10 საინტერესო ფილმი, რომელსაც 2021 წელს უნდა ველოდოთ

2021 წელი კინომოყვარულთათვის მნიშვნელოვანი წელია, მაყურებელი მრავალფეროვანი ჟანრების სხვადასხვა ფილმს ელოდება, მითუმეტეს, რომ COVID-19-ის გამო გადადებული პრემიერების ნაწილიც სწორედ ამ წელს უნდა შედგეს.

No Time To Die

ჯეიმს ბონდის სერიიდან კიდევ ერთი ფილმის პრემიერა 2020 წელს უნდა შემდგარიყო, თუმცა პანდემიის გამო პრემიერა 2021 წლამდე გადაიდო. ეს ფილმი ჯეიმს ბონდის სერიაში რიგით 25-ე იქნება. ფილმის რეჟისორი ჯოჯო ფუკუმაგაა, ისეთი ცნობილი სერიალის შემქმნელი, როგორიცაა „ნამდვილი დეტექტივი“. ბოროტმოქმედების როლს ოსკაროსანი მსახიობები, რამი მალეკი და კრისტოფერ ვალცი ასრულებენ. ჯეიმს ბონდის როლში კვლავ დენიელ კრეიგი გვევლინება.

ფილმის პრემიერა 2 აპრილსაა დაგეგმილი.

A Quite Place Part II

ამ სიქველის პრემიერაც პანდემიის გამო გადაიდო. სცენარი და რეჟისურა ჯონ კრასინსკის ეკუთვნის. ფილმის ამ ნაწილში სცენარი ისევ აბოტების ოჯახის ირგვლივ ვითარდება. სიუჟეტი აპოკალიფსურ სამყაროში  ვითარდება, სადაც უცხოპლანეტელი მონსტრები ხმის სენსორების საშუალებით იგებენ ადამიანთა ადგილმდებარეობას და თავს ესხმიან მათ. ფილმის პირველი ნაწილი 2018 წელს გამოვიდა და დიდ წარმატებას მიაღწია მსოფლიოს მასშტაბით.

ფილმის პრემიერა 22 აპრილსაა ჩანიშნული.

The French Dispatch

უეს ანდერსონის უახლესი კომედიის პრემიერაც 2020 წლის კანის კინოფესტივალისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ პრემიერის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ფილმის პოსტერიდან და ტრეილერიდან ჩანს, რომ ანდერსონი მის უნიკალურ სტილს არ ღალატობს, მოცემული ფილმი ვინტაჟურ სტილშია გადაწყვეტილი და ამავე რეჟისორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმს „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტს“ მოგაგონებთ. ფილმი საინტერესოა სამსახიობო შემადგენლობის თვალსაზრისითაც, ისეთ მსახიობებთან ერთად, რომლებიც ანდერსონის უამრავ ფილმში ჩანან, არიან ისეთი მსახიობებიც, ვინც რეჟისორთან პირველად თანამშრომლობენ, მაგალითად ტიმოთი შალამი. ფილმი სამ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს, როგორც თავად ანდერსონმა აღნიშნა, ფილმი ეხება ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც საფრანგეთში გაზეთს დაარსებს, ფილმი კი თავად ამ პერსონაჟის პორტრეტს წარმოადგენს.

პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

Dune

დევიდ ლინჩისეული არც ისე წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ, დიუნის ეკრანიზაციას დენის ვილნევი შეეჭიდა. დიუნი ფრენკ ჰერბერტის ეპიკური ნაწარმოებია, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნს წარმოადგენს. დენის ვინლევის გადაღებულ სხვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს თუ გავიხსენებთ, მოცემული ეკრანიზაცია წარმატებული უნდა იყოს. ფილმის ქასთიც საკმაოდ შთამბეჭდავია, ფილმში მონაწილეობენ ზენდაია, ხავიერ ბარდენი, ტიმოთი შალამი და სხვა.  ეს პროექტი სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის საკმაოდ საინტერესო და იმედისმომცემია.

ფილმის პრემიერა პირველ დეკემბერსაა დაგეგმილი.

Black Widow

მარველის ეს ნამუშევარი მოგვითხრობს ნატაშა რომანოვაზე. ფილმში ყურადღება გამახვილებული იქნება პერსონაჟის ადრეულ ცხოვრებასა და წარმომავლობაზე.  მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი შეასრულებს, რომელმაც მარველის შურისმაძიებელთა სერიიდან უკვე შეაყვარა მაყურებლებს თავი. მარველის სხვა ფილმებიდან მაყურებელს შავი ქვრივის პერსონაჟი და მისი უნარი კარგად ახსოვს, თუმცა ეს ფილმი მოგვითხრობს ნატაშას ისტორიას, მანამ სანამ ის შურისმაძიებელი გახდებოდა.

