ მნიშვნელოვან ადამიანს წარმოგიდგენთ, რომლებმაც საკუთარი საქმიანობით, აქტივიზმითა თუ მიღწევებით სახელი ისტორიას დაუტოვეს.

ტედროს ადჰანომი

საქმიანობა: ჯანმო-ს გენერალური დირექტორი

2020 წლის მთავარ მოვლენასთან, კორონავირუსის პანდემიასთან, დაკავშირებული ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ საზოგადოებისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იქცა. საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით პრესკონფერენციებზე ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომი, საუბრობდა. ადჰანომის ხელმძღვანელობით, ორგანიზაციამ კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო მინიმალური ზომები შეიმუშავა და მსოფლიოს გააცნო. წლის განმავლობაში ჯანმო-ს დირექტორი სხვადასხვა ქვეყნის გავლენიან პირებსაც შეხვდა, რათა პანდემიის შეჩერების გზები დაესახათ. წლის ბოლოს ტედროს ადჰანომის ლიდერობით ორგანიზაციამ კორონავირუსის ვაქცინის ორი მილიარდი დოზა დაჯავშნა.

ჯესინდა არდერნი

საქმიანობა: ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი

კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ახალი ზელანდია იქცა. წარმატების მიზეზად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯესინდა არდერნის, სწრაფი რეაქცია და საფრთხის გაჩენისთანავე დაწესებული შეზღუდვები შეგვიძლია მივიჩნიოთ. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა ლიდერმა ქვეყნის მასშტაბით „ლოქდაუნი“ მარტის ბოლოს გამოაცხადა, რასაც შედეგი უმალ მოჰყვა. რამდენიმე თვეში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები აღარ ფიქსირდებოდა. 31 დეკემბრის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით მხოლოდ 2162 ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 2082 უკვე გამოჯანმრთელდა. წარმატებული პოლიტიკის წყალობით, არდერნი ოქტომბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით აირჩიეს.

ჩარლი დ’ამელიო

საქმიანობა: ტიკტოკ-არტისტი

2016 წლიდან მოყოლებული TikTok-ის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. წელს აპლიკაციას საკმაოდ ფართო აუდიტორია შეუერთდა. ყველაზე ცნობილი და წარმატებული ტიკტოკ-არტისტი სწორედ ჩარლი დ’ამელიოა. თექვსმეტი წლის გოგონა პლატფორმაზე ვიდეოებს ერთ წელზე მეტია დებს. წელს დ’ამელიოს გამომწერების რაოდენობა 100-მილიონიან ნიშნულს გადასცდა. ჩარლის ვიდეოების უმეტესობა სხვადასხვა სიმღერის ფონზე მისი ცეკვაა, თუმცა ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მოსაზიდად. დ’ამელიოსა და მის ოჯახზე 2021 წელს Hulu დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს.

ერიკ იუანი

საქმიანობა: Zoom-ის აღმასრულებელი დირექტორი

იუანი წლის „რუხ კარდინალად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი სახელი და გვარი თითქმის ყველასათვის უცნობია, თუმცა სწორედ იუანის შექმნილი აპლიკაცია იქცა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მსხვილი კორპორაციების მხსნელად. იუანმა ვიდეო-კონფერენციის პლატფორმა Zoom 2011 წელს დაარსა. აპლიკაცია განსაკუთრებით მოთხოვნადი კარანტინისა და იზოლაციის პერიოდში გახდა. იუანის კომპანიამ ფინანსური მოგება პირველად შარშან ნახა, წელს კი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ინდექსს შეუერთდა. Bloomberg-ის ცნობით, იუანის ქონება წლის დასაწყისთან მიმართებით 360%-ით გაიზარდა.

ემა კორინი

საქმიანობა: მსახიობი

ნოემბერში Netflix-ის გახმაურებული სერიალის, „გვირგვინის“, მეოთხე სეზონი გამოვიდა, რომელშიც სამეფო ოჯახის საზოგადოებისთვის საყვარელი წევრი, პრინცესა დაიანა, გამოჩნდა. დაიანას როლს სერიალში ემა კორინი ასრულებს. ეპიზოდების პლატფორმაზე განთავსების შემდეგ პრინცესა დაიანასა და თავად კორინის რჩეული ტანსაცმელი მსოფლიო მოდის მიმდევართა რჩეულ სამოსს შორის აღმოჩნდა. ტრენდული გახდა კორინის მოკლედ შეჭრილი თმაც. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს კორინის იდეალურთან მიახლოებული შესრულებაც – მისმა შექმნილმა დაიანამ „გვირგვინს“ ტელესივრცის რამდენიმე რეკორდი მოახსნევინა.

