გლადიატორთა არენას მექანიკური იატაკი ექნება

იტალიის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის მინისტრმა, დარიო ფრანჩესჩინმა, გამოაცხადა მოწვევა-ტენდერი  კოლიზეუმის არენის იმ დიზაინით რეკონსტრუქციისთვის, რომლითაც ის ცნობილი იყო მე -19 საუკუნის ილუსტრაციებში.

Photo Mathew Schwartz

კოლიზეუმის არენის რეკონსტრუქციის იდეა ჯერ კიდევ 2014 წელს არქეოლოგმა დანიელე მანაკორდამ დააყენა დღის წესრიგში. თუმცა ამ შემოთავაზებამ იმ პერიოდში აზრთა სხვადასხვაობა და უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, სურვილს,  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლმა დაიბრუნოს ის სახე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში გააჩნდა, მხარი დაუჭირა კულტურული მემკვიდრეობის მინისტრმა დარიო ფრანჩესჩინმა. მან 2015 წელს წარადგინა სტრატეგიული გეგმის ძირითადი ნაწილი და გამოთქვა მზაობა პროექტის 18.5 მილიონი ევროთი დაფინანსებისთვის. მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება.

რეკონსტრუქცია ითვალისწინებს კულტურული ძეგლის უახლესი ტექნოლოგიებით აღდგენას, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, სრულად გაიგოს და აღიქვას ძველი რომის ეს დიდებული ნაგებობა, როგორც ხელოვნების მსოფლიო ნიმუში. თანამედროვე ტექნოლოგიური და ინტეგრირებული მეთოდების წყალობით ვიზიტორებს შეეძლებათ, სრულად დაათვალიერონ ნაგებობის თითოეული ნაწილი. ახალი არენის მოწყობის გეგმაში უნდა იყოს შემუშავებული მექანიზირებული მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება არენის იატაკის დღეში რამდენჯერმე გახსნა. ეს დეტალი საშუალებას მისცემს სტუმრებს, გააცნობიერონ და შეიგრძნონ კოლიზეუმის პირვანდელი ენერგია; დაინახონ ისეთი, როგორიც იყო საუკუნეების წინ. არენის იატაკის ავტომატური გახსნა-დახურვა ასევე დაეხმარება კოლოსალური კოლიზეუმის მიწისქვეშა ნაწილებს, რომ უფრო ადვილად შეინარჩუნონ ბუნებრივი იერსახე.

„კოლიზეუმის არენის რეკონსტრუქცია არის მსოფლიო მასშტაბის იდეა“, – ამბობს მინისტრი ფრანჩესკინი. „ეს იქნება შესანიშნავი ტექნოლოგიური ჩარევა, რომელიც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, დაათვალიერონ მიწისქვეშა ნაწილები არა მხოლოდ მიწისქვეშ, როგორც დღეს შეუძლიათ, არამედ შეეძლებათ თავიანთი თვალებით იხილონ კოლიზეუმის სილამაზე არენის ცენტრიდან, ზემოდან გადახედონ ამ საოცარ სანახაობას“  – ამბობს ფრანჩესკინი.

შეიძლება ითქვას, რომ ახალი არენა ერთმანეთთან დააკავშირებს მიწისქვეშა ნაწილებისა და მიწისზედა იარუსებს, რითაც  შექმნის კოლიზეუმის ერთ დიდ სურათს.