პრემიერა 7 მაისსაა დაგეგმილი.

Top Gun: Maverick

სიქველის პირველი ნაწილის პრემიერა 1986 წელს შედგა. სიქველში მთავარ როლს კვლავ ტომ კრუზი ასრულებს. კრუზის პერსონაჟი, მევერიკი არის აშშ-ს საზღვაო  პილოტი, კაპიტნის წოდებით. მევერიკი ფილმში ახალ გუნდ წვრთნის, თუმცა მას ახალ თავგადასავალთან ერთად წარსულის შიშებისთვისაც მოუწევს თვალის გასწორება, ფილმის კულმინაციას კი წარმოადგენს მისია, რომელიც მისგან დიდ მსხვერპლშეწირვას მოითხოვს.

პრემიერა 2 ივლისს შედგება.

Last Night In Soho

ედგარ რაითის უახლესი ფილმი მისი სხვა ფილმების სპეციფიკისგან განსხვავებულია. ფილმი ფსიქოლოგიურ დრამას წარმოადგენს, რომელშიც მოდის დიზაინით გატაცებული პერსონაჟი მისტიურად, დროში გადანაცვლების შედეგად 1960-იანი წლების ლონდონში აღმოჩნდება. პერსონაჟი ლონდონში მუსიკის შემსრულებელს შეხვდება, ვის როლსაც ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, „დედოფლის გამბიტიდან“. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა, რაზეც სხვადასხვა საეჭვო დამთხვევაც მიანიშნებს.

პრემიერა 23 ივლისსაა ჩანიშნული.

The Matrix 4

ლანა ვაჩოვსკის უახლესი ფილმი მატრიცის ფრანჩიზის მეოთხე ნაწილს წარმოადგენს. ფილმში მთავარ როლს კვლავ კიანუ რივზი შეასრულებს. წინა სამ ფილმზე დები ვაჩოვსკები ერთად მუშაობდნენ, როგორც სხვა მათ ბევრ პროექტზე, თუმცა მოცემულ ფილმში ლილი ვაჩოვსკი, როგორც რეჟისორი ან სცენარის თანაავტორი არ გვევლინება. რაც შეეხება სიუჟეტს, ლანა ვაჩოვსკი მატრიცის მეოთხე ნაწილის სიუჟეტს ჯერ კიდევ არ ამხელს. ამიტომაც მაყურებლებისათვის ერთადერთი საშუალება თეორიების მოფიქრებაა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, შესაძლოა მეოთხე ნაწილში გამოვლინდეს, რომ ყველა პერსონაჟი კლონს წარმოადგენს.

პრემიერა 22 დეკემბერს შედგება.

The Last Duel

რიდლი სკოტის ახალი ფილმის სიუჟეტი ისტორიულ მოვლენას ეფუძნება. ფილმის მოქმედება მე-14 საუკუნის საფრანგეთში ვითარდება და შურისძიების ისტორიაზე მოგვითხრობს. ისტორია ეხება უკანასკნელ კანონიერ დუელს. დუელისტების როლს კი ადამ დრაივერი და მეთ დეიმონი ასრულებენ. ფილმში ასევე მონაწილეობს ბენ აფლეკი, რომელიც სცენარის წერაშიც იღებდა მონაწილეობას. ისტორია ეხება საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც იძულებულნი არიან დუელი მოაწყონ, რათა საკუთარი ღირსება დაიცვან.

ფილმის პრემიერა 14 ოქტომბერს შედგება.

West Side Story

მოცემული ფილმი ბროდვეის კლასიკური მიუზიკლის ადაპტაციაა, ფილმის რეჟისორი კი სტივენ სპილბერგია. მოცემული პროექტი სპილბერგისათვის მიუზიკლის პირველი ადაპტაციაა. რომანტიკული მიუზიკლის სიუჟეტი შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ ეფუძნება. თინეიჯერები ტონი და მარია ერთმანეთის მოწინააღმდეგე ქუჩის ბანდებში არიან, თუმცა ამის მიუხედავად ერთმანეთი უყვარდებათ, მოქმედება 1950-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება.

ფილმის პრემიერა 9 დეკემბერსაა ჩანიშნული.