ალექსანდრია ოკასიო-კორტესი

საქმიანობა: კონგრესვუმენი

ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აირჩიეს. ასაკისა და გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად, ის აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და წარმატებულ პოლიტიკოსად მიიჩნევა. ოკასიო-კორტესის მიერ შემუშავებული „მწვანე ახალი კურსი“ 2020 წელს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ეკონომიკური და გარემოს დაცვითი რეფორმების ახალი ტალღის ბიძგის მიმცემი გახდა. რეფორმების წარდგენის გარდა, ოკასიო-კორტესი კონგრესში გამოსვლებს გენდერული და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ ხშირად იყენებს.

ნაომი ოსაკა

საქმიანობა: ჩოგბურთელი

2020 წელს საჩოგბურთო სამყარომ რამდენიმე თვით შეისვენა. ტური ზაფხულში განახლდა, მაშინ, როდესაც მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ ამერიკის მასშტაბით აქციებს მართავდა. ნაომი ოსაკამ პოლიციის მხრიდან სისასტიკისა და რასიზმის გასაპროტესტებლად საკუთარი პლატფორმა გამოიყენა. იაპონელი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას კორტზე შავი ფერის პირბადეებით გამოდიოდა, რომლებზეც პოლიციის მიერ მოკლული შავკანიანების სახელები და გვარები ეწერა. ოსაკამ ამერიკის ღია პირველობა მეორედ მოიგო და პირველი აზიელი ჩოგბურთელი გახდა, რომელსაც ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული.

Megan Thee Stallion

საქმიანობა: რეპერი

მეგან ჯოვონ რუთ პიტი, იგივე Megan Thee Stallion, 2020 წლის მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად უნდა მივიჩნიოთ. მეგანის ორი ყველაზე პოპულარული სიმღერა “Savage” და “WAP”, რომლებიც მან, შესაბამისად, ბიონსესა და Cardi B-სთან ერთად შეასრულა, ამერიკული ჩარტების სათავეში მოექცა. ორივე სიმღერა კარანტინის ჰიტად იქცა. რეპერი ჟურნალ TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშიც მოხვდა, რომელშიც ის ტარაჯი პ. ჰენსონმა წარადგინა. ნოემბერში მეგანმა თავისი პირველი ალბომი „Good News” გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. პიტმა წლის ბოლოს გრემის ოთხი ნომინაცია მოიპოვა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

საქმიანობა: ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი

აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყო. ოპოზიცია არჩევნების ტოტალურ გაყალბებას აპროტესტებდა – მათი გამოთვლებით, არჩევნებში არა მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, არამედ ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას უნდა გაემარჯვა. ტიხანოვსკაიამ საკუთარი კანდიდატურა მეუღლის, სერგეი ტიხანოვსკის, დაპატიმრების შემდეგ წარადგინა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ტიხანოვსკაიამ რეპრესიების შიშით ქვეყანა დატოვა, ბელარუსში კი ნახევარმილიონიანი გამოსვლები დაიწყო. ტიხანოვსკაიამ და მისმა თანამოაზრეებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტის ფუნქციას დღესაც ასრულებს.

უგურ შაჰინი & ოზლემ თურეჩი

საქმიანობა: კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელები

თურქული წარმოშობის გერმანელი ცოლ-ქმარი ისტორიაში ოქროს ასოებით შევლენ. ამერიკულ კომპანია Pfizer-თან თანამშრომლობის შემდეგ, წყვილის დაფუძნებულმა კომპანია BioNTech-მა კორონავირუსის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ეფექტური ვაქცინა შექმნა. „BNT162b2“ რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაამტკიცეს. არაა გამორიცხული, წყვილმა მედიცინის დარგში ნობელის პრემიაც აიღოს. სავარაუდოდ, 2021 წელს კორონავირუსის შემთხვევები კლებას დაიწყებს, რაც მეტწილად სწორედ შაჰინისა და თურეჩის დამსახურება იქნება.

კამალა ჰარისი

საქმიანობა: აშშ-ს არჩეული ვიცე-პრეზიდენტი

კამალა ჰარისი აგვისტოში ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ თანამებრძოლად დაასახელა. ამით ის პირველი ფერადკანიანი ქალი აღმოჩნდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენზე აღმოჩნდა. ჰარისის მიღწევა ნოემბერში უფრო მასშტაბური გახდა – იგი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში ბაიდენი-ჰარისის წყვილმა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შვიდ მილიონზე მეტი ხმით აჯობა და დემოკრატიული პარტია ქვეყნის სათავეში დააბრუნა.

ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტი კონკრეტული ადამიანის გარდა აუცილებელია აღვნიშნოთ სამედიცინო პერსონალის შრომაც. მათ გარეშე წელი ბევრად უფრო მძიმედ ჩაივლიდა. წლის შედარებით დასტაბილურებაში წვლილი მილიონობით სხვა ადამიანმა შეიტანა, რომელთა თავგანწირვაც მეტად დასაფასებელია. 2020 წლისთვის სულ ეს იყო, „თორმეტი“ კი 2021 წელს მრავალი ახალი საინტერესო რუბრიკითა და სტატიით დაბრუნდება.

 

შენიშვნა: სიაში რიგითობას განსაზღვრავს გვარის პირველი ასობგერა