რომელი დიზაინერის სამოსს მიანიჭებს უპირატესობას კამალა ჰარისი ინაუგურაციისთვის?

Photo Credits to GETTY IMAGES

ამერიკის შეერთებული შტატები ინაუგურაციისთვის ემზადება, ქვეყნის ისტორიაში პირველად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ქალია. 20 იანვარს მთელი მსოფლიო დაინტერესდება ამ მოვლენის დეტალებით, განსაკუთრებით იმით, თუ რას ჩაიცვამს ჰარისი. კამალას უკვე ეცვა არაერთი ცნობილი ბრენდის სამოსი, მათ შორის კაროლინა ჰერერა, ვალენტინო, მაქს მარა და მრავალი სხვა, თუმცა ინაუგურაციის დღისთვის შერჩეული სამოსი ბევრად დიდ ინტერესს იწვევს.  

წარმოგიდგენთ 11 დიზაინერს, რომლებსაც შესაძლოა, ერგოთ პატივი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის სამოსზე იზრუნონ.

CHRISTOPHER JOHN ROGERS
Christopher John Rogers COURTESY

როჯერსი ახალგაზრდა აფროამერიკელი არტისტია, რომელმაც CFDA საპატიო ჯილდო მოიპოვა. ის მიშელ ობამას ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერია. კრისტოფერი იმით გამოირჩევა, რომ ფერებს ძალიან ელეგანტურად იყენებს. თუ ჰარისი მის სამოსზე შეაჩერებს არჩევანს, ეს როჯერსის კარიერისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

ALTUZARRA
Altuzarra COURTESY

კამალა ჰარისმა უკვე დაუჭირა მხარი ნიუ-იორკელ დიზაინერს და მისი სამოსი მოირგო. ჯოსეფის სამოსი ნამდვილად შესაფერისი იქნება ინაუგურაციისთვის, რადგან მისი ტანსაცმელი ოფიციალურ და ფორმალურ სტილშია. დიზაინერი ცნობილია იმით, რომ მიშელ ობამას და მეგან მარკლის სამოსზე ზრუნავს.

PYER MOSS
Pyer Moss COURTESY

პიერ მოსის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი, კერბი ჯინ-რეიმონდი, იმით არის ცნობილი, რომ სამოსით არაერთ პოლიტიკურ მესიჯს ავრცელებს, ასევე დიდ მხარდაჭერას უცხადებს აფროამერიკულ კულტურას. მისი უნიკალური მიდგომა და სტილი მას ერთ-ერთ ძლიერ კანდიდატად აქცევს დიზაინერებს შორის.

PRABAL GURUNG
Prabal Gurung COURTESY

ნეპალელ დიზაინერს საერთო აქვს ვიცე-პრეზიდენტთან, წარმოშობით ორივე სამხრეთ აზიიდანაა და მედია ფიქრობს, რომ შეიძლება, კამალა ჰარისმა სწორედ ის აირჩიოს. გურუნგი არაერთ ფერს იყენებს სამოსის შექმნისას.  არტისტი დეტალებს დიდ ყურადღებას ანიჭებს და ამის გამო მისი კოლექციები, როგორც ქალური, ასევე პრაგმატულია, რაც ნამდვილად შესაფერისია ასეთი დღისთვის.

CARLY CUSHNIE
Cushnie COURTESY

კორონავირუსის პანდემიის გამო კარლი კუშნიმ განაცხადა, რომ მისი სახელობის ბრენდმა ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუძლო და აპირებს, რომ კომპანია დახუროს, თუმცა მაინც არის შანსი, რომ სწორედ მან იზრუნოს ვიცე-პრეზიდენტის სამოსზე. მათ საერთო იამაიკური წარმომავლობა აქვთ. ამასთანავე, კარლი მინიმალისტური სილუეტებით გამოირჩევა და ძირითადად თეთრი და შავი ფერის სამოსს ქმნის.

RALPH LAUREN
Ralph Lauren COURTESY

ბრონქსში დაბადებულ დიზაინერს კარიერის გამო ხშირად „ამერიკული ოცნების“ მაგალითადაც მოიხსენიებენ. ამ სიმბოლურობის გამო რალფიც კარგი ვარიანტი იქნებოდა ჰარისისათვის. სამოსს რაც შეეხება, ის ძირითადად კლასიკური სტილის ტანსაცმელს ქმნის. მისი ხელწერა იმდენად გამორჩეულია, ყველა ხვდება, თუ ვინ შექმნა სამოსი. დიზაინერი ზრუნავდა ისეთი ქალების ჩაცმულობაზე, როგორებიცაა მელანია ტრამპი და ჰილარი კლინტონი.

CAROLINA HERRERA
Carolina Herrera COURTESY

კამალა ჰარისს არჩევნების დღეს სწორედ ვეს გორდონის სამოსი ეცვა, შესაბამისად გასაკვირი არ იქნება, თუ ვიცე-პრეზიდენტი კვლავ ამ ბრენდზე შეაჩერებს არჩევანს. ამერიკული ბრენდი ელეგანტურობასა და სიმბოლურობასთან ასოცირდება.

PETER DO
Peter Do COURTESY

მიუხედავად იმისა, რომ პიტერ დუმ კოლექციების შექმნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მის ტალანტში ეჭვი არავის ეპარება. არ არის გამორიცხული, რომ კამალა ჰარისმა გადაწყვიტოს ამ პატარა ბიზნესს დაეხმაროს და პიტერის სამოსი მოირგოს. დუს კარიერისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

GABRIELA HEARST
Gabriela Hearst COURTESY

გაბრიელა ჰერსტმა ბრენდი რამდენიმე წლის წინ ჩამოაყალიბა. მიუხედავად ამისა, დიზაინერმა მოახერხა და თავი დაიმკვიდრა მოდის სამყაროში. სამოსი მდგრადი განვითარებისთვის ისეთი მებრძოლი ადამიანისთვის, როგორიც კამალა ჰარისია, ნამდვილად შესაფერისია. აღსანიშნავია, რომ გაბრიელა ახლახან დაინიშნა ბრენდის, Chloé, კრეატიულ დირექტორად.

FEAR OF GOD
Fear of God COURTESY

11 დიზაინერს შორის ერთ-ერთი ლოს ანჯელესელი დიზაინერი, ჯერი ლორენსო, იმით გამოირჩევა, რომ კოსტუმების არაერთ სახეობას ქმნის. კლასიკური სტილისა და ფორმალურობის გამო კამალა ჰარისისთვის ბრენდი „Fear of God” მშვენიერი არჩევანი იქნება.

BRANDON MAXWELL
Brandon Maxwell COURTESY

სიის ბოლოს მყოფი ბრენდონ მაქსველი სელებრითებისთვის საყვარელი დიზაინერია. მისი სამოსი ყოველთვის სწორ მესიჯს ატარებს. ტექსასელი არტისტი არ ღალატობს ამერიკულ სტილს და მის სამოსზე ქვეყნის გავლენა მუდმივად ჩანს. ბრენდონი უამრავ ფერს იყენებს კოლექციების შესაქმნელად, თუმცა ამ ყოველივეს ელეგანტურად აკეთებს. დიზაინერს ისეთი ადამიანებისთვის შეუქმნია სამოსი, როგორებიცაა მიშელ ობამა, ჯენიფერ ლოურენსი, ლეიდი გაგა და უამრავი სხვა.