პეტი სმიტმა გრეტა თუნბერგს არტ-ინსტალაცია მიუძღვნა

Photo Credits to Steven Sebring

ცნობილმა მომღერალმა და პოეტმა პეტი სმიტმა ორგანიზაცია „Circa”-სთან თანამშრომლობის შედეგად არტ-ინსტალაცია შექმნა. ყოველ საღამოს, ლონდონის დროით 20:21 საათზე, პიკადილიის ცირკის გარე ეკრანსა და Circa-ს საიტზე პოეზიის მოყვარულებს სმიტის ლექსების მოსმენა შეეძლებათ, რომლებიც პოეტმა საკუთარ სახლში ჩაწერა.

სმიტმა 3 იანვრის გამოსვლა ცნობილი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის, მეთვრამეტე დაბადების დღეს მიუძღვნა. ლექსი “The Cup” გარემოს დაცვასა და ადამიანების ბუნებისადმი მომხმარებლურ მოპყრობას შეეხება.

74 წლის პეტი სმიტს თერთმეტი სტუდიური ალბომი და ოცდაათამდე პოეტური კრებული აქვს გამოცემული.